საინტერესო ბრძოლები - თბილისში კრივის მორიგი დღეები გაიმართა

AutoSharing Option
თბილისში კვირას, 12 დეკემბერს, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით, პროფესიონალურ კრივში სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოკრივეებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გამორჩეული კრივის კლუბებიდან. მაყურებელმა, რომელსაც დაპირისპირებებისათვის თვალის დევნება პირდაპირი ეთერის რეჟიმში "ფეისბუქის" გვერდ Boxing Georgia-სა და "იუთუბის" არხ Boxing Season-ზე შეეძლო, სულ 11 ორთაბრძოლა იხილა - მათი უმეტესობა დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

კრივის დღის მთავარმა შერკინებამ ქომაგთა იმედები სრულად გაამართლა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთის პირისპირ გორელი გიორგი დოლიაშვილი
და ხონელი ბაქარ გელენიძე წარდგნენ და რინგზე ფიცხელი ომიც გააჩაღეს. თვალსასეირო დაპირისპირებაში მეტოქეებმა სრულად გამოავლინეს საკუთარი კრივის ცოდნა, ტაქტიკური განსწავლულობა, ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, სპორტული ჟინი და შეუპოვრობა. ორივე მოკრივე თავდაუზოგავ ბრძოლასა და მონდომებასთან ერთად, ლამაზ კრივს სთავაზობდა ქომაგს. დამსწრე საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა მებრძოლთა კლასი, მონდომება, ბრძოლის წადილი და აპლოდისმენტები არცერთ მოკრივეს არ დაჰკლებია. აღსანიშნავია, რომ გელენიძე 2019 წლის შემდეგ არ იყო რინგზე გასული და მიუხედავად კარგი მომზადებისა, გარკვეულ ასპექტებში ეს იგრძნობოდა, ხოლო დოლიაშვილმა კარგად გამოიყენა საკუთარი უპირატესობები და გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე.

ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება პროფესიონალურ კრივში დამწყებმა მებრძოლებმა შესთავაზეს ქომაგებს. 66 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს მესტიელი ზურაბ ნიგურიანი და რუსთაველი თორნიკე სურმავა დაუპირისპირდნენ. თუკი ნიგურიანისთვის ეს მეორე ბრძოლა იყო პროფესიონალურ რინგზე, სურმავა სადებიუტო შერკინებას მართავდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მებრძოლებმა უკომპრომისო ბრძოლა გამართეს რინგზე. როგორც შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ნიგურიანი არ ელოდა ასეთ მედგარ წინააღმდეგობას და საწყის რაუნდებში მეტოქის შესწავლაზე უწევდა დროის დახარჯვა, თუმცა ნელ-ნელა ალღო აუღო სურმავას სტილს და სწრაფ მოქმედებებს მძლავრი დარტყმებიც მიაყოლა. გარდამავალი უპირატესობით წარმართული ბრძოლა, მსაჯთა შეფასებით, საბოლოოდ ნიგურიანის გამარჯვებით დასრულდა - თუმცა დარბაზში მყოფმა კრივის სპეციალისტებმა ერთხმად დადებითად შეაფასეს სურმავას გარჯაც.

დაძაბულობით გამოირჩა გორელი ნუკრი გამგებელისა და ახალციხელი შოთა ჯვარიძის დაპირისპირებაც. 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მებრძოლებმა თავიდანვე ღია, გახსნილი და დაუნდობელი ბრძოლის სტილი აირჩიეს და შეხვედრის ბოლომდე ტემპი არ დაუგდიათ. უშეღავათო ჯახში გამარჯვება 23 წლის ნუკრი გამგებელმა მოიპოვა.
ვადაზე ადრე შეძლო გამარჯვება ირაკლი ალანიძემ, რომელმაც მძლავრი დარტყმით გატეხა ქარელელი სლავა მარგიშვილის წინააღმდეგობა.

გამარჯვებისთვის სულ რამდენიმე წამი დასჭირდა ანაკლიელ ნიკა ბიგვავას - მან პირველივე დარტყმით მოუმთავრა საქმე გორელ მირიან კეკოშვილს.

კარგი შთაბეჭდილება დატოვა დებიუტანტმა მებრძოლმა თბილისიდან ირაკლი მელიქიშვილმა, რომელმაც რინგზე კლასი, ძალა და ბრძოლისუნარიანობა ერთად გამოავლინა და ვადაზე ადრე დაამარცხა მეტოქე, ასევე დებიუტანტი, სიღნაღელი აკაკი ფარჯველიანი.

დანარჩენ, არანაკლებ საინტერესო ორთაბრძოლებში დაფიქსირდა ასეთი შედეგები:

66 კგ
თორნიკე პაპიძე (ახალციხე) - დავით ბიძინაშვილი (გორი) - გაიმარჯვა პაპიძემ

68 კგ
გიორგი მახარაშვილი (თბილისი) - რომან გადიმოვი (კასპი) - გაიმარჯვა მახარაშვილმა

77 კგ
ფრიდონ ყაყიტაშვილი (გორი) - მერაბ გუკასიანი (ბორჯომი) - გაიმარჯვა გუკასიანმა

94 კგ
მევლუდ კაპანაძე (ახალციხე) - ამბაკო ყარალაშვილი (სიღნაღი) - გაიმარჯვა კაპანაძემ

72 კგ
გიორგი აბრამიშვილი (გურჯაანი) - გიორგი ნამგალაური (თბილისი) - გაიმარჯვა აბრამიშვილმა

საქართველოს პროფესიოალური კრივის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი კანდელაკის თქმით, ტურნირმა იმედები გაამართლა და არაერთმა კარგმა მოკრივემ წარმოაჩინა თავი, რაც გარანტიაა იმისა, რომ სახელმწიფოსთან და კერძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში, ქართულ პროფესიონალურ კრივს აქვს სრული პოტენციალი, არაერთი მსოფლიო დონის მოკრივე წარმოაჩინოს, რომლების მხოლოდ უმაღლეს მიზნებს დაისახავენ კარიერაში.

აღნიშნული ღონისძიებით ქართულ პროფესიონალურ კრივში 2021 წელი დაიხურა, სარეიტინგო ბრძოლები კი 2022 წლიდან განახლდება.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული