რონან ო’გარა: "შავ ლომს" ჩელენჯ თასის მოგების პერსპექტივა აქვს

AutoSharing Option
ირლანდიური და მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი, ამჟამად ტოპ 14-ის "ლა როშელის" მთავარი მწვრთნელი რონან ო’გარა მიიჩნევს, რომ "შავი ლომის" ჩელენჯ თასზე მიწვევა ქართულ რაგბის „მწვერვალებისკენ უხსნის გზას“.

46 წლის ო’გარას ირლანდიის ნაკრებში 128 თამაში აქვს ჩატარებული (2000-2013 წლებში) და გუნდს 1083 ქულა შესძინა. გარდა ამისა, მან ორი შეხვედრა ჩაატარა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ჯერ "რასინგ 92"-სა და "ქრუსეიდერსში" მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2019 წელს კი "ლა როშელი" ჩაიბარა ზედიზედ ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა
თასი (2022 და 2023).

„ქართული რაგბი ბოლო წლებში მუდმივად წინ მიიწევს. მე ვიცნობ საქართველოს ნაკრებისა და "შავი ლომის" რამდენიმე მოთამაშეს და ისინი ამაყები არიან მშობლიურ ქვეყანას რომ წარმოადგენენ. წარმომიდგენია ახლა როგორი ამაყები იქნებიან, როდესაც მათი გუნდი უმაღლესი დონის ჩემპიონატში ერთვება. ბევრი ქართველი თამაშობს ტოპ 14-ის კლუბებში და ისინი საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან, მაგრამ არიან სხვა ნიჭიერი მორაგბეები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული გუნდის სახელით უმაღლესი რანგის ტურნირში თამაში“ – ამბობს ო’გარა და მიიჩნევს, რომ ჩელენჯ თასი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული რაგბის წინსვლისთვის:

„ჩელენჯ თასზე წარმატებული თამაში მნიშვნელოვანი იქნება ქართული რაგბისთვის, რათა ის უმაღლეს ეშელონებში ავიდეს. ეს ტურნირი არის მაღალი დონის რაგბის საფუძველი, – თუ იქ ფეხი მოიკიდე და გაიმარჯვე, – გზა ხსნილია მწვერვალებისკენ. კონკურენტული საფუძვლის შესაქმნელად, ამაზე უკეთესი პლატფორმა არ არსებობს და მე ვხედავ პერსპექტივას, რომ "შავმა ლომმა" ჩელენჯ თასი მოიგოს“.

„მხოლოდ ტიერ2-ის, შენი დონის გუნდებთან თამაში სწრაფი განვითარებას შესაძლებლობას არ გაძლევს, საჭიროა შენზე ძლიერებს ეთამაშო და ფანჯარა, რომელიც ტიერ1-ზე გაგიყვანს. 20 წლის წინ ირლანდია ახლოსაც ვერ მივიდოდა ახალ ზელანდიასთან, მაგრამ როდესაც ძლიერებთან რეგულარულად თამაშის საშუალება გეძლევა, მისი უძლეველობის მისტიკაც ქრება. ახლა ირლანდიას და ზელანდიას გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ და იგივე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც“.

„ამ მხრივ მნიშვნელოვანია თაობათა უწყვეტობა და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. სამწუხაროა ახალგაზრდებს ასეთ პირობებში, ასეთ მინდორზე რომ უწევთ თამაში, ეს მათ ცუდად ამახსოვრდებათ, სხვა მხრივ კი, ქართველებმა კარგი თამაში აჩვენეს და ვფიქრობ, მათ შორის რამდენიმე ამომავალი ვარსკვლავია“.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ითამაშებს და "გლოსთერს" (9 დეკემბერს) და "კლერმონს" (20 იანვარს) „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება, "სქარლეთსა" (15 დეკემბერს) და "კასტრს" (13 იანვარს) კი სტუმრად ეთამაშება.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ო გარა არაა ო ჰარაა, გალანდია და გარი პოტერი კიდე
0
მართალია, ასეთი დაბალი ხარისხის მინდვრები რაც სამხრეთ აფრიკაში იყო უბრალოდ დაცინვაა და არ ეკადრება მსოფლიო ჩემპიონატს
ირაკლი
14:39 15-07-2023
0

სიახლეები პოპულარული