როლან გაროსი. III დღე: ზვერევისთვის ჯერ ადრეა

AutoSharing Option
როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირზე პირველი მოულოდნელობა მოხდა - მეცხრე ნომრად განთესილმა ალექსანდრ ზვერევმა, რომელმაც კვირანახევრის წინ, რომის "მასტერსის" ფინალში თვით ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ვერაფერი გააწყო გამოცდილი ესპანელის ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ და პირველივე წრიდან დაემშვიდობა საფრანგეთის ღია პირველობას.

შეიძლება ითქვას, რომ გერმანელს წილისყრის მხრივ არ გაუმართლა. ფერნანდო ვერდასკო არასტაბილურია, ხანდახან მოტივაციისა და კონცენტრაციის პრობლემა აქვს, მაგრამ ყოველთვის შეუძლია ბრწყინვალე მატჩი აჩუქოს მაყურებელს.

სწორედ ასე მოხდა ამჯერად. ესპანელმა 2 საათსა და 52 წუთში რვა ბრეიკი შეასრულა და 6:3, 3:6, 6:4, 6:2 მოიგო.
სხვათა შორის, ვერდასკო ყოველთვის კარგად თამაშობს როლან გაროსის საწყის ეტაპზე - 14-დან 13-ჯერ მოიგო პირველი წრის შეხვედრა. გამონაკლისი იყო 2005 წელი, როცა პირველ რაუნდში რობინ სიოდერლინგთან დამარცხდა.

* * *
რა თქმა უნდა, გუშინ ყველას აინტერესებდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ენდი მარეის მატჩი რუსი ანდრეი კუზნეცოვის წინააღმდეგ. ბრიტანელმა ჩააგდო როლან გაროსისთვის მოსამზადებელი ყველა ტურნირი და მისი სათამაშო ფორმა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. გუშინ, ენდის ეტყობოდა, რომ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან - მან გამოუცდელ მეტოქეს საშუალება მისცა მოეგო მეორე სეტი, ვერ ჩააწოდა სეტზე პირველ პარტიაში, მაგრამ მესამე და მეოთხე სეტებში კარგად გამოიყურებოდა და ამის ხარჯზე გააღწია მეორე რაუნდში, სადაც მარტინ კლიჟანს შეხვდება.

ამ სლოვაკის მატჩი ფრანგი ლორან ლოკოლის წინააღმდეგ სკანდალური გამოვიდა. ჩოგბურთელებმა თავიდანვე ვერ აიტანეს ერთმანეთი და ყოველ წუთს მატჩში დაძაბულობა იზრდებოდა. ემოციურ დაძაბულობას ზრდიდა თამაშის ხასიათიც - სლოვაკმა მოიგო სასტარტო ორი სეტი, შემდეგ ჩააგდო მომდევნო ორი პარტია და მხოლოდ მეხუთე სეტში გაიფორმა საბოლოო გამარჯვება - 7:6, 6:3, 4:6, 0:6, 6:4.

ახალგაზრდა ფრანგს მთელი მატჩი აცოფებდა კლიჟანის უზრდელური საქციელი. სლოვაკი ხმამაღალი შეძახილებით აღნიშნავდა მეტოქის ყველა შეცდომას, სეტის მოგება კი ჩოგანზე დაკვრის იმიტაციით აღნიშნა.

მეოთხე სეტის წაგების შემდეგ, სლოვაკმა სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო, რადგან ფეხს იტკიებდა. ლოკოლიმ მიიჩნია, რომ მეტოქე სიმულანტობდა და ამ გზით ცდილობდა მისთვის ცუდად მიმდინარე მატჩში ტემპის დაგდებას. ამიტომაც, ფრანგმა კოჭლობის პაროდირება და ამით კლიჟანის გაჯავრება დაიწყო.

სკანდალური მატჩის კულმინაცია იყო ლორანის მორიგი საქციელი: თამაშს წაგების შემდეგ, მან არა თუ ხელი არ ჩამოართვა მეტოქეს, არამედ, სახასიათო ჟესტით მოიშორა ის.

* * *
მამაკაცთა ტურნირში ჩაება 2015 წლის ჩემპიონი სტენ ვავრინკა. შვეიცარიელი სამ პარტიაში მშვიდად გაუსწორდა იოზეფ კოვალიკს - 6:2, 7:6(6), 6:3.

პირველად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როლან გაროსის კორტებზე გამოჩნდა არგენტინელი ხუან-მარტინ დე პოტრო, რომელმაც არ შეიმჩნია თანამემამულე გვიდო პეიას წინააღმდეგობა - 6:2, 6:1, 6:4.

კეი ნიშიკორიმ პირველი სეტი წააგო ტანასი კოკინაკისთან, მაგრამ მომდევნო სამ სეტში გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა, აი, 27-ე ნომრად განთესილმა სემ კუერიმ ვერაფერი მოუხერხა კორეელ ჩუნგს - 4:6, 6:3, 3:6, 3:6.

კაცები
I წრე

მარეი (ბრიტ, 1)-კუზნეცოვი (რუს) 6:4, 4:6, 6:2, 6:0
ვავრინკა (შვეიც, 3)-კოვალიკი (სლოვაკ) 6:2, 7:6(6), 6:3
ნიშიკორი (იაპ. 8)-კოკინაკისი (ავსტრა) 4:6, 6:1, 6:4, 6:4
ვერდასკო (ესპ)-ა. ზვერევი (გერ, 9) 6:4, 3:6, 6:4, 6:1
ცონგა (საფ, 12)-ოლივო (არგ) 5:7, 4:6, 7:6(6), 4:5 გადაიდო
ბერდიხი (ჩეხ, 13)-შტრუფი (გერ) 6:1, 6:1, 4:6, 6:4
მონფილსი (საფ, 15)-ბრაუნი (გერ) 6:4, 7:5, 6:0
კირგიოსი (ავსტრა, 18)-კოლშრაიბერი (გერ) 6:3, 7:6(4), 6:3
ისნერი (აშშ, 21)-ტომპსონი (ავსტრა) 6:3, 4:6, 7:6(5), 6:3
ჩუნგი (კორ)-კუერი (აშშ, 27) 6:4, 3:6, 6:3, 6:3
დელ პოტრო (არგ, 29)-პეია (არგ) 6:2, 6:1, 6:4
კლიჟანი (სლოვაკ)-ლოკოლი (საფ) 7:6(4), 6:3, 4:6, 0:6, 6:4
ალმაგრო (ესპ)-ბაღდატისი (კვიპ) 6:7(3), 6:4, 6:3, 7:6(1)
ლორენცი (იტა)-ბერანკისი (ლიტ) 6:0, 6:2, 6:4
ხაჩანოვი (რუს)-ხარი (ჩილ) 6:4, 3:6, 7:6(4), 6:1
ისტომინი (უზბ)-ესკობედო (აშშ) 7:6(3), 6:3, 6:4
შარდი (საფ)-ალბოტი (მოლ) 6:2, 6:4, 7:6(3)
დოლგოპოლოვი (უკრ)-ბერლოკი (არგ) 7:5, 6:3, 6:4
მონტეირო (პორ)-ა. მიულერი (საფ) 7:6(4), 2:6, 4:6, 7:6(3), 6:0
ედმუნდი (ბრიტ)-ელიაში (პორ)6:3, 6:2, 7:5
ანდერსონი (ს. აფრ)-ჟაზირი (ტუნ) 7:6(4), 6:3, 7:6(4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული