ევროპის ჩემპიონთა თასი რაგბიში - რევოლუცია თუ სიცრუე?

AutoSharing Option
რაგბიში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ჩატარების იდეის შესახებ დიდი აურზაურია ატეხილი.

ორგანიზაცია "ევროპის რაგბის თასები" (ERC), რომელიც "ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" ორგანიზატორია, მთელი ძალით ეწინააღმდეგება ევროპაში ახალი სარაგბო ტურნირის ჩატარებას.

თუმცა ამ იდეას, როგორც ჩანს, ირიბად რაგბის საერთაშორისო საბჭოც (IRB) უჭერს მხარს.

ცხადია, ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. მით უფრო, რომ 23 ოქტომბერს "ევროპის რაგბის თასების" ხელმძღვანელები სპეციალურ თათბირს გამართავენ, რომელზეც საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო გუნდების ხელმძღვანელებს მიიწვევენ.

რევოლუცია თუ სიცრუე? ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია ფრანგულ ყოველდღიურ სარაგბო გაზეთ
"მიდი ოლიმპიკში".

"ჰაინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპის" დრო წავიდა. გარწმუნებთ, ჩემპიონთა თასის გათამაშება ბლეფი არ არის. ამას ისტორია დაამტკიცებს." - თქვა საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზიდენტმა პოლ გოზემ.

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ჩატარების იდეა გახმაურდა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს გარკვეული პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. ამ ორგანიზაციის ფრანგ პრეზიდენტს, ბერნარ ლაპასეს არც მწვადის დაწვა სურს და არც შამფურის.

"ჩვენ ვერ დავრთავთ ნებას, ასეთი რანგის ტურნირი მხოლოდ ორი მძლავრი სარაგბო ლიგის ბაზაზე ჩატარდეს. საერთოდ, რაგბის სამყარო სპეციფიკურია და არ არის ისე ორგანიზებული, როგორც ფეხბურთის. ნებისმიერი ახალი შეჯიბრება ჩვენ მიერ უნდა იყოს ხელდასმული და ყველას ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს."

ლაპასე ამას რომ ამბობდა, ცხადია, ირლანდიურ, უელსურ, შოტლანდიურ და იტალიურ კლუბებს ითვალისწინებდა, რომლებსაც შესაძლოა, ტურნირის შემოსავლებიდან მცირე წილი შეხვდეთ.

ერთი სიტყვით, მოსალაპარაკებელი და დასალაგებელი ძალიან ბევრია. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, ჩემპიონთა ლიგამ შესაძლოა დღის სინათლე ვერ ნახოს, რადგან დიპლომატიას დიდი დრო მიაქვს.

სხვა საქმეა, როგორ შეეხება და რა გავლენას იქონიებს ევროპის ახალი სათასო ტურნირი ქართულ კლუბებზე. როგორც უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის დავა, ვფიქრობთ, ჩვენი მსგავს ტურნირებში ჩართვა ახლო პერსპექტივა არაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული