კანონზომიერი დღე ლონდონში

AutoSharing Option
უიმბლდონის პირველი სათამაშო დღისგან განსხვავებით, 25 ივნისს ხმაურიან სენსაციას ადგილი არ ჰქონია - ჩოგბურთელებმა მშვიდად დაასრულეს პირველი რაუნდი.

ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის ნახევარფინალში რაფაელ ნადალთან დამარცხების შემდეგ, პირველად გამოჩნდა კორტზე. მისი მეტოქე იყო გერმანელი ფლორიან მაიერი, რომელიც შარშანდელ უიმბლდონზეც დაამარცხა. სერბი ამჯერადაც უფრო ძლიერი იყო. ჯოკოვიჩმა მარტივი სცენარით წარმართა მატჩი - თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა, მაიერის სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 6:3, 7:5, 6:4 მოიგო. ამისთვის მსოფლიოს პირველმა ნომერმა საათი და 57 წუთი დახარჯა. ახლა ჯოკოვიჩს სამი მოგება სჭირდება იმისთვის,
რომ "დიდი სლემის" ტურნირებზე 150-ე გამარჯვება იზეიმოს.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩის პოტენციურმა მეტოქემ - ჩეხმა ტომაშ ბერდიხმაც ასეთი სცენარით მოუგო მარტინ კლიჟანს. აქაც თითო სეტში თითო ბრეიკი ვიხილეთ და ამან ჩეხს 6:3, 6:4, 6:4 გამარჯვება მოუტანა.

* * *
TOP4-ის ერთადერთი წევრი, რომელმაც პირველ რაუნდში სეტი წააგო, როლან გაროსის ფინალისტი დავიდ ფერერია. მან დამაჯერებლად მოუგო პირველი სეტი არგენტინელ მარტინ ალუნდს, მაგრამ შემდეგ სამხრეთამერიკელმა ინიციატივა მოიპოვა, აიღო მეორე პარტია და მესამეში კარგა ხანი თანაბრად ებრძოდა ესპანელს, მაგრამ 5:6-ზე საკუთარი გეიმი წააგო და მეოთხე პარტიაში თითქმის აღარ უბრძოლია. 6:1, 4:6, 7:5, 6:2 მოიგო ფერერმა და მეორე წრეში ესპანური დერბი ელის რობერტო ბაუტისტა-აგუტთან.

კიდევ უფრო ცუდად ჰქონდა საქმე ფრანგ რიშარ გასკეს, რომელმაც დათმო პირველი პარტია ესპანელი მარსელ გრანოლერსის წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ მეტოქეს ტაი-ბრეიკის შანსიც არ მისცა.

* * *
ბოლო დროს ფორმიდან ამოვარდნილმა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ მხოლოდ რვა გეიმი დაუთმო ესპანელ ალბერტ რამოსს - 6:2, 7:5, 6:1. სამხრეთამერიკელი დიდი ხანი არ გვყავდა ნანახი კორტზე - მან ვირუსის გამო გამოტოვა მადრიდის მასტერსი და როლან გაროსი და ორი კვირის წინ, "ქუინზ კლაბზე" დაუბრუნდა ტურს. იქ დელ პოტრომ მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ლეიტონ ჰიუიტთან წააგო.

ალბერტ რამოსი არ გახლავთ ბალახზე თამაშის დიდი ოსტატი, ამიტომაც რთულია დელ პოტროს სათამაშო ფორმაზე მსჯელობა. 25 ივნისს მან ექვსი ბრეიკი გააკეთა და მხოლოდ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება. როგორც ჩანს, მაჯის ქრონიკული ტრავმა ხელს არ უშლის ხუან მარტინს - მან მატჩში 10 ეისი ჩააწოდა.

* * *
დამაჯერებელი სტარტი აიღო იაპონელმა კეი ნიშიკორიმ, რომელმაც საათსა და 41 წუთში გაანადგურა ავსტრალიელი მეტიუ ებდენი - 6:2, 6:4, 6:3. საინტერესოა, შეძლებს თუ არა აზიელი "დიდი სლემის" ზედიზედ მესამე ტურნირზე მერვედფინალში გასვლას. წელს ის სწორედ ამ ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას ავსტრალიის ღიასა და როლან გაროსზე. თუმცა ნიკიშორი არ მალავს, რომ გაცილებით მეტი უნდა და წელსვე გეგმავს "დიდი სლემზე" მეოთხედფინალში გასვლას.

* * *
წარმატებული მატჩები ჩაატარეს 25 ივნისს ეისების ოსტატებმა - მილოშ რაონიჩმა და კევინ ანდერსონმა. 22 წლის რაონიჩმა 19 ეისი ჩააწოდა არგენტინელი კარლოს ბერლოკის წინააღმდეგ და სამ სეტში მოიგო - 6:4, 6:3, 6:3. სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს უფრო მეტი - 22 ეისი ჰქონდა და უფრო იოლად მოიგო საწყისი მატჩი - 6:4, 6:2, 6:1 ბელგიელი ოლივიე როხუსის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ანდერსონისთვის ეს არის მეექვსე უიმბლდონი და მან ლონდონის ბალახზე მხოლოდ მეორე მატჩი მოიგო.

I წრე
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:3, 7:5, 6:4; ბობი რეინოლდსი (აშშ)-სტივ ჯონსონი (აშშ) 1:6, 7:6(4), 6:3, 6:7(4), 6:4; იან-ლენარ შტრუფი (გერ)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:4, 6:1, 6:3; ჟერემი შარდი (საფ, 28)-რაიან ჰარისონი (აშშ) 7:6(4), 4:6, 7:5, 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ჟილ სიმონი (საფ, 19) 6:2, 6:4, 7:6(11); პოლ-ანრი მატიო (საფ)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 7:6(4), 7:5, 6:7(3), 6:4; ჯიმი ვანგი (ტაივ)-ჯეინ ოდესნიკი (აშშ) 7:6(5), 4:6, 6:2, 3:6, 7:5; ტომი ჰაასი (გერ, 13)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:3, 7:5, 7:5; რიშარ გასკე (საფ, 9)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:7(2), 6:4, 7:5, 6:4; გო სოედა (იაპ)-ანდრეა ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 7:6(6), 7:5, 6:1; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 6:1, 6:3, 6:2; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-სემ კუერი (აშშ, 21) 7:6(6), 7:6(3), 3:6, 2:6, 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 27)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:4, 6:2, 6:1; მიხალ პრისიეჟნი (პოლ)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:3, 7:6(6), 6:0; დანიელ ბრანდსი (გერ)-დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ) 7:6(5), 6:7(4), 6:7(5), 6:1, 6:4; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 6:3, 6:3, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-მარტინ ალუნდი (არგ) 6:1, 4:6, 7:5, 6:2; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:3, 6:4, 7:6(3); სანტიაგო ხირალდო (კოლ)-ორასიო სებალიოსი (არგ) 3:6, 7:6(4), 6:7(6), 6:1, 6:3; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 26)-გასტაო ელიაში (პორ) 6:1, 7:6(2), 6:2; მილოშ რაონოჩი (კან, 17)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:4, 6:3, 6:3; იგორ სისლინგი (ჰოლ)-ალექს კუზნეცოვი (აშშ) 6:3, 6:4, 6:4; დენის კუდლა (აშშ)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 6:4, 6:2, 3:6, 4:6, 6:1; ივან დოდიგი (ხორ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 16) 4:6, 6:7(6), 7:6(3), 6:3, 2:1 უარი; კეი ნიშიკორი (იაპ, 12)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:2, 6:4, 6:3; ლეონარდო მაიერი (არგ)-ალიაჟ ბედენე (სლოვენ) 6:2, 6:3, 6:4; მიკაელ ლოდრა (საფ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 7:6(3), 6:4, 6:3; ანდრეას სეპი (იტა, 23)-დენის ისტომინი (უზბ) 7:6(6), 7:6(3), 5:7, 3:6, 6:3; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 29)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:1, 6:4, 6:3; გრეგა ჟემლია (სლოვენ)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:7(3), 6:4, 6:4, 6:1; იესე ლივაინი (კან)-გვიდო პეია (არგ) 6:4, 6:2, 4:6, 3:6, 4:3 უარი; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-ალბერ რამოსი (ესპ) 6:2, 7:5, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზვიგენი" ლიეჟიდან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული