ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრად აირჩიეს

AutoSharing Option
ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ძალოსნობის საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტის წევრად აირჩიეს. ეს ამბავი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის - IWF-ის საარჩევნო კონგრესზე მოხდა, სადაც ქართველ ექიმს დელეგატთა დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი - 77 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კახაბრიშვილი უკვე არის ევროპის სამედიცინო კომიტეტის წევრი. თავად კახაბრიშვილის თქმით, ამ არჩევაში დიდი როლი შეასრულა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა და მისმა ავტორიტეტმა. აგრეთვე - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ყიფშიძემ, ვინც ფედერაციაში საგარეო ურთიერთობებს კურირებს. კახაბრიშვილი მათთან ერთად ამ ყველაფრისთვის საკუთარი
გუნდის ექიმებსაც ემადლიერება.

მსგავსი კონგრესები ყოველთვის ბევრ საინტერესო დეტალს მოიცავს, თუმცა ამჯერად კონგრესზე, ზოგადი საკითხების გარდა, კონკრეტულად ჩვენთვის საინტერესო მოვლენებიც ვითარდებოდა. საქმე ისაა, რომ აღმასკომის წევრად კენჭს თავად კახიაშვილიც იყრიდა, თუმცა საბოლოოდ, საერთაშორისო ფედერაციის ელიტასთან შეთანხმებით, კანდიდატურა მოხსნა, მაგრამ ამით აღმასკომში მისი შესვლის საკითხი მხოლოდ დროებით გადაიდო - ორი კვირის შემდეგ, ტოკიოში გასამართავ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე. ეს საკითხი საბოლოოდ სწორედ იქ გაირკვევა.

კენჭს იყრიდა ყიფშიძეც, უკვე - მეორედ, და წინა არჩევნებთან შედარებით, ამჯერად მეტი ხმაც მიიღო, თუმცა სასურველ კომიტეტში მაინც ვერ შევიდა.

კახიაშვილმა კანდიდატურა კი მოხსნა, თუმცა საარჩევნო კულუარულ ბატალიებში მაინც აქტიურად იყო ჩართული. ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ღიად უჭერდა მხარს ჩვენი ფედერაციის გენერალურ სპონსორ rompetrol-ის ხელმძღვანელ ჟანატ ტუსუმბეკოვს. კახიაშვილის ავტორიტეტმა და მისმა პირადმა კონტაქტებმა აქაც გაჭრა - ტუსუმბეკოვი საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

დიდი ბრძოლა გაიმართა IWF-ის პრეზიდენტის პოსტისთვისაც, სადაც თავდაპირველად 7 კანდიდატი ჩაება, მაგრამ ძირითადი ბრძოლა ორ მათგანს შორის გაიმართა. საბოლოოდ მოქმედმა პრეზიდენტმა ტამაშ აიანიმ დამაჯერებლად აჯობა ევროპული ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო ურსოს: აიანიმ 86 ხმა მიიღო, მის კონკურენტს კი 61-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. ამდენად, აიანი, ვინც 2000 წლიდან ხელმძღვანელობს IWF-ს, კიდევ 4 წლით დარჩება სათავეში.

კონგრესზე ჩვენმა დელეგაციამ სხვა მხრივაც მიაღწია ხელშესახებ წარმატებებს: ყიფშიძემ საქმიანი მოლაპარაკებები გამართა სხვადასხვა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ბევრი მათგანი დაითანხმა საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი შეკრების გამართვაზე. ცხადია, სტუმრების გარდა, ასეთი ფაქტი მასპინძლებსაც დიდად წაადგებათ და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ძალოსნობის კიდევ უფრო მეტ პოპულარობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული