აია-ყოჩები 21:11 - "აიამ" დაუმარცხებელი ლიდერი დაამარცხა

AutoSharing Option
მასპინძელი გუნდისთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: ჩემპიონატის პირველ ეტაპზე არცთუ დამაჯერებელი ასპარეზობის შემდეგ ქუთაისელებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ უკეთ თამაში და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაახალგაზრდავებული შემადგენლობითაც შეუძლიათ.

ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ გამოცდას წარმატებით გაართვა თავი - გათამაშების ლიდერი ბოლნისის "ყოჩები", რომელსაც 11 ტურში არ წაუგია, დაამარცხა და მეტად მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

მასპინძლებისთვის შეხვედრა არცთუ სახარბიელოდ დაიწყო. ქუთათურებმა დებიუტში თამაში ვერ დაალაგეს, ორჯერ დაჯარიმდნენ და მე-9 წუთისთვის 0:6 აგებდნენ. ბოლნისელებს ქულები მათმა "სნაიპერმა" თემურ სოხაძემ მოუპოვა.

ქუთაისელებს
მალევე შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, მაგრამ გაგა სინაურიძემ საჯარიმო დარტყმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. მასპინძლებმა თითქოსდა თამაში გამოასწორეს და მძლავრადაც შეუტიეს, მაგრამ ბოლნისელებმა სწრაფი კონტრშეტევით უპასუხეს, შალვა მახარაშვილი "აიას" უკანახაზელებს დაუსხლტა და ლელო გაიტანა, სოხაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 0:11.

ქუთათურებს კარგი დასაწყისი ნამდვილად არ გამოუვიდათ, მაგრამ მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დაიბნენ, თამაშში გარდატეხა შეიტანეს და თანდათან მთლიანად მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ.

სინაურიძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა, რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ კი მასპინძლებმა ლელოც გაიტანეს. ისინი მეტოქეს მოლით მიაწვნენ, ქუთაისელთა ბურჯმა მიხეილ რატიაშვილმა ჩათვლის ხაზთან სტუმართა "კედელი გაანგრია" და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. სინაურიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:11.

"აიას" პირველ ტაიმშივე შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ ბოლო წამებზე ძალზე სახიფათო შეტევა ჩაეშალა.

მატჩის განახლებისთანავე სოხაძემ არეკნით სცადა მასპინძლების დამწუხრება, მაგრამ შორი მანძილიდან ბურთმა მიზანს ვერ უწია. ამის შემდეგ უპირატესობას მთლიანად ქუთაისელები დაეუფლნენ, მათ 22-მეტრიან ზონაში გამოკეტეს მეტოქე და ლელოს ხაზსაც მიუახლოვდნენ.

ბექა გუგეშაშვილმა ქუთაისელთა შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა, რისთვისაც გაასინბინეს, მასპინძლებმა კი ბურთის აუტში გადატანას და ლელოსთვის ბრძოლას ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის დარტყმა და გარანტირებული 3 ქულა ამჯობინეს. სინაურიძემაც საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი ხელიდან არ გაუშვა -13:11.

ქუთათურები ფიზიკურადაც უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ, სტუმრებს კი დაღლა დაეტყოთ. ბურთს, ძირითადად, "აია" ფლობდა და უფრო მწვავედაც უტევდა. შეცვლაზე შესულ რეზო ჯინჭველაშვილს არეკნით ანგარიშის გაზრდის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

67-ე წუთზე კი სინაურიძემ საჯარიმო დარტყმა გაიტანა და ანგარიში 16:11 გახადა. ბოლო წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. სტუმრები ვა-ბანკზე წავიდნენ და შეცდომებსაც მოუხშირეს, რითაც ქუთათურებმა კარგად ისარგებლეს. ჯინჭველაშვილმა ძლიერი დარტყმით აუტისკენ გაუშვა ბურთი.

ბოლნისელები მის დაჭერას შეეცადნენ, რაც უხეიროდ გამოუვიდათ. მასპინძლებმა მეტოქე შებოჭეს. ბურთს მინდორზე ხუთიოდე წუთის წინ შესული გიორგი ტორაძე (უმცროსი) დაეუფლა, რომელმაც მეტოქეს შეცდომა არ აპატია და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. სინაურიძეს გარდასახვისას მიზანმა უმტყუნა - 21:11.

ბოლო წამებზე ბოლნისელებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, მაგრამ სოხაძემ საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა. "აიამ" ამ სეზონში აქამდე დაუმარცხებელ "ყოჩებს" პირველი მარცხი აგემა.

აია-ყოჩები 21:11
აია (15-9) მოდებაძე (ბ. ტორაძე 62), გ. აფციაური, გ. ფრუიძე, ირემაძე (ჯინჭველაშვილი 49), კიკვაძე, სინაურიძე, თუთბერიძე (გ. ლოსაბერიძე); (1-8) რატიაშვილი, მატკავა (გ. ტორაძე უმც.74), გ. ტორაძე უფრ. (უშხვანი 64), გიორგაძე, ჩიტეიშვილი (სალდაძე 79), შალამბერიძე, დ. ლოსაბერიძე (არეშიძე 70), ყურაშვილი
2ლ: რატიაშვილი, ტორაძე უმც. 3ს,გ: სინაურიძე.
ყოჩები (15-9) მახარაშვილი (გაბუნია 60), გეგენავა, ხარშილაძე (ხუციშვილი 56), გარუჩავა, გოგოლაშვილი, სოხაძე, ბეგაძე; (1-8) გოგიშვილი (ჯინჭარაძე 58), ხიდეშელი, ხოსიტაშვილი (ცუცქირიძე 74), არჩუაშვილი, ურუშაძე (გრძელიშვილი 57), გუგეშაშვილი (ტყეშელიაძე 58), ჯ. კიკვიძე (აფციაური 58), ჩხიკვაძე
ლ: მახარაშვილი. 2ს: სოხაძე
სინბინი: გუგეშაშვილი
მსაჯი: რეფ ბარი (ირლანდია)

საქართველოს ჩემპიონატი
XII ტური
არმაზი-არმია 18:18
ხარები-ლელო 13:27
ჯიქი-ლოკომოტივი 9:22
ბათუმი-თიბიესი 43:3

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 12 10 1 1 +113 44
2. ბათუმი 12 7 1 4 +70 35
3. ლელო 12 7 2 3 +72 34
4. ხარები 12 6 2 4 +34 30
5. ლოკომოტივი 12 5 1 6 +16 28
6. აია 12 6 0 6 +7 28
7. არმაზი 12 5 1 6 -28 24
8. არმია 12 4 1 7 -66 21
9. ჯიქი 12 4 1 7 -30 20
10. თიბიესი 12 1 0 11 -188 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ აიას ძალიან ახალგაზრდა გუნდია... მაგრად ითამაშეს თუ ეს ბირთVუი შეინარჩUნა 2-3 წელში საუკეთესოები იქნებიან... რატიაშვილს რაც შეეხება რამდენიმე წელია ბიჭმა რაც თამაში დაიწყო მანამდე ნაყურებიც არ ქონდა და ვთვლი რომ ერთ ერთი საუკეთესო 1 ნომერია და მალე უფრო საუკეთესო იქნება
bneli
13:05 02-02-2015
0

სიახლეები პოპულარული