საქართველო VS თურქეთი - ბრძოლა XIII-XVI ადგილებისთვის

AutoSharing Option
ორიოდე ტურიც და ბელგრადში დამთავრდება წყალბურთელ ვაჟთა ევროპის 32-ე ჩემპიონატი 16 გუნდის მონაწილეობით. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ხუთი შეხვედრა წააგო და დღეს XIII-XVI ადგილებისთვის თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 12.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "მეორე არხი" წარმოადგენს.

თურქი წყალბურთელები საერთაშორისო სარბიელზე დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიან. მათ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშიათ.

ევროპის ჩემპიონატებზე 2010 წელს მე-10 ადგილზე გავიდნენ, ორი წლის შემდეგ მე-12 ადგილს დასჯერდნენ, 2014 წლის პირველობის ფინალში კი ვერ მოხვდნენ, რადგან
პლეი ოფში ქართველმა წყალბურთელებმა გადაუღობეს გზა: 2014 წლის 15 თებერვალს ჩვენებმა მეტოქეს შინ 8:4 მოუგეს, სტუმრად კი 12:15 დამარცხდნენ, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური პირველად მოიპოვეს.

დღევანდელი მოწინააღმდეგეები რამდენიმე საერთაშორისო ტურნირშიც შეხვდნენ ერთმანეთს, მაგალითად, შარშან დეკემბრის მიწურულს ქართველმა წყალბურთელებმა თურქებს სტამბოლის თასზე აჯობეს 14:10.

ჩვენმა მეტოქემ ბელგრადის ევროპის ჩემპიონატზე ხუთივე ორთაბრძოლა დათმო - რუსეთთან 8:17, საბერძნეთთან 6:21, უნგრეთთან 5:20, იტალიასთან 2:16, საფრანგეთთან 9:14.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული