ლანკასტერმა ბანაკი პორტუგალიიდან ლიდსში გადმოიტანა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა, სტიუარტ ლანკასტერმა გადაწყვიტა, პორტუგალიის საკურორტო ქალაქის ნაცვლად, ექვსი ერის გათამაშებისთვის მოსამზადებლად ეროვნული გუნდი ინგლისში, ლიდსის სარაგბო აკადემიაში შეკრიბოს.

აღსანიშნავია, რომ სეზონის დაწყების წინ ბოლო სამი წელიწადია "პომები" სწორედ პორტუგალიაში მიემგზავრებოდნენ სავარჯიშოდ. ეს ტრადიცია ლანკასტერმა წარსულის ყველა გადმონაშთთან დასამშვიდობებლად დაარღვია.

"ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ საწვრთნელი ბანაკი სწორედ ინგლისში გავმართოთ. დასვენებისა და გართობის დრო არ გაგვაჩნია.

ლიდსში ყველა წუთი საიმისოდ უნდა გამოვიყენოთ, რომ გუნდი ერთ მუშტად შევკრათ. დეტალურად გავაანალიზოთ მსოფლიოს თასზე თამაში.

ვნახოთ რა შეგვეშალა და
რაზე გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო. ლიდსში არსებული გარემო, ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

ამასთან ერთად, "პომების" დროებითმა თავკაცმა გადაწყვიტა საწვრთნელი შეკრების დროს სხვადასხვა სპორტის სახეობებში წარმატებული ინგლისელები მიიწვიოს.

ასე, მაგალითად, ლიდსში რაგბის ნაკრებს ველოსპორტის ფედერაციის მენეჯერი დეივ ბრეილსდორფი და კრიკეტის ფედერაციის მმართველი დირექტორი ჰიუ მორისი ეწვევა. ლანკასტერმა დაპატიჟა ასევე ინგლისის რაგბი ლიგის ნაკრების კაპიტანი ჯიმი პევლინი და ლიდსში განლაგებული სამხედრო ბაზის ჯარისკაცები.

ყოველივე ეს, ლანკასტერის აზრით, ინგლისის მორაგებთა ნაკრებში ერთსულოვნების ჩამოყალიბებასა და პატრიოტიზმის გაღვივებას გამოიწვევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული