7-კაცა მსოფლიო სერიის ჩელენჯერისთვის დუბაიში მოემზადება

AutoSharing Option
საქართველოს განვითარებადი 7-კაცა დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ხანმოკლე შეკრებაზე შევიდა. ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები 2024 წლის მსოფლიო სერიის ჩელენჯერისთვის ემზადებიან, მანამდე კი დუბაის საერთაშორისო წვეულ (International Invitation Men) ტურნირზე ითამაშებენ.

International Invitation Men-ი დუბაიში მსოფლიო სერიის პარალელურად იმართება და მასში წვეული გუნდები იღებენ მონაწილეობას. განვითარებადი საქართველო 1-ელ დეკემბერს ორ შეხვედრას გამართავს – Sydney7s-თან და Froggies-თან; 2 დეკემბერს კი Matakesi-ს და ირლანდიის მეორე ნაკრებს ერკინება. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო და ვინ იქნებიან მისი
მეტოქეები პლეი-ოფში.

„დუბაიში მეორე დონის ტურნირს ვთამაშობთ, რომელშიც მეტოქეებად საკმაოდ ძლიერი გუნდები გვეყოლება. ამ ტურნირს გერმანია, კენია და სხვა გუნდები, ჩვენ მსგავსად, ჩელენჯერისთვის მოსამზადებელ ეტაპად იყენებენ, ირლანდია, საფრანგეთი და სხვა წამყვანი გუნდები კი უახლოესი რეზერვით თამაშობენ“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ბესო ხამაშურიძე, რომელმაც დუბაის ტურნირისთვის უკვე შეარჩია 13 მოთამაშე.

„გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. ორი ბიჭი დავიმატეთ 20-წლამდელთა ნაკრებიდან. მათ 7-კაცას გამოცდილება არ აქვთ, თუმცა კარგი მონაცემებით გამოირჩევიან. დუბაის ტურნირი სწორედ სელექციას და გამოცდილების შეძენას ემსახურება“ – აღნიშნავს ხამაშურიძე.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს 7-კაცამ პროფესიონალიზმისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა და ხუთი მოთამაშე დააკონტრაქტა – ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, სოსო მათიაშვილი, გიორგი კოშაძე და სერგი ჩხაიძე. ისინი კვირის განმავლობაში 7-კაცასთვის საჭირო ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას გადიან, სათამაშო პრაქტიკისთვის კი დიდ 10-ში თავ-თავიანთ კლუბებს ემატებიან. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ 7-კაცას ვარჯიშები კვირაში ორჯერ უტარდებათ.

ჩვენი 7-კაცა დუბაიში 29 ნოემბერს მიემგზავრება.

საქართველოს 7-კაცა დუბაიში: ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, ირაკლი სიმსივე, იაგო გელაძე, დავით კენჭოშვილი, სოსო მათიაშვილი, გიორგი კოშაძე, სერგი ჩხაიძე, საბა არჩვაძე, რომა მახათაძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გაგა ქევხიშვილი, ოთარ მეტრეველი.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი ნება რომ იყოს,ქართველ უკანახაზელებს და უფრო მოძრავ ბიჭებს,სავალდებულოდ გავუხდიდი,7 კაცა რაგბის გუნდში თამაშს.თავისთავად 7 კაცაც საინტერესო თამაშია და დიდ რაგბიშიც,ძალიან დაეხმარებათ.გასაგებია,რომ 15 კაცაში ძალიან იტვირთებიან,მაგრამ კვირაში ორი დღეს,რომ ოფიციალურად 7 კაცაზე გადართვა და იქ ვარჯიშ-თამაში დაუწესდეთ,ვფიქრობ უფრო უკეთესი შედეგი ექნებათ,ორივეგან.
უტოპიაა?შესაძლოა,მაგრამ ეს ორივე სახეობას წაადგება და მოსინჯვად,თუნდაც რამდენიმე გუნდის მიერ,ალბათ ღირს.
სოსო
13:30 28-11-2023
0

სიახლეები პოპულარული