მეტოქეები | ვიწყებთ ამერიკა1-ით - ურუგვაი

AutoSharing Option
2022 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს "ბორჯღალოსნები" 6 ნოემბერს, ურუგვაისთან მატჩით იწყებენ, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში აშშ-ს სძლია და საფრანგეთში ამერიკა1-ის სახელით მიემგზავრება.

ურუგვაის ნაკრებმა, რომელსაც „ლოს ტეროსის“ სახელით იცნობენ პირველი თამაში 1948 წელს ჩილეს წინააღმდეგ გამართა. მას ყველაზე დიდი სხვაობით 2011 წელს პარაგვაი ჰყავს დამარცხებული (102:6), თავად კი 2005 წელს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა (3:134).

„ტეროსს“ ოთხ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები – 1999, 2003, 2015 და 2019 წლებში, თუმცა მიზანს აქამდე ამერიკა2-ის, ან რეპეშაჟის საშუალებით აღწევდა, 2023 წლის მსოფლიო
თასზე კი პირველად მოხვდა ამერიკა1-ის სახელით (ორი მატჩის ჯამში აშშ 50:34 დაამარცხა) და ა ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ნამიბიასთან ითამაშებს.

ურუგვაელთა ბოლოდროინდელი წარმატებები გარკვეულწილად ამერიკის სუპერლიგას უკავშირდება, რომელიც 2020 წელს დაარსდა და წელს მისი გამარჯვებული ურუგვაის ფრენჩაიზი "პენაროლი" გახდა. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელებს წარმატებები აქვთ 7-კაცა რაგბიშიც და წელს მათ მსოფლიო სერიებზე თამაშის უფლება მოიპოვეს, ეს კი მათი ისედაც სწრაფი უკანა ხაზისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება.

მოცემული მომენტისთვის ურუგვაი მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილს იკავებს. ის მცირედით ჩამორჩება რუმინეთს და ასევე მცირედით უსწრებს აშშ-სა და პორტუგალიას.

ჩვენ და ურუგვაი

ბორჯღალოსნებს ურუგვაის წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშიათ და მათთან დადებითი ბალანსი აქვთ – 4 მოგება 2 მარცხის წინააღმდეგ. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასიდან იღებს სათავეს. მაშინ სამხრეთ ამერიკელმა მეტოქემ მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება არ დაგვანება – 24:12. ერთი წლის შემდეგ ურუგვაის მონტევიდეოში ვეწვიეთ და ამ შემთხვევაშიც გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

მას შემდეგ ზედიზედ ოთხი თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წელს მეტოქეს რუმინეთში, ბუქარესტის ერთა თასზე 20:18 ვძლიეთ, 2013 და 2015 წლებში სამხრეთელებს თბილისის თასზე ვუმასპინძლეთ და შესაბამისად, 27:3 და 19:10 მოვუგეთ, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი იაპონიაში, კუმაგაიაში 33:7 დავამარცხეთ.

ბოლო პერიოდში ურუგვაიში რაგბი მნიშვნელოვნად განვითარდა. ერთი წლის წინ სამხრეთელები იტალიას ეწვივნენ და მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში, 10:17 დამარცხდნენ. ამა წლის ივნისში ურუგვაი ორჯერ შეხვდა იაპონიას (15:34 და 7:43), ხოლო ივლისში ასევე ორჯერ ეთამაშა რუმინეთს და პირველ მატჩში 22:30 მარცხის შემდეგ, მეორეში რევანში აიღო – 26:20.

წელს ნოემბერში, საქართველოს შემდეგ ურუგვაი რუმინეთს და ტონგას ეთამაშება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
იაპონიას აწყობს მერე ეგ? 4 ერზე ჩალიჩობს და შევა კიდეც. უპირობოდ პირველი ხარისხის გუნდია ( იტალიისგან განსხვავებით). პოტენციაში ფიჯის და სამოადაც შეუძლიათ აწევა ახალი წესის გათვალისწინებით. რაც შეეხება 6 ერს, არც ვჩალიჩობთ და ვერც. უბრალოდ პრესას აქვს აჟიოტაჟი ატეხილი. ისევე დაკეტილია, როგორც ნატო და ევროკავშირი. ფრანჩიზა უმოკლესი გზაა, მაგრამ მინიმუმ უნაითედ ჩემფიონშიფში და ჩელენჯზე. ეს სუპერთასი და ამერიკის ანალოგი მაიმუნობა და ფულის ფლანგვაა.
რეზო
13:31 05-11-2022
0
უნდა დავანებოთ 6 ერზე "ჩალიჩს" თავი და უნდა გადავერთოთ უკეთეს ვარიანტზე: სამოა, ტონგა, იაპონია, ფიჯი, აშშ, საქართველო.
მინიმუმ 4 სეზონის შემდეგ უპრობლემოდ შევალთ 6 ერში და შემდეგ ამ ახალ ტურნირზე ქართული ფრანჩაიზი ითამაშებს.
მანამდე კი ქართული ფრანჩაიზი იქ მომძლავრდება სადაც არის!
ბათუმელი ექსპერტი
20:04 04-11-2022
3

სიახლეები პოპულარული