მსოფლიოს ჩემპიონატი რაგბიში კლუბებს შორის?

AutoSharing Option
ორიოდ თვის წინ ქართველი მორაგბეების, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის კლუბის, "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების იდეა წამოაყენა.

როგორც ჩანს, ბურჯელალის იდეას ხორცი მალე შეესხმება. ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთის, "მიდი ოლიმპიკის" ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება "ჰაინეკენის თასის" მფლობელ "ტულონსა" და ზე რაგბის გამარჯვებულ ჰემილთონის "ჩიფსის" ხელმძღვანელებს შორის.

ეს გუნდები ერთმანეთს, სავარაუდოდ, 2 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

ამ დღეს საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის შეხვედრები არ არის, ზე რაგბის გათამაშება კი ერთი კვირის თავზე აიღებს სტარტს.

ერთი დღით ადრე, 1-ელ თებერვალს
საფრანგეთის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების პირველი ტურის მატჩს გამართავს. "ტულონისა" და "ჩიფსის" დაპირისპირებას, სავარაუდოდ, ან ნიცას "ალიანს არენა", ანაც მონაკოს "ლუი II" სტადიონი უმასპინძლებს.

არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მატჩის რეპორტაჟის ჩვენების სურვილი რამდენიმე ტელეკომპანიამ უკვე გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის გამართვას სასტიკად ეწინააღმდეგება ევროთასების ორგანიზატორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ევროპის რაგბის თასი" (ERC). მისი ხელმძღვანელი ჟან-პიერ ლუ ამტკიცებს, რომ:

"ევროთასებზე მონაწილე კლუბებს უფლება არ აქვთ, რაიმე სხვა ტურნირში, ევროპის საკლუბო ან თუნდაც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზონ. ეს მუხლი ყველა გუნდთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დევს".

ერთი სიტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ მსოფლიოს რაგბიში ახალი ტურნირის დაფუძნებას ცდილობენ, რომელიც ჩვენი აზრით, მის მიმართ ყურადღებას კიდევ უფრო გაზრდის, რაც ოვალური ბურთით თამაშს უცილობლად ხელს შეუწყობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული