მშვილდოსნობა. თურქეთის ტურნირი: ქალების მორიგი ჯილდო

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა ანტალიაში დასრულებულ გახრამან ბაგატირის VIII საერთაშორისო ტურნირში, სადაც გუნდურ ჩათვლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მოგეხსენებათ, რომ თურქეთში საქართველოდან ორი ჯგუფი გაემგზავრა - ნაწილი მშვილდოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ დააფინანსა, ნაწილი - აჭარის მხარემ, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებმა. ვაჟებში 6 მონაწილე გვყავდა, ქალებში - 7.

ქალებში საკვალიფიკაციო ეტაპი ყველაზე უკეთ მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ხათუნა ნარიმანიძემ ჩაატარა - 565 ქულა დააგროვა და მეოთხეზე გავიდა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ 638 ქულა მოინადავლა, რაც მე-20 შედეგი აღმოჩნდა, ჩვენს გუნდში
მესამე მაჩვენებელი კი იულია ლობჟანიძემ აჩვენა 617-ით, რითაც 43-ე ადგილზე დამკვიდრდა.

ქალთა ნაკრების ჩათვლაშიც ამ სამი მსროლელის შედეგი შევიდა, თუმცა აქვე სხვა ჩვენებურთა გამოსვლასაც გაგაცნობთ: 600-იან მიჯნას ნარიმანიძის შვილმა ციკო ფუტკარაძემაც გადააბიჯა და 603-ით 49-ე აღმოჩნდა. ანა დუმბაძე 591-ით 56-ეა, ნანა მახარაძე 585-ით მე-60 პოზიციაზე დამკვიდრდა, ანა ცხომელიძე კი 553-ით - 78-ზე.

ჩვენი მოწინავე სამეულის ჯამური შედეგი 1911 ქულა აღმოჩნდა, რითაც მე-6 პოზიციაზე გავიდნენ. პლეი ოფის პირველ წრეში მათ მეზობელი აზერბაიჯანი დაამარცხეს იოლად - 5:1, მეოთხედფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში ნატო ნასარიძის გაწვრთნილ თურქებს გადასროლაში მოუგეს 4:4-ის შემდეგ. ნახევარფინალშიც ბევრად იოლად გაიმარჯვეს გერმანიასთან - 5:1, ფინალი კი 2:6 დათმეს მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის ვიცე-ჩემპიონ ინდოელებთან.

ინდოელებს ალღომ არ უმტყუნათ, როცა ჯერ კიდევ შარშან ჩვენი გუნდი ანტალიაში ამ ტურნირის შემდეგ გასამართავ ერთობლივ შეკრებაზე მიიწვიეს. თუმცა ჩვენთვის უფრო სასიხარულო თავად ნაკრების სტაბილურობაა - ეს ხომ ის სამეულია, რომელმაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა და დიდი ალბათობით, თამაშებზეც ეს ტრიო გამოვა ბრაზილიაში. ისინი გუნდურში თითქმის ყველა ტურნირში აღწევენ წარმატებას, რაც საოლიმპიადოდ კარგი ნიშანია.

პლეი ოფში შვიდივე ჩვენებური გავიდა, თუმცა ნარიმანიძე კიდევ შვიდ მსროლელთან ერთად ორი წრის განმავლობაში თავისუფალი იყო. ქართველთა უმეტესობამ წარმატებით გადალახა პირველი ბარიერი, უწინარესად კი, ოლიმპიური გუნდის წევრებმა: ესებუამ გერმანელ პეტრა ჰაიმბეკს შანსი არ დაუტოვა და 7:1 მოუგო, როგორც ლობჟანიძემ, ვინც იმავე ანგარიშით თურქი ქიგდემ ეგემენი დაამარცხა. მოიგეს ახალგაზრდებმაც: ფუტკარაძემ მასპინძელი ჰილან ალანი 6:2 გააგდო, დუმბაძემ კი ასევე თურქ სელენ ოზქაიას 6:4 აჯობა. წააგეს მახარაძემ და ცხომელიძემ, შესაბამისად, გერმანელ ევა მაიერსთან და ბრიტანელ ბეკი მარტინთან. თუმცა მახარაძემ მაიერსთან გადასროლაში წააგო 9:10, ცხომელიძე კი ძირითად სერიებშივე 2:6 დამარცხდა.

ოლიმპიური გუნდის წევრებმა 24-ედფინალური ეტაპიც წარმატებით გაიარეს. ეტყობა, ლობჟანიძეს ძლიერებთან შეხვედრა სტიმულს მატებს და პირად-გუნდურში იტალიელთა მსოფლიოს 2-2-გზის ჩემპიონ ნატალია ვალეევას ძლევისა არ იყოს, ამჯერად დანიელ ევროპის ჩემპიონ მაია ჯაგერს მოუგო 5:5-ზე.

საინტერესოა, რომ დამატებითი ისარი ორივემ 9-იანში მოარტყა, თუმცა ცენტრთან უფრო ახლოს ჩვენებურისა იყო და შემდეგ წრეშიც ლობჟანიძე გავიდა. ესებუამ ისევ დამაჯერებლად, 7:1 იმარჯვა, ამჯერად თურქ ჰულია იოზკალთან.

მოიგო ფუტკარაძემაც ჰოლანდიელ სარა კვაკთან, თუმცა საამისოდ მასაც დამატებითი გასროლა დასჭირდა: ძირითადი დრო 5:5 დასრულდა, დამატებითში კი ჩვენებურმა 8:7 იმარჯვა. ამ წრეში ქართველთაგან მხოლოდ დუმბაძე დამარცხდა - ინდოელ ლაქშმინა მაჯისთან ვერაფერს გახდა და 0:6 წააგო. მომდევნო ეტაპზე ლობჟანიძე და ფუტკარაძეც გამოვარდნენ, ნარიმანიძე და ესებუა კი მერვედფინალში გავიდნენ, თუმცა წინსვლა მეტი ვეღარ გააგრძელეს: ნარიმანიძემ აზერბაიჯანელთა ნატურალიზებულ უკრაინელ ოლგა სენიუკთან 4:6 წააგო, ესებუამ მასპინძელ ეცემ ანაგოზთან - 0:6. ანაგოზი სულაც ჩემპიონი გახდა - ფინალში 6:0 მოუგო ბრიტანელ ბრონი პიტმანს, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ინდოელმა დეეპიკა კუმარმა ინდოელი სოფიე პლანე 6:4 დაამარცხა.

ჩვენი ვაჟებიდან საკვალიფიკაციო ეტაპი ყველაზე უკეთ ჯაბა მოსეშვილმა ჩაატარა - 635 ქულით 39-ე ადგილზე გავიდა. მას კვალში ჩაუდგა 632-იანი ზურაბ მესტვირიშვილი - 43-ე ადგილი. ლაშა ფხაკაძე 627-ით 56-ზე გავიდა, ვლადიმერ დოლიძე 611-ით - 76-ზე, ანრი ბასილაძე 596-ით - 91-ზე, ტარიელ ქადიძე 586-ით - 107-ზე, ნიკა თავდგირიძე 571-ით - 123-ზე, მამუკა შუშაძემ კი 554 ქულა დააგროვა და 147-ე ადგილზე დამკვიდრდა.

ამათგან პლეი ოფში მოსეშვილი, მესტვირიშვილი, ფხაკაძე, დოლიძე და ბასილაძე გავიდნენ, პირველი წრე კი მხოლოდ ორმა გადალახა: მოსეშვილმა ანტალიის კლუბის წევრ იაჰია დოგან იურემს 6:2 მოუგო, მესტვირიშვილმა კი სხვა თურქი, მარმარისის კლუბის წევრი კუბილაი დაგიტმაცი გამოაგდო - 7:1. სამწუხაროდ, ფხაკაძე პოლონელ მაციეჟ ფალდზინსკისთან 0:6 დამარცხდა, ხოლო ბასილაძემ იმავე ანგარიშით ინდოელ ბინოდ სვანსისთან წააგო.

დამარცხდა დოლიძეც, თუმცა მეტად დაძაბულ ბრძოლაში და დამატებითში: ძირითადი დრო თურქ ოზან ალპ შეჰიტთან 5:5 დასრულდა, დამატებითი ისარი კი უფრო ზუსტად მასპინძელმა ისროლა, რომელმაც 10-იანში გაარტყა, ჩვენებურმა კი - 9-იანში.

მომდევნო წრეში ჩვენი დარჩენილი მსროლელებიც გამოვარდნენ: მოსეშვილს პოლონელმა პაველ მარზეცმა 6:4 აჯობა, მესტვირიშვილს კი ისევ ზემოხსენებულმა ინდოელმა სვანსმა მოუგო: 6:0. ვაჟთა შორის ჩემპიონი თურქი მატე გაზოზი გახდა - ფინალში გერმანელი მაქს ვეკმიულერი 6:2 დაამარცხა. ბრინჯაოს ინდოელი რაჰულ ბანერჯე დაეუფლა, ვინც გადამწყვეტ შეხვედრაში ძლიერი ჰოლანდიელი რიკ ვან დენ ვენი 6:4 დაჯაბნა.

გუნდური პირველობის პლეი ოფში ჩვენი ვაჟთა ნაკრებიც ჩაება 1894 ქულით და მერვე ადგილით. პირველ მეტოქედ მათაც აზერბაიჯანი ერგოთ და 5:3 მოიგეს, მერე კი ესენიც ინდოელებთან დამარცხდნენ, 1:5. საინტერესოა, რომ ვაჟთა გუნდურიც ინდოეთმა მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული