როჯერ ფედერერმა ალექსანდრ ზვერევთან უშანსოდ წააგო

AutoSharing Option
კანადის ქალაქ მონრეალის "მასტერსი" გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა მოიგო. თანამედროვე ჩოგბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა მოულოდნელად, ძალიან იოლად მოუგო ფინალური მატჩი ლეგენდარულ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს. საათსა და რვა წუთში ანგარიში იყო - 6:3, 6:4.

ზვერევმა მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, მაგრამ როჯერმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, თავად გერმანელმა კი ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და აქედან ორი გამოიყენა. ზვერევი სხვა სტატისტიკურ კომპონენტებშიც სჯობდა მეტოქეს: ეისებში 6:2 მოიგო, პირველი მოწოდების სიზუსტე - 69%-51%, პირველი მოწოდებით აღებული ქულები - 80%-70%, ანალოგიური მაჩვენებელი მეორე მოწოდებაზე - 61%-58%.

ზვერევმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო, "მასტერსის" სერიის ტურნირებზე კი მეორე გამარჯვებას მიაღწია. პირველი ტრიუმფი გაზაფხულზე ჰქონდა, როცა რომის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

P. S. როჯერ ფედერერმა უარი თქვა ამ კვირას ცინცინატის "მასტერსში" თამაშზე, რისი მიზეზიც ზურგის ტრავმა გახდა. ამის შესახებ ტურნირის პრესსამსახურმა დაწერა.

ფედერერის უარი კი იმას ნიშნავს, რომ 21 აგვისტოს ATP-ის კლასიფიკაციის ახალი პირველი ნომერი რაფაელ ნადალი გახდება.

პირველად ესპანელი რეიტინგს სათავეში 2008 წლის 18 აგვისტოს ჩაუდგა, ბოლოს კი კლასიფიკაციის ლიდერი 2014 წლის 6 ივლისს იყო. ჯამში, რაფა მსოფლიოს პირველი ჩოგანი 141 კვირის განმავლობაში იყო, აქედან 56 კვირა - ზედიზედ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული