ფლორან მარტი: "შავი ლომი" EPCR-ზე - ეს სუპერთასის მიმართ ინტერესს გაზრდის

AutoSharing Option
რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი "შავი ლომის" ჩელენჯ თასზე მიწვევას „ფანტასტიკურ ამბავს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება რაგბი ევროპის სუპერთასის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ქართული ფრენჩაიზი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ნაწილი ოფიციალურად 6 ივლისს გახდა და "შავი ლომი" 2023/2024 წლების სეზონის ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ფრანგულ "კასტრთან" და "კლერმონთან", შოტლანდიურ "ედინბურგთან", ინგლისურ "გლოსთერთან" და უელსურ "სკარლეტსთან" ამა წლის დეკემბრიდან ითამაშებს, მანამდე კი რაგბი ევროპის სუპერთასზე ტიტულის დაცვას და მის ზედიზედ მესამედ მოპოვებას შეეცდება.

„დიდი ხანია
"შავი ლომის" EPCR-ის ტურნირში მიწვევას მხარს ვუჭერთ და EPCR-ის ადმინისტრაციასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით, რათა ეს 2023/2024 წლების სეზონზე მომხდარიყო. ეს ფანტასტიკური ამბავია. ევროპის სხვა გუნდებსაც ჰქონდათ სურვილი ჩელენჯ თასის ნაწილი გამხდარიყვნენ და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის გუნდები მზადყოფნას გამოთქვამენ ჩაერთონ ისეთი მაღალი დონის ტურნირში, როგორიც ჩელენჯ თასია. სუპერთასის ორგზის გამარჯვებული "შავი ლომის" ჩელენჯ თასზე მიწვევა ასევე ძალიან სასარგებლოა თავად სუპერთასისთვის, რადგან ეს გაზრდის ინტერესს ჩვენი ტურნირის მიმართ. რაგბი ევროპის სურვილია, რომ ჩამოყალიბდეს ერთგვარი დერეფანი, რომლითაც სუპერთასის ლიდერი გუნდები ჩელენჯ თასზე მოხვდებიან და იმედია, სხვა გუნდებიც მიიღებენ ასეთ შესაძლებლობას“ – ამბობს მარტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში რაგბის გლობალიზაციის გზას ხედავს:

„საქართველომ ექვსი ერის გუნდები – იტალია და უელსი დაამარცხა, რაც საუკეთესო მოწმობაა იმისა, რომ ქართული რაგბი უდიდეს პროგრესს განიცდის. ეს ყველას გვჭირდება, რათა რაგბი უფრო მეტად გლობალური სპორტის სახეობა გახდეს. სწორედ ამას აკეთებს საქართველო და ძალიან გვეამაყება, რომ საკლუბო და სანაკრებო დონეზე ქართული რაგბი აღმავალ გზას ადგას. ამ სურათს კიდევ უფრო მეტად ავსებს "უმცროსი ბორჯღალოსნების" საოცარი თამაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, – ისინი ისე ახლოს იყვნენ ისტორიულ მომენტამდე და თასის ნახევარფინალში გასვლამდე… აშკარაა, რომ ქართული რაგბი ზრდის უმაღლესი რანგის მოთამაშეებს. ნახეთ რამდენი ქართველი თამაშობს ფრანგულ და სხვა ევროპულ პროფესიულ კლუბებში. ეს აჩვენებს ქართული რაგბის აკადემიურ პოტენციალს და ეს სიგნალია, რომ საქართველო სარაგბო ქვეყნად ყალიბდება“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიმა...რაის მაგადანი? და რის სახალინი?რეებს ბოდავ?სად ვუსურვებ და მსოფლიოს არენაზე?... მეტს თუ ვერ იგებ დაეტიე შენს ტყავში!!..
დავითი...
19:06 13-07-2023
0
ეს ამდენი ყალბი და ბრტყელ ბრტყელი სიტყვები, ნუთუ თვითონ სჯერათ თავისი უაზრო ყბედობის...."ხო კიდე დაავიწყდა ალბათ ეთქვა ევროპა აღშფოთებულია"....,წარმატებები ქართულ რაგბს და ქართულ სპორტს....
დავითი...
21:43 12-07-2023
2

სიახლეები პოპულარული