ანდრია ბითაძე რომაელია - ქართველი წყალბურთელი იტალიურ "ვისნოვაში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების 19 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ანდრია ბითაძე (სიმაღლე 202 სმ, წონა 112 კილო), ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გამოცდილი სპორტსმენია. მან უკვე მოსწრო უფროსების ევროპის ჩემპიონატზეც თამაში. 15 წლისა სერბეთის "ვოივოდინას" წევრი იყო, მერე ჩერნოგორიის "იადრანსა" და ესპანეთის "ბარსელონაში" გამოდიოდა.

წლეულს 19-წლამდელთა ევროპის პირველობის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა, ანდრია ბითაძემ უცხოური კლუბებიდან რამდენიმე შემოთავაზება მიიღო, მათ შორის - რუმინეთიდან და რომის "ლაციოსგან".

ქართველმა წყალბურთელმა მარადიული ქალაქი ირჩია, ოღონდ ამ ქალაქის "ვისნოვა". 21 სექტემბერს იგი კლუბის შტაბბინაში
პრეზიდენტ მარკო ფერაროს შეხვდა და ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"დიდი ტალანტისა და ფიზიკურად ძლიერი ქართველი წყალბურთელის მოსვლით გუნდის დაკომპლექტება დავასრულეთ. ახლა მთავარია, ამ სეზონში, რომელსაც ხვალ იტალიის თასის გათამაშებით ვიწყებთ, კარგად გამოვიდეთ", - განაცხადა გუშინ კლუბის პრეზიდენტმა.

კონტრაქტზე ხელმოწერის დღესვე ანდრია ბითაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და საღამოს რომის "ლაციოს" წინააღმდეგაც ითამაშა. ამხანაგურ მატჩში "ვისნოვამ" 11:10 გაიმარჯვა. მასპინძელთა ახალწვეულმა ოთხი გოლი გაიტანა.

ქართველი წყალბურთელის გუნდი დღეს იტალიის თასის გათამაშების პირველ პაექრობაში "ორტიჯას" დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული