რობერტ კუბიცა რალიში წავიდა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, პოლონელმა რობერტ კუბიცამ რალიში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა - მან ფრანგულ საჯინიბოსთან, "სიტროენ რეისინგთან" გააფორმა კონტრაქტი. კუბიცას პირველი სტარტი 21 მარტს ელის. ის Citroen DS3 RRC-ის მანქანით კანარის კუნძულების რალიში მიიღებს მონაწილეობას. ეს ევროპის ჩემპიონატის მესამე ეტაპი გახლავთ. ამის შემდეგ, პორტუგალიის რალიდან მოყოლებული, პოლონელი WRC2-ის სერიაში (ყოფილი Super 2000) გააგრძელებს გამოსვლას.

"სანამ ამ პროგრამას ავირჩევდი, სხვადასხვა ვარიანტი განვიხილე, - ამბობს კუბიცა. - მუდმივი კონტაქტი მქონდა "სიტროენ რეისინგთან" და ორივე მხარე მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მოხარული ვარ, რომ ასეთ
ძლიერ ჩემპიონატში ჩავერთვები. კანარის კუნძულების რალიში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება უნდა გახდეს. მოუთმენლად ველი სტარტზე გასვლას, თუმცა კონკრეტულ მიზნებს არ ვისახავ. რალიში ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, ამიტომაც პრაქტიკა მჭირდება".

საერთო ჯამში, კუბიცა და "სიტროენ რეისინგი" 2013 წელს შვიდ რბოლაში გეგმავენ გამოსვლას. გამორიცხული არ არის, რომ პოლონელი ევროპის ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპზე ვიხილოთ.

Citroen DS3 RRC-ს სპეციალურად მოამზადებენ კუბიცასთვის, რომელიც ბოლომდე ვერ მომჯობინდა 2011 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ნება დართო ფრანგულ გუნდს, ამ მანქანაზე დაამონტაჟოს სპეციალური გადაცემათა კოლოფი გადართვის ჰიდრავლიკური სისტემით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ კუბიცა ფორმულა 1-ში დაბრუნების თარიღის დასახელებას არ ჩქარობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული