ჭაბუკი და ახალგაზრდა მოფარიკავეები ევროპაზ

AutoSharing Option
კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა ხორვატიაში ჭაბუკ და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობა. საქართველოდან შეჯიბრებაში 5 მუშკეტერი ჩაება - სამი ხმალსა და ორი რაპირაში.

ახალგაზრდებს შორის მოხმალავე სანდრო ბაზაძემ ჯგუფში ხუთი შეხვედრა მოიგო, პლეიოფებში იტალიელ პურფრანჩესკო ალბანზესაც აჯობა 15:11, რვა საუკეთესოში შესასვლელი პაექრობა კი ბელარუს სიარჰეი შაჩანინთან დათმო - 8:15. არადა, სლავი მეტოქე მანამდე ჯგუფში დაჯაბნა.
საბოლოოდ მე-9 ადგილზე გავიდა.

ასევე, ხმალში ცდიდნენ ძალებს საბა სულამანიძე და კადეტებში შარშანდელი მსოფლიოს პირველობის მე-3 პრიზიორი მიხეილ მარდალეიშვილი.

პლეიოფებში მათი წინსვლა რუსმა არტურ ოკუნევმა (15:8) და
იტალიელმა ალესანდრო რიკარდიმ (15:10) შეაჩერეს. ჩვენებურებს, შესაბამისად, 39-ე და 45-ე ადგილები ერგოთ, საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ანდრას სატმარი (უნგრეთი), 2. ემანუელ განსი (საფრანგეთი), 3. სტეფანო სკეფი (იტალია) და ალექსანდრ ტრუშაკოვი (რუსეთი).

საბა სულმანიძემ უკეთ იასპარეზა კადეტებში, თუმცა 22-ე ადგილს ვერ გასცდა - ფრანგ კლემენტ კამბეილთან დამარცხდა - 10:15. ჩემპიონობა აქ იტალიელ ლასარო რინალდის ხვდა.

კადეტებში ცდიდნენ ძალებს ლუკა ღაღანიძე და თეონა გოგლიძეც (ორივე - რაპირა). 83 მონაწილეს შორის მე-17 ადგილზე გავიდა ლუკა ღაღანიძე.

ჯგუფში მან 5 შეხვედრა მოიგო და ერთადერთი პაექრობა დათმო ფრანგ ერვან ლუქლინთან, რომელიც საბოლოოდ მე-2 ადგილზე გავიდა (ფინალში იტალიელ ფრანჩესკოსთან წააგო).

ლუკამ მეთექვსმეტედფინალში ბელარუს დმიტრი პუშკარევიჩს აჯობა 15:12, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში რუს ალექსანდრ პივოვაროვს ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა - 7:15.

რაც შეეხება გოგლიძეს, იგი 42-ე ადგილს დაყაბულდა. ოქროს მედალი იტალიელი ერიკა კიპრერას მძლეველმა რუსმა ქრისტინა სამსონოვამ დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული