"რაგბი-ევროპის" პრეზიდენტი: 6 ერში მოსახვედრად თქვენთან ერთად ვიბრძვი

AutoSharing Option
საქართველოს "რაგბი-ევროპის" პრეზიდენტი ოქტავიუს მორარიუ სტუმრობს. 16 დეკემბერს მისი და რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს, მთელ სარაგბო ოჯახს რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ჩვენთვის დიდი პატივია "რაგბი-ევროპის" ხელმძღვანელის სტუმრობა. მას ქართულ რაგბიზე დიდი ამაგი აქვს და მინდა, ეს დაფასდეს", - პრესკონფერენცია გახსნა გიორგი ნიჟარაძემ.

შემდეგ სიტყვა ოქტავიუს მორარიუმ აიღო და ჩამოსვლის რამდენიმე მიზეზი ჩამოგვითვალა: რაგბი-ევროპის კონგრესი, რომელიც 2016 წელს თბილისშია დაგეგმილი; 2017 წელს საქართველოში გასამართავი მსოფლიოს თასი ახალგაზრდებს შორის და ქართული
რაგბის მხარდაჭერა...

"საქართველოში მეთხუთმეტედ ვარ, პირველად 1982 წელს ჩამოვედი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენს ქვეყანაში სტუმრობა სიამოვნებასთან ერთად დიდი ემოციაცაა.

მომავალ წელს თბილისში გასამართავი "რაგბი-ევროპის" კონგრესი ჩვეულებრივი არ იქნება, ბევრი მნიშვნელოვანი კანონი უნდა დამტკიცდეს. მასპინძელი თბილისი იქნება, რაც ერთგვარად სიმბოლურია, რადგან საქართველო "რაგბი-ევროპის" ერთ-ერთი ძლიერი წევრია. მხოლოდ ნაკრების გამო არა, იმ ხალხის გამო, რომლებიც ქართულ რაგბის უდგანან სათავეში".

ოქტავიუს მორარიუმ ისიც თქვა, რომ როგორც საქართველოს სჭირდება "რაგბი-ევროპა", ისე "რაგბი-ევროპას" სჭირდება საქართველო:

"საქართველოს ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. თუმცა გუნდს მიღმა ყოველთვის დგანან პიროვნებები, რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.

ქართული რაგბი ძლიერია როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. ეს კი ჯორჯის (გიორგი ნიჟარაძე) დიდი დამსახურებაა. იგი ჩემთან ერთად ევროპაში რაგბის განვითარებისთვის იბრძვის. ერთობლივად მივაღწიეთ იმას, რომ რაგბის მსოფლიო საბჭოში მაგიდასთან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს წარმომადგენელიც იჯდება.

ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან რუმინელი ვარ და საქართველოსთან ერთად რუმინეთიც იგულისხმება. იცით, რომ საქართველო ექვს ერში მოხვედრისთვის იბრძვის, რაშიც ბოლომდე მხარში ვუდგავარ".

საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა საკუთარ გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, გიორგი ნიჟარაძემ საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა.

"ეს, პირველ რიგში, იმიტომ გავაკეთე, რომ სარაგბო ოჯახში ერთიანობა არ დარღვეულიყო. უმძიმესი ოთხი წელი გველის. მე არ ვაპირებ რაგბიდან წასვლას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. ოღონდ ისიც მინდა ყველამ იცოდეს, რომ პრეზიდენტის სკამი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ეს ფუფუნება კი არა, დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სარაგბო ოჯახის წინაშე..."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს რაგბი აღმავლობის გზაზეა და ამ საქმეში გიორგი ნიჟარაძეს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ვინ არის ის ხალხი, რომლებმაც ისთი ინტრიგები დაატრიალა, რამაც ნიჟარაძე აიძულა, რომ კანდიდატურა მოეხსნა? ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. სირცხვილია.
gogig
12:52 18-12-2015
0
გაუმარჯოს გიორგი ნიჟარაძეს, ქართულ რაგბს ჭირდება იგი
პაატა
15:59 17-12-2015
0

სიახლეები პოპულარული