უორენ გეთლენდს ნოემბერში სკალპის აღება უნდა

AutoSharing Option
უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უორენ გეთლენდი, რომელიც "ბრიტანელ ლომებს" ავსტრალიურ ტურნეში ხელმძღვანელობდა, "გაყოყოჩდა".

"წითელი ურჩხულების" დამრიგებელს საამისო მიზეზიც აქვს. მისმა დამოძღვრილმა გუნდმა სამხრეთულ ტურნეში 1997 წლის შემდეგ სამმატჩიანი სერია პირველად მოიგო. გეთლენდი მოუწოდებს უელსის ნაკრების მოთამაშეებს, წარმატებათა სერია განაგრძონ. ამის შანსი მათ მალე, ნოემბრის ტესტებზე ექნებათ.

"ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ათმა უელსელმა მორაგბემ ითამაშა და, ცხადია, მათ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით. გეთლენდის საქმიანობა "ბრიტანელ ლომებში" დასრულდა. ახლა მისი მიზანი უელსის ნაკრების 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მომზადებაა.

"ნოემბრის ტესტები კიდევ ერთი შანსია,
რომ ჩვენი ძლევამოსილება დავამტკიცოთ. სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიისა და არგენტინის ნაკრებები იმ დროისთვის ფორმის პიკში იქნებიან და ყველაფერს იღონებენ, რომ ჩვენ, ევროპის საუკეთესო გუნდი, დაგვამარცხონ.

ჩვენთვის ასეთი დონის მატჩებში ასპარეზობა მუდამ განვითარებისა და წინსვლის საწინდარი იყო. ამჯერადაც, ვფიქრობ, შესანიშნავი მოსამზადებელი ეტაპი გვექნება მომავალი წლის ექვსი ერის გათამაშების წინ.

მოუთმენლად ველით "მილენიუმზე" დაბრუნებას და ვეცდებით საკუთარი ქომაგების წინაშე მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო ნაკრებების დამარცხებას" - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული