ეს ის სერენა უილიამსი აღარ არის

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა 2014 წლის მარტის შემდეგ, პირველად წააგო მატჩი ჩოგბურთელთან, რომელიც არ იმყოფება რეიტინგის TOP70-ში. გუშინ, "დიდი სლემის" ტურნირების 22-გზის ჩემპიონი ორ საათსა და 13 წუთში დამარცხდა მსოფლიოს 72-ე ჩოგანთან, 26 წლის ამერიკელ მედისონ ბრენგლთან.

აქამდე, სერენას გუშინდელ მეტოქეს მხოლოდ ერთხელ ჰყავდა დამარცხებული კლასიფიკაციის TOP5-ის წარმომადგენელი (პეტრა კვიტოვა), უილიამსთან ერთადერთ შეხვედრაში კი, რომელიც 2015 წელს, მადრიდში გაიმართა, მხოლოდ ერთი გეიმი ჰქონდა აღებული.

მაგრამ, გუშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. სერენამ კ
არგად დაიწყო და 4:1 დაწინაურდა. ფავორიტი არანაირ შანსს არ აძლევდა მეტოქეს მიღებაზე, მაგრამ ყველაფერი სეტის მეორე ნახევარში შეიცვალა. ბრენგლმა მომდევნო ხუთ გეიმში ორი ბრეიკი შეასრულა და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა უილიამსს - 6:4.

მეორე სეტში პირველი ბრეიკი ბრენგლმა შეასრულა, მაგრამ სერენამ იქვე დაიბრუნა მოწოდება. წესით, უილიამსს ტაი-ბრეიკამდე საქმე არ უნდა მიეყვანა, მაგრამ ხუთი სეტბოლი ვერ გამოიყენა და მხოლოდ მე-13 გეიმში, მეექვსე ცდაზე შეძლო პარტიის აღება.

მესამე სეტის პირველი ცხრა გეიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა - ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ბრენგლს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეათე გეიმში კი მედისონმა მიღებაზე სამი მატჩბოლი მიიღო და მესამე ცდაზე კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია - 6:4, 6:7(3), 6:4.

"მხოლოდ უცენზურო სიტყვებით შემიძლია ვილაპარაკო ჩემს თამაშზე. ვერ მივეჩვიე ქარს და 88 უნებლიე შეცდომა დავუშვი. ამდენი შეცდომით გამარჯვებაზე ვერ ითამაშებ", - განაცხადა სერენამ მატჩის შემდეგ.

"როგორ დავამარცხე სერენა უილიამსი? სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ, კონცენტრირებული ვიყავი თითოეულ გათამაშებაზე და ვცდილობდი ყველა ბურთზე გაქცევას. ეს არის ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში", - ეს გუშინდელი ტრიუმფატორის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ