"მონპელიეში" მამუკა გორგოძეს ავსტრალიის ნაკრების კაპიტანი შეცვლის

AutoSharing Option
2014 წელი უსიამოვნოდ დაიწყო ავსტრალიის ნაკრების გულშემატკივრისთვის - "ვოლაბების" და ზე რაგბის კლუბ "ბრამბიზის" კაპიტანმა ბენ მოუენმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აგვისტოდან სათამაშოდ ფრანგულ "მონპელიეში" გადადის (3-წლიანი კონტრაქტი), სადაც სავარაუდოდ, მამუკა გორგოძის ადგილს დაიკავებს, რომელიც იმ დროისთვის უკვე "ტულონში" იქნება გადაბარგებული.

ავსტრალიელი მარბიელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო, თუმცა ფრანგულ კლუბში ასპარეზობა გაცილებით უკეთეს ფინანსურ შემოსავალს გაუჩენს მას და თან მოუენი ოჯახის წევრებთან ერთად იქნება, ვინაიდან ბენის მეუღლე და 2 წლის შვილი უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობენ.

ავსტრალიის
რაგბის ფედერაცია და "ვოლაბების" მთავარი მწვრთნელი უეინ მაკენზი უაღრესად შეშფოთებულები არიან მომხდარი ფაქტით, ვინაიდან მოუენი გუნდის ლიდერად მიიჩნევა და მასზე უდიდესი ავანსები იყო გაცემული.

სწორედ ბენი უნდა გასძღოლოდა საკუთარ გუნდს 2015 წლის მსოფლიოს თასზე, თუმცა ეს, სავარაუდოდ, აღარ მოხდება, რადგან ავსტრალიის ნაკრების კარი მჭიდროდ არის დახურული ლეგიონერებისთვის.

"უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში ვცდილობდით, წარმატებით გვეწარმოებინა მოლაპარაკება ბენთან, რათა ის დარჩენილიყო ზე რაგბიში და ეროვნულ გუნდში, თუმცა მან არჩევანი საბოლოოდ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნაზე გააკეთა.

პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ მოუენი გადაწყვეტს ავსტრალიაში დაბრუნებას, მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება"
- განაცხადა მაკენზიმ.

ავსტრალიის ნაკრების გულშემატკივარს მცირე ოპტიმიზმი დაუბრუნა ზე რაგბის კლუბ "ბრამბიზის" მგეზავმა მეტ ტუმუამ, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგაც არ აპირებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სათამაშოდ წასვლას, რადგან ეროვნული გუნდის მაისურით თამაში მისთვის უმნიშვნელოვანესია.

თუმცა ამით პრობლემა მოგვარებულად მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან "ბრამბიზი" ჯერ კიდევ ყველანაირი ხერხით ცდილობს შეინარჩუნოს გუნდის სხვა ლიდერები, რომლებიც, ამავდროულად, ავსტრალიის ნაკრების ღირსებას იცავენ. ესენია: კრის ლილიიფანო, ნიკ ვაითი, ჯესი მოგი, სკოტ სიო და სკოტ ფედი. ყველა მათგანს კონტრაქტი 2014 წლის სეზონის ბოლოს ეწურება.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ავსტრალიის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელი ბილ პალვერი არ აპირებს დანებებას და ჯიუტად თვლის, რომ ევროპაში სათამაშოდ წასული ლეგიონერების ნაკრებში ჩამოყვანა დაუშვებელია.

ამიტომაც მზადდება ახალი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გაამკაცრებს წესებს და ხელს შეუშლის წარმატებულ მოთამაშეთა გადინებას ბებერ კონტინენტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული