IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ხუთი სახეობა შეიტანა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩასართავად ხუთი სახეობა -კრიკეტი, ლაკროსი, სქვოში, ფლაგ-ფუტბოლი, ბეისბოლი/სოფტბოლი დაამტკიცა.

„ეს არის შემოთავაზებული ხუთი სახეობა, რომლებიც სრულიად შეესაბამება ამერიკულ სპორტულ კულტურას და რომელიც მსოფლიოს უჩვენებს ამერიკულ საკლუბო სპორტის სახეობებს", - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

2022 წლის მარტში IOC-მა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ძირითად პროგრამაში სპორტის 28 სახეობა შეიტანა. მათ შორის არის საწყლოსნო სახეობები, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ბადმინტონი, ბალახის ჰოკეი, გოლფი, კალათბურთი, ველოსპორტი, ცხენოსნობა, ფარიკაობა, ფეხბურთი, სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში,
ხელბურთი, ძიუდო, ნიჩბოსნობა, 7-კაცა რაგბი, აფროსნობა, ტყვიის სროლა, სკეიტბორდინგი, სპორტული ცოცვა, სერფინგი, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ჩოგბურთი, ტრიატლონი, ფრენბურთი და ჭიდაობა.

ძირითადი ოლიმპიური პროგრამიდან დროებით ამოღებული სპორტის ტრადიციული ოლიმპიური სახეობები - ძალოსნობა, კრივი და თანამედროვე ხუთჭიდი, სავარაუდოდ, ასევე შევა ლოს-ანჯელესი-2028-ის პროგრამაში.

ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2028 წლის 14-30 ივლისს.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული