მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: "ჰონდას" მეორე დუბლი

AutoSharing Option
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე - ესპანეთის გრანპრიზე გაგრძელდა "ჰონდას" პილოტების შიდა დაპირისპირება და საბოლოოდ, ამ გუნდის წევრებმა - დანი პედროსამ და მარკ მარკესმა ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულეს.

არადა, სტარტი პოულიდან "იამაჰას" პილოტმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ხორხე ლორენსომ აიღო. მართალია, მას მალე ჩამოართვა ლიდერობა პედროსამ, თუმცა პირველი წრის შუაში პირველზე ისევ "იამაჰას" ლიდერმა გადაინაცვლა. ლორენსოს თანაგუნდელმა ვალენტინო როსიმ მარკესის გასწრება შეძლო. ასე რომ, პირველი წრე მრბოლელებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, როსი, მარკესი, კრატჩლოუ, ბრადლი...

მეორე წრეზე მარკესმა რევანში აუღო
როსის და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. "ჰონდასა" და "იამაჰას" მეორე დუელში კი პედროსა აქტიურად უტევდა ლორენსოს და მეექვსე წრეზე მისი მონდომება წარმატებული შეტევით დასრულდა. ამის შემდეგ პედროსას შეჩერება შეუძლებელი იყო. ის უსწრაფესი ტემპით გაეშურა სეზონში თავისი პირველი გამარჯვებისკენ და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ამასობაში ლორენსოს მარკესთანაც მოუწია ბრძოლა. დებიუტანტი არ ეშვებოდა ჩემპიონს და საბოლოოდ, ახალგაზრდობამ აჯობა გამოცდილებას. ბოლო მოსახვევში შესვლისას მარკესმა ხისტი მანევრით შეავიწროვა ლორენსო და ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გასწრება განახორციელა. ამით მარკესმა გენერალურ კლასიფიკაციაში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა.

ესპანეთის გრანპრი
1. დანი პედროსა (ჰონდა) - 27 წრე; 2. მარკ მარკესი (ჰონდა) - +2,487; 3. ხორხე ლორენსო (იამაჰა) - +5,089; 4. ვალენტინო როსი (იამაჰა) - +8,914; 5. კელ კრატჩლოუ (იამაჰა) - +12,663; 6. ალვარო ბაუტისტა (ჰონდა) - +15,094; 7. ნიკი ჰეიდენი (დუკატი) - +25,632; 8. ანდრეა დოვიციოზო (დუკატი) - +41,881...

საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (ჰონდა) - 61 ქულა; 2. დანი პედროსა (ჰონდა) - 58; 3. ხორხე ლორენსო (იამაჰა) - 57; 4. ვალენტინო როსი (იამაჰა) - 43; 5. კელ კრატჩლოუ (იამაჰა) - 35; 6. ალვარო ბაუტისტა (ჰონდა) - 28; 7. ანდრეა დოვიციოზო (დუკატი) - 26; 8. ნიკი ჰეიდენი (დუკატი) - 24...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დებიუტანტი მარკ მარკესი უკვე ვარსკვლავია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული