"ბოკეს" ორი დებიუტანტი ჰყავს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრები ოთხი ერის გათამაშების მესამე ტურში, შაბათს, პერთში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბოკეს", რომელიც მეორე ტურში მენდოსაში არგენტინის ნაკრებთან ფრეს დასჯერდა - 16:16, თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა და ახლა შელახული რენომეს აღდგენას შეეცდება.

სამხრეთაფრიკელთა თავკაცმა ჰეინკე მეიერმა გუნდის 22-კაციან განაცხადში ორი დებიუტანტი - დუეინ ვერმულენი და იოჰან გუსენი შეიყვანა.

ამ ორი ცვლილების გარდა, "ბოკეს" შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე გადაადგილება განხორციელდა. ფრანსუა ჰუგარმა ცხრა ნომრის პოზიციიდან გარემარბად გადაინაცვლა.

გარემარბმა ლუაზი მვოვომ კი თადარიგში ამოჰყო თავი. ავსტრალიელებს ცხრა ნომრის პოზიციიდან გამოცდილი
რუან პინარი შეუტევს. ჯაკ პოთხიტერი და ანდრიას ბეკერი განაცხადში ვერ მოხვდნენ.

ბლუმფონტეინის "ჩიტაზის" მგეზავმა იოჰან გუსენმა შესაძლოა პირველი კეპი მოიხვეჭოს ეროვნულ ნაკრებში.

"ბოკეს" შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ჰეინკე მეიერმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ გადავწყვიტეთ, დუეინ ვერმულენი შერკინების შემკვრელის პოზიციაზე (#8) ძირითად შემადგენლობაში დაგვეყენებინა. ის ამ ტიპის კლასიკური მოთამაშეა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გვაკლია პიერ სპისი, რაიან კანკოვსკი კი იაპონიაში გადაბარგდა სათამაშოდ.

დუენის თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. რომ არა ტრავმები, მას დიდი ხნის წინათ შეეძლო ეროვნული გუნდის კვართის მორგება. ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა, ის ნაკრებში ითამაშებს.

იგივეს თქმა შეიძლება იოჰან გუსენზეც, რომელიც, ვფიქრობ, მალე ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი იქნება მსოფლიოში. მოხიბლული ვარ მისი ვარჯიშისადმი დამოკიდებულებითა და თამაშის მანერით. ის გუნდს ახლახან იოჰანესბურგში შემოუერთდა და მასზე დაკვირვებას მომავალი კვირების მანძილზე განვაგრძობთ.

ცხრა ნომრის პოზიციაზე რუან პინარი უფრო ნაყოფიერია. ის ტაქტიკურად უფრო განსწავლულია, ვიდრე ჰუგარი. ერთი სიტყვით, ავსტრალიაში ახალგაზრდა მორაგბეების გვერდით გამოცდილებიც ბევრი გვჭირდება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ და რაც უფრო მთავარია, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ".

სამხრეთ აფრიკა
15. ზან კირხნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. იან დე ფილიერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ფრანსუა ჰუგარი, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იან დუ პლესი, 4. ეებენ ესტებესი, 5. ივანდერ კრუხერი, 6. მარსელ კუცია, 7. ვილემ ალბერტსი, 8. დან ვერმულენი
16. ტიან ლიბენბერხი, 17. პატ კილიერსი, 18. ფლიპ ფან ნდერ მერვე, 19. ფრანსუა ლოუ, 20. იოჰან გუსენი, 21. პატ ლამბიე, 22. ლვაზი მვოვო.

"ოლ ბლექსი" არგენტინულ ტანგოს სწავლობს
მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრები შაბათს ველინგტონში ტურნირის დებიუტანტ არგენტინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, რომელმაც უკვე მოასწრო თავის გამოჩენა.

"პუმებმა" მენდოსაში ფრედ, 16:16 ითამაშეს სამხრეთ აფრიკის მრისხანე ნაკრებთან და ყველას დაუმტკიცეს, რომ იოლად არაფერს დათმობენ.

"ოლ ბლექსი" ახალი მეტოქის დასახვედრად განსაკუთრებით ემზადება. "ბოკესთან" ნაჩვენებმა თამაშმა კიდევ უფრო მეტად აუმაღლა საბრძოლო განწყობა ახალზელანდიელებს, რადგან მეტოქე საკმაოდ სერიოზული გამოდგა.

ამასთან, მასპინძლებს კარგად ახსოვთ შარშან, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე, მეოთხედფინალში "პუმებთან" დაპირისპირება. მაშინ პირველი ნახევარი "ოლ ბლექსმა" 12:7 მოიგო. საბოლოოდ კი მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა დასკვნით 20 წუთში, კირან რიდისა და ბრედ თორნის ლელოების წყალობით შეძლეს. საბოლოოდ მატჩი 33:10 დასრულდა.

"ოთხი ერის გათამაშება ცოტა განსხვავებული ტურნირია, ვიდრე სამი ერის, რომელიც აქამდე ტარდებოდა. დაგვემატა კიდევ ერთი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც სხვა სამი გუნდისგან განსხვავებული სათამაშო მანერა აქვს.

ყველამ კარგად იცის, რომ არგენტინის ნაკრებს მძლავრი შერკინება ჰყავს და უყვართ ძალისმიერი თამაში. ჩვენ ამას უნდა გავუძლოთ. უკანა ხაზი კი დაახლოებით ისე თამაშობს, როგორც საფრანგეთის ნაკრები." - თქვა არგენტინის ნაკრების ნაკრების მეორეხაზელმა სემ ვაითლოქმა.

ახალზელანდიელი მორაგბეები დარწმუნებულნი არიან, რომ "პუმები" მთელი თამაშის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოლებენ.

"არგენტინის ნაკრები შესანიშნავი გუნდია. მათ აჩვენეს "ბოკესთან" მატჩში, რომ 80 წუთის განმავლობაში მაღალი დონის რაგბის თამაში შეუძლიათ. მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. ახლა ხელებდაკაპიწებულნი ვშრომობთ, რათა მატჩში უპირატესობას მივაღწიოთ.

მათი ძლიერი მხარე მძლავრი და მობილური შერკინებაა. მისი განეიტრალება მხოლოდ სწრაფი მანევრებითა და ბურთის რაც შეიძლება დიდხანს კონტროლითაა შესაძლებელი.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს მგეზავსა და ცხრა ნომერზე, რამდენად სწორი და გამართლებული იქნება მათი ტაქტიკური დარტყმები. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო მატჩი გველის და, ვფიქრობ, რომ ქომაგი ნანახით კმაყოფილი დარჩება". - თქვა "ოლ ბლექსის" მესამეხაზელმა ლიამ მესამმა.

ახალი ზელანდია
15. იზრაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. მაა ნონუ, 12. კონრად სმიტი 11. ჰოსე გეარი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი. 1. ვაით კროკეტი, 2. კევან მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ბროდი რეტალიკი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. ბენ სმიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული