ლე მანის 24 საათი: დებიუტი მოგებით

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე 83-ედ გაიმართა ლეგენდარული "ლე მანის 24-საათიანი" რბოლა, რომელზეც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "პორშეს" გუნდმა.

მაგრამ მოულოდნელობა იყო ის, რომ რბოლა მოიგო გერმანული ავტოსაჯინიბოს მესამე, დამატებითმა ეკიპაჟმა, რომელიც არ გამოდის WEC-ის ავტოსერიაში და მხოლოდ მეორე რბოლას ატარებდა ამ კონკრეტული მანქანით.

გამარჯვებულთა ეკიპაჟში იყო ფორმულა 1-ის პილოტი ნიკო ჰიულკენბერგი - სწორედ გერმანელმა გაიარა რბოლის საფინალო მონაკვეთი. კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს მანქანა ჯერ კიდევ შუაღამის დადგომამდე ჩაუდგა სათავეში რბოლას და დისტანციის დიდი ნაწილი ლიდერობდა.

ნიკო ჰიულკენბერგი გახდა ფორმულა 1-ის
პირველი მოქმედი პილოტი ბოლო 24 წლის განმავლობაში, ვინც ლე მანზე გამარჯვება შეძლო. წინა ჯერზე, 1991 წელს, "მაზდას" მანქანით ჯონი ჰერბერტმა და ბერტრან გაშომ გაიმარჯვეს. გარდა ამისა, ჰიულკენბერგი, თავის თანაგუნდელ ირლ ბამბერთან ერთად პირველი დებიუტანტი გამარჯვებული გახდა 1998 წლის შემდეგ.

"სიმართლე გითხრათ, ახლა, უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის! ლე მანის მოგება პირველი ცდიდან - ეს დაუჯერებელია.

სიხარულსა და შვებას ვგრძნობ. მიხარია გუნდის გამო. "პორშე" დაბრუნდა ლე მანზე და მეორე ცდიდან მოიპოვა გამარჯვება - მინდა ყველა მივულოცო.

ვერ ვიფიქრებდი, რომ შევძლებდი სადებიუტო რბოლაში გამარჯვებას. "აუდის" მანქანები ძალიან კონკურენტუნარიანები იყვნენ. მაქსიმალური მონდომება დაგვჭირდა მათ გასასწრებად. ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, არც ერთი შეცდომა არ დავუშვით, თან მანქანამაც იდეალურად იმუშავა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე - სწორედ ეს გახდა წარმატების საიდუმლო", - განაცხადა ჰიულკენბერგმა.

მეორე ადგილიც "პორშეს" ეკიპაჟმა მოიპოვა, რომელშიც ტიმო ბერნჰარდი, მარკ უებერი და ბრენდონ ჰარტლი გამოდიოდნენ - მათ ლიდერთან ერთი წრე წააგეს. მესამე და მეოთხე ადგილები "აუდის" მანქანებმა მოიპოვეს. "ტოიოტას" მანქანებიდან საუკეთესო - მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

ტექნიკური შედეგები
1. ჰიულკენბერგი/ბამბერი/ტენდი (Porsche) - 395 წრე; 2. ბერნჰარდი/უებერი/ჰარტლი (Porsche) - 1 წრე; 3. ფასლერი/ლოტერერი/ტრელიუიე (Audi) - 2 წრე; 4. დი გრასი/დიუვალი/ჯერვისი (Audi) - 3 წრე; 5. დიუმა/იანი/ლიბი (Porsche) - 4 წრე; 6. ვიურცი/სარაზენი/კონვეი (Toyota) - 8 წრე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული