"ბორჯღალოსნების" 10 საეტაპო მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტები იაპონიის ეროვნულ გუნდთან შესანიშნავი გამარჯვებით (35:24) დაასრულა. ტესტებზე ირლანდიისა და ტონგას ნაკრებებთან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ჩვენს გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა გამარჯვება - შედეგი, რომელიც "ბორჯღალოსნებს" საკუთარი ძალების რწმენას დაუბრუნებდა, ქომაგს კი მომავლის იმედს ჩაუსახავდა...

ბიჭებმა გამარჯვება თავდადებული ბრძოლით მოიპოვეს და ვფიქრობთ, ეს მატჩი იმ შეხვედრების ათეულში უნდა შევიყვანოთ, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონიეს ქართული რაგბის განვითარებაზე.

გავიხსენოთ ის 10 თამაში, რომელიც ჩვენი რაგბის წინსვლის ნიშანსვეტია.

1. საქართველო-ზიმბაბვე 16:3
12 სექტემბერი, 1989 წელი
ქართული რაგბი დიად საბჭოთა ოჯახს სპორტის
სხვა სახეობებთან შედარებით ყველაზე ადრე გამოეყო და რა გასაკვირია, რომ ეროვნული ნაკრების შექმნაც ასევე ყველას დაასწრო.

1989 წელს, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლა და დამოუკიდებლობის მოპოვება შორეულ მომავლად გვესახებოდა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, დავით კილასონიას ხელმძღვანელობით, შინდისფერი კვართები მოირგო და ქუთაისში ზიმბაბვეს ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. პირველ ტესტ-მატჩში "ბორჯღალოსნებმა" პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 16:3.

Sportall.Ge

ამას მომდევნო წელს ჩვენი გუნდის საპასუხო ვიზიტი მოჰყვა ზიმბაბვეში და ასე შეუდგა აღმართს გუნდი, რომელსაც არაერთხელ უნდა ესახელებინა სამშობლო.

2. საქართველო-რუსეთი 29:20
20 ოქტომბერი, 1996 წელი
ქართული რაგბის ისტორიაში ეს მატჩი ოქროს ასოებითაა შესული. საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს პირველად 1993 წელს პოლონეთში გადაეყარა და 9:15 დამარცხდა.

სამი წლის შემდეგ "დათვები" თბილისში გვეწვივნენ და მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს ნაკრებს მათთან გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ ჰქონდა.

Sportall.Ge

იმ დროს "ბორჯღალოსნებს" ამაგდარი ქართველი მწვრთნელი გურამ მოდებაძე წვრთნიდა. ჩვენმა ბიჭებმა მეტოქეს თავს საკუთარი თამაში მოახვიეს და 29:20 გამარჯვებით ქართველ ქომაგს უდიდესი სიხარული მოჰგვარეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გამარჯვებით რაგბიმ უყურადღებობის მისტიკური, ჩაკეტილი წრე გაარღვია. აქედან იწყება დამოუკიდებელი საქართველოს რაგბის განვითარების მეორე ეტაპი.

3. რუმინეთი-საქართველო 20:31
7 აპრილი, 2001 წელი
განვითარების მეორე ეტაპი ხუთი წელიწადი გაგრძელდა. "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასის გათამაშებაში ჩართეს და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესირებდნენ.

2001 წლის 7 აპრილს საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტში პირველად სძლია რუმინეთის ეროვნულ გუნდს და ასევე პირველად დაეუფლა ერთა თასს. ის მატჩი მარტო ამით არ იყო გამორჩეული. მაშინ ქართული, უდრეკი სულის ძლიერება გამოჩნდა.

Sportall.Ge

შერკინების ბურჯმა ლევან ცაბაძემ თამაშისას სერიოზული ტრავმა მიიღო, მაგრამ "ლეონსიომ" ექიმების რჩევას ყური არ ათხოვა - მოედანზე შებრუნდა და გუნდთან ერთად შესანიშნავი გამარჯვება იზეიმა.

4. საქართველო-სამხ. აფრიკა A 17:31
18 ნოემბერი, 2001 წელი
პირველი დიდი გუნდი, რომელიც თბილისში გვეწვია, სამხრეთ აფრიკის A ნაკრები იყო. რუმინელთა დამარცხებამ და ერთა თასის მოპოვებამ მსოფლიოს რაგბის "მამები" დააფიქრა. ჯერ საფრანგეთის სტუდენტთა ნაკრები გამოგვიგზავნა, მერე კი "ბოკეს" სათადარიგო რაზმი.

იმის დასტურად, თუ რამდენად ძლიერი გუნდი გვსტუმრობდა, ისიც კმარა, რომ სამხრეთაფრიკელთა რიგებში მერე უკვე ლეგენდად ქცეული ბაკის ბოთა თამაშობდა. ის დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელია. მასზე არანაკლები პერსპექტივა ჰქონდა მის მეწყვილე იენის ლაბუსხანს, მაგრამ ხშირმა ტრავმიანობამ მისი კარიერა შეაფერხა.

იმ დღეს "ბორჯღალოსნებმა" ლაღი, იმ დროისთვის პროგრესული თამაში აჩვენეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან 17:31 დამარცხდნენ.

5. საქართველო-რუსეთი 17:13
13 ოქტომბერი, 2002 წელი
2002 წლის 13 ოქტომბერი, ვფიქრობთ, ყველაზე დიდი დღეა ქართული რაგბის ისტორიაში.

პირთამდე გადაჭედილ ეროვნულ სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც სამი სამხრეთაფრიკელი მორაგბით იყო გაძლიერებული, 17:13 მოუგეს და პირველად მოიპოვეს მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება. იმ დღეს მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა ზეიმობდა...

Sportall.Ge

თუმცა, დღემდე გველის ნაკბენივით მახსოვს ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სატელევიზიო მიმართვა - კარგით ახლა, ყველა მორაგბე ნუ გახდებითო.

ნეტა, ყველა მორაგბეები ვიყოთ...

6. საქართველო-ირლანდია 10:14
15 სექტემბერი, 2007 წელი
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს თასზე ერთხელ უკვე ნათამაშები ჰქონდა. მეორეზეც ისე გავიდა, დიდად არ გასჭირვებია. თუმცა ჩვენი გუნდის ძალის აღიარება და ერთიან დიდი სარაგბო ოჯახში მიღება ჭიანურდებოდა.

ამ მოლოდინს წერტილი დაუსვა საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ირლანდიის ნაკრებთან დაპირისპირებამ. მაშინ "სამყურები" გადაგვირჩნენ. მართალია, მატჩი 10:14 წავაგეთ, მაგრამ ბორდოს სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა "ბორჯღალოსნებს" ოვაცია მოუწყო, "სამყურებმა" კი მოედანი თავდახრილებმა დატოვეს.

Sportall.Ge

მას შემდეგ, საქართველოს ნაკრებზე საუბრისას, ყველა უცხოელი ჟურნალისტი თუ რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდმოხელე თავს მოვალედ თვლიდა, ეს მატჩი ეხსენებინა.

ჩაკეტილი, ჯადოსნური წრე გაირღვა. საქართველოს ნაკრების გამოჩენას მსოფლიოს მოწინავე ოცეულში დროებით მოვლენად აღარავინ მიიჩნევდა.

7. საქართველო-ნამიბია 30:0
26 სექტემბერი, 2007 წელი
ეს კი იმავე მსოფლიოს თასის გათამაშებაში დადასტურდა. "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მოგებაც არის და მოგებაც. ნამიბიის ნაკრებს, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს, ჩვენმა ბიჭებმა "მშრალი" ანგარიშით 30:0 მოუგეს.

მსოფლიოს თასის გათამაშებების სტატისტიკურ მონაცემებში საქართველოს ნაკრების მოგებათა გრაფის გასწვრით "0" აღარ ეწერება...

8. საქართველო-აშშ 19:17
27 ნოემბერი, 2010 წელი
ზემოთ მონათხრობ წარმატებებს მოჰყვა ის, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭომ რანგით უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაშის საშუალება მოგვცა, ვიდრე ერთა თასზე მოასპარეზე ნაკრებებია.

ასე დავიწყეთ პაექრობა ეგრეთ წოდებულ მეორე დონის ქვეყნების ნაკრებებთან და ჩვენი მეტოქეები უკვე საკმაოდ ხშირად აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ფიჯის, ტონგასა და სამოას ნაკრებები გახდნენ.

2010 წლის 27 ნოემბერს თბილისში პირველად გვეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები. თამაში ძალზედ დაძაბული გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ შერკინებაში მეტოქეს აშკარად ვჯაბნიდით, მისი წინააღმდეგობის დაძლევას ვერაფრით ვახერხებდით. მატჩის დასრულებას წამები აკლდა. ამერიკელები 17:12 გვიგებდნენ. სტუმრების ხუთმეტრიან ზონაში დანიშნული მათივე შერკინება მოვიგეთ. ბურთი სწრაფად ჩავათამაშეთ მარჯვნივ და გამარჯვების მომტანი ლელო გავიტანეთ.

იქამდე, ერთი კვირით ადრე კანადის ნაკრებიც გვყავდა დამარცხებული და დავამტკიცეთ, რომ ამ გუნდებთან არამარტო ტოლ-სწორად თამაში, არამედ მათი ძლევაც შეგვიძლია.

9. საქართველო-სამოა 16:15
23 ნოემბერი, 2013 წელი
ყოველივე ამის შემდეგ რაგბის საერთაშორისო საბჭომ წყალობა გაიღო და ნოემბრის ტესტებზე მოწინავე ათეულის ქვეყნების ნაკრებებთან თამაშებიც დაგვინიშნა. პირველი ასეთი გუნდი შარშან ნოემბრის ტესტებზე გვეწვია. სამოას ეროვნული ნაკრები იმ დროისთვის მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-6 ადგილზე იყო.

Sportall.Ge

სამოელებთან დაპირისპირებამდე ერთი წლით (2012 წლის ნოემბრის ტესტებზე) ადრე "ბორჯღალოსნებმა" თბილისში იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან წააგეს. ამიტომ, მათზე უფრო ძლიერ სამოასთან გამარჯვების არავის სჯეროდა, მაგრამ...

რაც მთავარი იყო, სჯეროდათ თავად "ბორჯღალოსნებს".

ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი თავდადებული ბრძოლის, საკუთარ თავზე მაღლა ახტომის. საქართველოს ნაკრებმა მრისხანე მეტოქე 16:15 დაამარცხა და მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

10. საქართველო-იაპონია 35:24
23 ნოემბერი, 2014 წელი
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული "ბორჯღალოსნებმა" კარგად დასცადეს. ეს დღე, თითქოს რაღაც დამატებით ძალას მატებს გუნდს. სამოას ნაკრებთან გამარჯვებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, გიორგობას, თბილისში მსოფლიოს საუკეთესო ათეულის კიდევ ერთი გუნდი, იაპონიის ეროვნული ნაკრები დავამარცხეთ.

ამ მატჩში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ხუთი ისეთი მორაგბე თამაშობდა, რომლის ასაკი 21 წელს არ აღემატებოდა.

Sportall.Ge

მომავალი თაობა მოდის. წინ მსოფლიოს თასის მორიგი გათამაშებაა და, ვფიქრობთ, საკმაოდ ძლიერი იაპონიის ნაკრების დამარცხებით, გუნდი მეტ გამოცდილებასა და საკუთარი ძალების რწმენას შეიძენს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუცილებლად გამოვყოფდი მსოფლიოზე რუმინეთის დამარცხებას. ამით ძალიან ხმამაღლა ვაჩვენეთ რომ ევროპაში მინიმუმ მეშვიდე ვართ. ძალიან კარგი სტატიაა
giorgi
01:53 07-12-2014
0
გაიხარეთ ბიჭებო და გაგვახარეთ!!!
tony
17:19 06-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული