ჯონ მაკინროი: სერენა უილიამსი უფრო ფავორიტია, ვიდრე რაფაელ ნადალი

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის ოთხგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯონ მაკინროიმ გამოაცხადა, რომ არ შეიძლება მომავალ ტურნირზე ესპანელი რაფაელ ნადალის ერთპიროვნულ ფავორიტად გამოცხადება.

შეგახსენებთ, რომ ნადალს ამ სეზონში ჰარდის საფარზე უპრეცედენტო სერია აქვს - ზედიზედ 15 გამარჯვება: მარტში, ინდიან უელსის მასტერსზე გამარჯვებას, ესპანელმა გასულ ორ კვირას ორი ტრიუმფი დაუმატა მონრეალსა და ცინცინატიში, რითაც მსოფლიოს რეიტინგში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

მიუხედავად ამისა, ჯონ მაკინროიმ მეტად ფრთხილი პროგნოზი გააკეთა წლის ბოლო "დიდი სლემის" ტურნირზე.

"მე ვიტყოდი, რომ რაფა ნადალი ფავორიტია, მაგრამ უპირობო არა. ყოველ შემთხვევაში,
იმაზე ცხადად არ მოსჩანს მისი გამარჯვება, როგორც ქალებს შორის სერენა უილიამსის მოსალოდნელი ტრიუმფი.

მაგრამ, ესპანელს წელს ჰარდზე არც ერთი მატჩი არ წაუგია, ახლახან ზედიზედ ორი ტიტული მოიგო მასტერსებზე, ამიტომაც, მომავალ ჩემპიონატში მისი დამარცხება ძალიან რთული იქნება. საბოლოოდ, მაინც მასზე ჩავიდოდი ფსონს",
- ამბობს მაკინროი "გარდიანთან" კომენტარში.

"ჯოკოვიჩმა, ნადალმა და მარეიმ წელს "დიდი სლემის" თითო ტურნირი მოიგეს, ასე რომ, მათ შორის ნიუ იორკში გამარჯვებული თამამად შეიძლება დავასახელოთ ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ", - დაამატა ამერიკელმა.

აშშ-ის ღია პირველობა 26 აგვისტოს აიღებს სტარტს და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული