ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესმა" ტემპი აკრიფა

AutoSharing Option
ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების მეორე სერია დაიწყო. ეს არის ძალების ბოლო შემოწმება ახალი სეზონის წინ, ამიტომაც, ოთხდღიანმა ვარჯიშებმა გარკვეული წარმოადგენა უნდა შეგვიქმნას გუნდების მზადყოფნის შესახებ.

წელს, პირველად აჩვენა საუკეთესო დრო "მერსედესმა", რომელიც კვალიფიკაციის რეჟიმში მუშაობდა.

ნიკო როსბერგმა ჯერ კიდევ დილის სესიისას დააფიქსირა შთამბეჭდავი შედეგი - 1.23.022 და ამ დროის გაუმჯობესება დღის ბოლომდე ვერავინ შეძლო, მათ შორის, ნიკოს თანაგუნდელმა ლუის ჰემილტონმა, რომელმაც გერმანელი დღის მეორე ნახევარში შეცვალა. ბრიტანელმა მხოლოდ მეექვსე დრო აჩვენა და რობერგთან ორი წამი წააგო. როგორც ჩანს, ჰემილტონი ტესტების პირველ
დღეს სხვა პროგრამით მუშაობდა.

დღის მეორე დრო ჰქონდა "უილიამსის" პილოტს ვალტერი ბოტასს. ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც როსბერგთან წამზე ნაკლები წააგო. კარგი ტემპი განავითარა ფერნანდო ალონსომ. "სოფტის" საბურავით "მაკლარენის" წევრმა 1.24,735 აჩვენა და მესამე ადგილზე გავიდა.

მხოლოდ მეოთხე დრო დააფიქსირა "ფერარიმ", რომელმაც ტესტების პირველი სერიისას სამჯერ დაიკავა პირველი ადგილი. თუმცა კიმი რაიკონენის დაბალი ტემპი იმით იყო გამოწვეული, რომ ფინელი, ძირითადად, "მედიუმის" საბურავებს ტესტავდა.

უნდა აღვნიშნოთ ტექნიკური პრობლემების დიდი რაოდენობა: ვარიჯიშის შეწყვეტა მოუწიათ "მაკლარენს", "ფერარის", "რედ ბულს", "რენოს", "ჰაასსა" და "მანორს". ყველაზე მეტად "ჰაასს"არ გაუმართლა. ამერიკული გუნდი იძულებული გახდა, ვადაზე ადრე შეეწყვიტა ტესტები საწვავის მიწოდების სისტემაში პრობლემების გამო.

გავლილი წრეების მიხედვით, დღის ლიდერი გახდა მაქს ფერსტაპენი: ახალი "ტორო როსოთი" მან 144 წრე დაფარა, თუმცა მხოლოდ მეშვიდე დრო აჩვენა.

I დღე
1. როსბერგი (მერსედესი) 1.23,022 (82 წრე)
2. ბოტასი (უილიამსი) +0,207 (123)
3. ალონსო (მაკლარენი) +1,713 (93)
4. რაიკონენი (ფერარი) +1,814 (72)
5. კვიატი (რედ ბული) +2,027 (69)
6. ჰემილტონი (მერსედესი) +2,029 (90)

7. ფერსტაპენი (ტორო როსო) +2,154 (144)
8. ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) +2,314 (121)
9. ნასრი (ზაუბერი) +2,471 (103)
10. მაგნუსენი (რენო) +2,738 (119)
11. გუტიერესი (ჰაასი) +3,639 (23)
12. ჰარიანტო (მანორი) +4,603 (45)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული