ფილიპ ლამი: მუნდიალის მოგება სავალდებულო არ უნდა იყოს!

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გერმანიის ნაკრების კაპიტან ფილიპ ლამის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც "ბაიერნის" ფეხბურთელი 2013 წელს აჯამებს და 2014 წლის გეგმებზე საუბრობს. ყველაზე საინტერესო მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის შესახებ გამოთქმული მოსაზრებებია - ლამის თქმით, მუნდიალზე ბუნდესგუნდის წარმატებით ასპარეზობა მაინცდამაინც მსოფლიოს ჩემპიონობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს.

"მსოფლიოს ჩემპიონობა გერმანიის ნაკრებმა დღემდე მხოლოდ სამჯერ მოახერხა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მუნდიალის მოგება ასე ადვილი არ არის. თანაც, კონკურენცია ნამდვილად არ შემცირებულა. ვფიქრობ, რომ გერმანიის ნაკრებისთვის მხოლოდ ჩემპიონობის მოთხოვნის წაყენება სხვა საფეხბურთო ქვეყნების მიმართ
უპატივცემულობის გამოხატვა იქნება,"
- აცხადებს ლამი.

30 წლის ბუნდესკაპიტანს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი გერმანიის ნაკრების წარმატებად უნდა ჩაითვალოს, თუ: "ბრაზილიაში კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ, გუნდურ სულისკვეთებას გამოვავლენთ, ტაქტიკურად ჭკვიანურ ფეხბურთს ვითამაშებთ, ჩვენს საფეხბურთო კლასს კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ და, რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთით ჩვენს ქომაგებს და ზოგადად, მთელ მსოფლიოს აღვაფრთოვანებთ."

მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებს იოახიმ ლიოვი წვრთნის, ბუნდესგუნდმა ყველა დიდ ტურნირზე შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა. შესაბამისად, გულშემატკივრები ამით აღარ კმაყოფილდებიან და ნაკრებს უკვე მხოლოდ ტიტულს სთხოვენ. ლამის აზრით, ეს ლოგიკურია, მაგრამ:

"მსოფლიოს ჩემპიონობა ჩვენც ძალიან გვინდა და ჩვენც უმაღლეს მიზნებს ვისახავთ. გვყავს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები და გვაქვს უდიდესი პოტენციალი. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. მაგრამ სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და მუნდიალზე რაც შეიძლება შორს გასვლა უნდა იყოს.
"

ლამი გერმანიის ნაკრების კაპიტნად 2010 წლის ზაფხულში დაინიშნა და კითხვაზე, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, ბუნდესკაპიტანი ასე პასუხობს:

"უდიდესი გამოცდილება მივიღე და გარკვეულ თემებთან მიმართებაში ახლა უფრო მოქნილად ვაზროვნებ. ვისწავლე, როგორ უნდა წავიკითხო და გავაანალიზო გუნდში მიმდინარე პროცესები. მსოფლიოს ჩემპიონატს ყველანი მოუთმენლად ველით, თუმცა მუნდიალის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მარტში ჩილესთან ამხანაგური მატჩი გველის, მერე კი ყველანი ბრაზილია 2014-ის ციებ-ცხელებაში ჩავებმებით,
" - დასძენს ფილიპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული