ილია ზედგინიძე: დაძაბულობის განმუხტვა ჩემი ერთ-ერთი მიზანია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, გოჩა სვანიძემ და ილია ზედგინიძემ, კლუბების წარმომადგენლებთან, ქომაგებთან და მედიასაშუალებებთან შეხვედრები გამართეს.

ილია ზედგინიძემ, რომლის კანდიდატურაც რაგბის კავშირის ნამდვილმა წევრებმა ახლახან წარადგინეს, პრესკონფერენცია გამართა.

"საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კლუბს და მორაგბეს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს.

გვინდა, ის სითბო და სიყვარული, რაც ჩვენ მივიღეთ, უკან დავუბრუნოთ ქართულ რაგბის; ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ძირითადად საფრანგეთში მივიღეთ, ქართული რაგბის განვითარებას მოვახმაროთ.

აუცილებელია, რომ ქართული კლუბები უფრო ძლიერები გახდნენ,
ვიდრე დღეს არიან. მათ უფრო დიდ გამოწვევებთან გამკლავება უნდა შეძლონ. აუცილებელია, მათ საერთაშორისო ასპარეზზე ითამაშონ.

ჩვენი ნაკრების შედეგი არაჩვეულებრივი იყო. ეს უნდა გაგრძელდეს. ხარისხმა უნდა მოიმატოს. მალე პრეზენტაციას გავმართავთ და დეტალებზე დაწვრილებით ვისაუბრებთ.

აუცილებელია სარაგბო ეკონომიკის შექმნა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი გარე ფაქტორებზე. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც საერთოდ არ არის განხილული. შესაძლოა, ერთ პროცენტზე ნაკლები იყოს ჩვენს ბიუჯეტში ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხები. აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მხრივ მყარად ვიდგეთ ფეხზე.

დაძაბულობის განმუხტვა ჩემი ერთ-ერთი მიზანია. თუ ყველამ ერთად არ გავაკეთეთ საქმე და სხვადასხვა მიმართულებით ვიარეთ, საქმე წინ ვერ წავა. ეს არის გზავნილი, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს. რაგბის ოჯახი ერთიანობით წავა მხოლოდ წინ, სხვა შემთხვევაში უკან წავალთ.

ყველა შეჯერებულნი ვართ, რომ მილტონ ჰეიგის მიღწევა მნიშვნელოვანი იყო. ორი გამარჯვება მსოფლიოს თასზე ისტორიული მოვლენაა ჩვენი რაგბისთვის და ლოგიკურია, რომ ის უნდა დარჩეს ეროვნული ნაკრების სათავეში", - თქვა მან.

ილია ზედგინიძე სამოქმედო პროგრამის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გეგმავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული