სოჭი 2014: ბიატლონი - ფურკადი დამარცხებულია

AutoSharing Option
მამაკაცთა მას-სტარტის მიმართ ყველაზე დიდი მოლოდინი იყო. ეს შეჯიბრება უამინდობის გამო ხუთჯერ (!) გადაიდო. 17 თებერვალსაც კი, როცა ნისლი გაიფანტა, მოულოდნელად გათოვდა და რბოლის სტარტის 15 წუთით გადაწევა გახდა საჭირო.

ფავორიტად ისევ მარტინ ფურკადი მიიჩნეოდა, მაგრამ გუშინ ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვინც მას ბრძოლა გამოუცხადა. მაგალითად, აქტიურობდნენ რუსები, მაგრამ მასპინძლები სროლამ დააღალატა. ამ მხრივ, განსაკუთრებით სახასიათო იყო მესამე სასროლეთი, სადაც ოთხივე რუსმა ბოლო ტყვია ააცილა და მედლების შანსი საბოლოოდ დაკარგა.

მეორე სასროლეთის შემდეგ ლიდერი ემილ ჰეგლე სვენდსენი გახდა. ნორვეგიელს აშკარად სერიოზული
განწყობა ჰქონდა (მას სოჭში არც ერთი მედალი არ ჰქონდა მოგებული) და მისი შეჩერება მხოლოდ ფურკადს შეეძლო. ასევე ახლოს იყვნენ მასთან ჩეხი მორავეცი და ლეგენდარული ოლე-ეინარ ბიორნდალენი, რომელმაც პირველ სასროლეთზე ორი ტყვია ააცილა, მაგრამ მაინც დაეწია თანამემამულესა და მის ორ მდევარს. ეს კვარტეტი ერთად მივიდა ბოლო სასროლეთზე. აქ ჩავარდა ბიორნდალენი, რომელმაც ოთხი სროლა გააფუჭა, ფურკადმა, სვენდსენმა და მორავეცმა უშეცდომოდ ისროლეს.

ტრიომ კარგა ხანი ერთად იარა, რის შემდეგაც ნორვეგიელმა და ფრანგმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოიცილეს ჩეხი. სვენდსენმა ბოლო კილომეტრები ფურკადის უკან იარა და ფინიშამდე 150 მეტრით ადრე დაიწყო თავისი ცნობილი საფინიშო სპურტი. უკვე თითქმის გამარჯვებულმა სვენდსენმა ხელები აღმართა და... კინაღამ წააგო. ფურკადმა ბოლომდე იბრძოლა, ფეხი წინ გასწია და გამარჯვებულის გამოსავლენად ფოტოფინიში გახდა საჭირო. სვენდსენმა ფეხსაცმლის მეოთხედი მოუგო სოჭის ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულს.

ასე რომ, ნორვეგიის მამაკაცთა ნაკრებმა მეორე ოქრო აიღო და საშუალება არ მისცა ფურკადს, სამგზის ჩემპიონი გამხდარიყო. მესამე ადგილზე გავიდა მორავეცი, რომლისთვისაც ეს სოჭში მეორე ბრინჯაოა.

ემილ ჰეგლე სვენდსენი
დაიბადა: 12 ივლისი, 1985
სიმაღლე: 1.85 მ
წონა: 77 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010, 20 კმ. ინდივიდუალური
ოქრო - ვანკუვერი 2010, 4x7.5 კმ.
ოქრო - სოჭი 2014, მას-სტარტი
ვერცხლი - ვანკუვერი 2010, 10 კმ. სპრინტი
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლის პრიზიორი, 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი; 35 გამარჯვება და 71 პოდიუმი მსოფლიოს თასის ეტაპებზე; მსოფლიოს თასის მფლობელი (2010).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული