კლასიკური რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ინტრიგას მოკლებული რალი

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონი წინა ეტაპზე გაირკვა, როცა ზედიზედ მესამე ტიტული მოიპოვა "ფოლკსვაგენის" ფრანგმა პილოტმა სებასტიან ოჟიემ. ამიტომაც, მისთვის "საფრანგეთის რალი" მხოლოდ პრესტიჟის საქმე იყო.

თუმცა, ამჯერად, საკუთარი კლასი დაადასტურა "ფოლკსვაგენში" ოჟიეს თანაგუნდელმა, ფინელმა იარი-მატი ლატვალამ. კორსიკაზე მან ამ სეზონში თავისი მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ლატვალამ შარშანაც მოიგო "საფრანგეთის რალი", ოღონდ ის არა კორსიკაზე, არამედ ელზასში იმართებოდა. სხვათა შორის, კუნძულზე ფინელ რალისტებს 1984 წლის შემდეგ არ გაემარჯვათ.

ლატვალამ ლიდერობა შაბათს მოიპოვა და შემდეგ ზრდიდა უპირატესობას უახლოეს კონკურენტებზე. საბოლოოდ, მეორე ადგილზე გასულ
უელსელს ელფინ ევანსს ("ფორდ ფიესტა") 43 წამით აჯობა. საფრანგეთში გამარჯვებით, ლატვალამ სოლიდური განაცხადი გააკეთა ვიცე-ჩემპიონის ტიტულისთვის.

26 წლის ევანსმა პარასკევს, წვიმის პირობებში წარმოაჩინა თავი ბრწყინვალედ. მაგრამ რაც უფრო შრებოდა ტრასა, მით მეტს აგებდა "ფორდი "ფოლკსვაგენთან". მიუხედავად ამისა, ევანსმა შეძლო მეორე ადგილის შენარჩუნება - სამი წამით მოუგო ნორვეგიელ ანდრეას მიკელსენს. უელსელისთვის ეს ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპებზე.

პირველი ექვსეული შეავსეს - კრის მიკმა, ჰაიდენ პადენმა და მადს ოსტბერგმა. მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ, გადაცემათა კოლოფის პრობლემების გამო, მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული