სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალს ვერ უწია

AutoSharing Option
საქართველოს ოთხი წარმომადგენელი მონაწილეობდა რუსეთის დედაქალაქში დამთავრებულ მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირში ("მოსკოვის ხმლები").

სხვებზე უკეთ სანდრო ბაზაძე გამოვიდა. ჯგუფში მიღწეული წარმატების შემდეგ მან ფლეი ოფებში ასპარეზობის უფლება მიიღო, სადაც დაუბრკოლებლად განვლო ორი წრე - ჯერ ჩინელ ჰი ვიეს აჯობა 15:9, შემდეგ უკრაინელ დმიტრო პუნდიკს დააყრევინა ფარ-ხმალი - 15:13; აი, მეოთხედფინალში გასასვლელი ორთაბრძოლა კი რუმინელ რარეს დუმიტრესკუსთან დათმო 7:15 და 165 მოხმალავეს შორის საბოლოოდ მე-14 ადგილს დასჯერდა.

დანარჩენი ქართველი სპორტსმენები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ: 87. კახაბერ მაღრაძე, 98. მიხეილ მარდალეიშვილი, 124. ბექა ბაზაძე.

მთავარი პრიზი ნიკოლაი კოვალიოვმა (რუსეთი) მოიპოვა, რომელმაც ფინალში ჯულიან პილეტი (საფრანგეთი) დაამარცხა - 15:8. მესამე ადგილებზე ადამ სკროდსკი (პოლონეთი) და ნიკოლას ლოპესი (საფრანგეთი) გავიდნენ.

გუნდურ შეჯიბრებაში პირველობისთვის 22 ნაკრები იბრძოდა. ჩვენმა ბიჭებმა სტარტზევე იტალიელებთან წააგეს 29:45. დამამშვიდებელ ჯგუფში კი
45:43 სძლიეს კორეელებს, რომლებიც მხოლოდ ქულით დამარცხდნენ (44:45) მომავალ ჩემპიონ ჩინელებთან. მომდევნო ორი შეხვედრა ქართველებმა კანადელებთან (27:45) და უნგრელებთან (39:45) დათმეს და მე-12 ადგილი დაიკავეს.

ტურნირის გამარჯვებულებმა გადამწყვეტ პაექრობაში მასპინძლებს აჯობეს 45:44, ხოლო ბრინჯაოსთვის პაექრობაში ამერიკელებმა ბელარუსები დაჯაბნეს - 45:41.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული