ბაკურიანი 2023: საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

AutoSharing Option
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატმა ბაკურიანში პირველი მედლები გაათამაშა. მსოფლიო ჩემპიონი არეალსის დისციპლინაში აშშ-ის ფრისტაილის გუნდი გამოვლინდა, პარალელურ გიგანტურ სლალომში: ოქროს მედლები ქალებში - იაპონიამ, კაცებში - პოლონეთმა მიიღეს.

საქართველო ამ მასშტაბის სპორტულ მოვლენას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. 5 მარტის ჩათვლით, ისტორიულ კურორტზე 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალს მთავრობის წევრები, ფედერაციები, სპონსორები და ჩემპიონატის სტუმრები დაესწრნენ.

"ისტორიული მოვლენაა - საქართველოში პირველად ტარდება უმაღლესი რანგის ტურნირი. მოხარული ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისგან. წლების
განმავლობაში მიდიოდა მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა მაღალ დონეზე მომზადებული შეხვედროდა ასეთი მაღალი დონის ტურნირს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის 2018 წლიდან ემზადება. კურორტს მსოფლიო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ტრასები, გათოვლიანების სისტემები და საბაგიროები შეემატა. ინვესტიციების შედეგად ბაკურიანი, მსოფლიო დონის კურორტად იქცა. საგანგებოდ ჩემპიონატისთვის აქ მოეწყო "ჩემპიონატის სოფელი", სადაც ყველა ასაკის სტუმარს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდება.

Sportall.Ge

"აღსავსე ვარ სიამაყით და ბედნიერებით, რომ ჩვენი ამდენწლიანი შრომა დაგვირგვინდა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით. უდიდესი ინვესტიცია და შრომა ჩაიდო, რომ A კლასის საერთაშორისო შეჯიბრება ჩატარებულიყო საქართველოში.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობას ჩვენი ინიციატივის ნდობისთვის; დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის" - განაცხადა კომპანია "სილქნეტის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
წლის მთავარ სპორტულ მოვლენას კომპანია "სილქნეტი" წარადგენს, რომელიც მრავალი წელია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდამჭერია და აქტიური წვლილი შეაქვს ზამთრის სპორტის განვითარებაში.

როგორც კომპანია "სილქნეტის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ჯავახიშვილმა განაცხადა, ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი ნახტომი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო სპორტულ რუკაზე. "გაიზრდება ნდობა და მთელი მსოფლიო უკეთ გაიცნობს ჩვენს ქვეყანას, მის პოტენციალს. ათ წელზე მეტია "სილქნეტის" ბრენდი უკავშირდება სამთო სათხილამურო სპორტს. კომპანია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და ეს გრძელვადიანი თანამშრომლობა მსოფლიო ჩემპიონატის წარდგენით, ბაკურიანში 2023 წელს დაგვირგვინდა."

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონები სამი სახეობის შვიდ დისციპლინაში გამოვლინდებიან.

მასპინძელ ქვეყანას ექსტრემალურ სახეობებში საკუთარი ათლეტები ეყოლება. ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რანგით მეორე სათხილამურო ტურნირი, ორ წელიწადში ერთხელ იმართება. საქართველოში მიმდინარე პირველ მსოფლიო ჩემპიონატს საერთაშორისო მედია 160 მილიონი ტელემაყურებლისთვის გააშუქებს. ტრანსლირებისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია ასევე "ევრონიუს ჯორჯიას", "სილქ უნივერსალის", Silk Sport, მაუწყებლის და "ევროსპორტის" არხებზე.

მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება თავისუფალია.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული