ქრისტინა ფინალში იასპარეზებს

AutoSharing Option
ბელგრადში გრძელდება იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი სინქრონულ ცურვაში. გუშინ სპორტსმენები ფიგურებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. 148 მონაწილეს შორის ქრისტინე ბოჭორიშვილმა, რომელიც სოლოში მეათე იყო, 68.9977 ქულით 74-ე ადგილი დაიკავა. ორგანიზატორებმა შედეგების შესაჯამებლად მხოლოდ სოლისტების ქულები აიღეს. ამ მონაცემებით (145.6677 ქულა) ქართველ სპორტსმენს მე-11 ადგილი ხვდა და კვირას ფინალში იასპარეზებს.

"ასეთ ტურნირში ქრისტინე პირველად მონაწილეობს და მსაჯები მას ცუდად იცნობენ,რასაც, სამწუხაროდ, ხშირად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - გვითხრა ბოჭორიშვილის დედამ და მწვრთნელმა ნინო ლომოურმა ,რომელსაც გუშინ სერბეთის დედაქალაქში შევეხმიანეთ. - ფიგურებში ასპარეზობის შემდეგ ჩემთან რამდენიმე
ქვეყნის მწვრთნელი მოვიდა, რომლებმაც გულისტკივილი გამოხატეს იმის გამო, რომ აშკარად დაგვაკლეს ქულები.

ხელი იმანაც შეგვიშალა, რომ პირველობაზე ჩვენი არბიტრი არ გვყავს. ყოველივეს მიუხედავად, ქრისტინა ფინალში თუ კარგად შეასრულებს სოლოს, ათეულში დაიმკვიდრებს ადგილს. დებიუტისთვის კი ეს ურიგო შედეგი არ იქნება, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ცუდი საწვრთნელი პირობები ჰქონდა. სალონიკიში 17 წელიწადი ვიცხოვრე. იქ საწყლოსნო კლუბ "ირაკლისის" წევრებს ვავარჯიშებდი. ჩემმა ერთმა შეგირდმა ათენის ოლიმპიადაზე იასპარეზა, ერთიც ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი გახდა.

ამასწინათ სამუშაოდ ქალაქი და კლუბი გამოვიცვალე. "ირაკლისიდან" ჩემმა წამოსვლამ ქრისტინე დააზარალა - კლუბის ხელმძღვანელობამ აუზში ჩასვლა აუკრძალა და სხვაგან გადასასვლელად სასპორტო პასპორტიც არ მისცა. პროვინციული აუზის ერთ ბილიკზე ვარჯიშობდა, სადაც საშეჯიბრო პროგრამის დამუშავება შეუძლებელი იყო.

პარასკევს და შაბათს კი მიმყავდა ჩემთან, მაგრამ კვირაში ორდღიანი წვრთნა წარმატებისთვის რას გეყოფა. ვეცდებით, პრობლემა დროულად მოვაგვაროთ და შედეგებიც გავაუმჯობესოთ..."

ბელგრადში ასპარეზობის ბოლო დღის წინ 173.1839 ქულით პირველ ადგილზეა რუსი ვლადა ჩიგირიოვა, მეორე-მესამე ადგილებს ევანგელია პლატანიოტი (საბერძნეთი, 164.6173) და კლარა კამაჩო (ესპანეთი, 162.0076) ინაწილებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული