ფორმულა 1. გერმანიის გრანპრი: ნიკოს რევანში თუ ლუისის საბოლოო დარტყმა?

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე, "ჰოკენჰაიმრინგის" ტრასაზე გერმანიის გრანპრი გაიმართება და ამ რბოლაზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათზე გაემგზავრებიან პილოტები ოთხკვირიან არდადეგებზე.

ჯერ კიდევ ორნახევარი თვის წინ ნიკო როსბერგი ლუის ჰემილტონს თითქმის 40 ქულით უსწრებდა და ბევრს ჩემპიონობის საკითხი გადაწყვეტილი ეგონა. ახლა კი სეზონის პირველი 11 რბოლის შემდეგ ბრიტანელი ლიდერობს საერთო ჩათვლას ექვსქულიანი უპირატესობით. სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰემილტონის მხარესაა.

ავსტრიაში ნიკოსა და ლუისის ავარიისა და გუნდის ხელმძღვანელობასთან საქმის გარჩევის შემდეგ როსბერგმა თითქოს ნაპერწკალი დაკარგა. გერმანელი, რომელიც სეზონის დასაწყისში
რბოლას რბოლაზე იგებდა, საკმაოდ უნიათოდ გამოიყურება. ზუსტად ასე იყო 2014 წელს, ბელგიის გრანპრის შემდეგ, როცა სწორედ გერმანელი დაადანაშაულეს თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ. ორი წლის შემდეგაც, როსბერგი ისევ მეორე ნომერია ჰემილტონის ფონზე.

გერმანიის გრანპრი - პირველ საშინაო რბოლაა ნიკოსთვის ბოლო ორ წელიწადში და ეს უნდა გახდეს მისთვის რეპუტაციის აღდგენის საუკეთესო შანსი. მაგრამ თუ ლუისი მთავარ კონკურენტს მისსავე მოედანზე დაამარცხებს, ამან, შესაძლოა, საბოლოოდ გაანადგუროს როსბერგი მორალურად და გზა გაუხსნას ჰემილტონს მეოთხე ჩემპიონობისკენ. შესაბამისად, გერმანიის გრანპრის შეგვიძლია ვუწოდოთ პირველი გადამწყვეტი ბრძოლა 2016 წლის ტიტულისთვის.

ჰოკენჰაიმის ტრასა
სიგრძე: 4574 მეტრი
წრეების რიცხვი: 67
რბოლის დისტანცია: 306 კილომეტრი
DRS-ის ზონა: ორი
ტრასის რეკორდი: 1:13.780 (რაიკონენი, "მაკლარენი", 2004)
ყველაზე მეტი მოგება: 4 - მიხაელ შუმახერი

უქმეების განრიგი
29 ივლისი, 12:00 - I პრაქტიკა
29 ივლისი, 16:00 - II პრაქტიკა
30 ივლისი, 13:55 - III პრაქტიკა
30 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
31 ივლისი, 16:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი 192 (5)
2. ნიკო როსბერგი 186 (5)
3. დანიელ რიკარდო 115
4. კიმი რაიკონენი 114
5. სებასტიან ფეტელი 110
6. მაქს ფერსტაპენი 100 (1)
7. ვალტერი ბოტასი 56
8. სერხიო პერესი 47

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული