მუნდიალი 2014. შვედეთი-პორტუგალიის გამოხმაურება: რონალდო მორიგ რეკორდს წაეთამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
თუ გინდათ, რომ მაინც და მაინც ვთქვათ, ვინ აჯობა რონალდომ თუ იბრაჰიმოვიჩმა... კარგით, რონალდომ აჯობა. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ პორტუგალიელი ამ მატჩებს დააკვდა, ბოლომდე დაიხარჯა, რაც მასზე მხოლოდ კარგად მეტყველებს და თანაგუნდელებმაც მხარი აუბეს.

აი იბრამ კი 180 წუთის (პლუს დამატებული წუთები) განმავლობაში ჯამში დაახლოებით 15 წუთი ითამაშა და კინაღამ შვედეთი გაიყვანა. დაცვის უსუსური თამაში რომ არა, ვინ იცის რა მოხდებოდა "ფრენდს არენაზე" ბოლო წუთებში. საბოლოოდ, იმან მოიგო ვინც უფრო დაიმსახურა. რონალდოც დიდი ფეხბურთელია და იბრაჰომივიჩიც - მთავარი კი ის
არის, რომ პორტუგალია გუნდად ჯობდა შვედეთს, თორემ კრიშტიანოს არავინ ართმევს არც ერთ გოლს და უმაღლეს დონეზე ჩატარებულ არცერთ წამს. თუ გნებავთ, იმასაც ვიტყვი პირადად მოიგოო, სილამაზისთვის - ასე არ იყო თუ რა?

კრიშტიანო რონალდო: "მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე. ჩემი ქვეყნისთვის და კლუბისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. როდესაც შვედებმა გაათანაბრეს, მათ თავდაჯერება შეემატათ და მერე, 2:1 გახადეს, რამაც სერიოზული ბრძოლა განაახლა. ფეხბურთი ასეთი დრამატული მომენტებით არის ლამაზი და მიმზიდველი. ჩვენ ანგარიში გავათანაბრეთ და საბოლოოდ დავამტკიცეთ, რომ გამარჯვება გვეკუთვნოდა".

"როდესაც ფეხბურთელს ასეთი სახის მატჩში 3 გოლი გააქვს, რასაკვირველია ის გადამწყვეტია. პირველ ტაიმში მშვენივრად ვთამაშობდით და მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. მეორე ნახევრის დებიუტში, რუი პატრისიოს მშვენიერი სეივის შემდეგ, გავიტანეთ და ცოტა დავმშვიდდით. მეტოქე უცებ აფეთქდა და სტანდარტული მდგომარეოვიდან გაგვიტანა ორო გოლი, რამაც ჩვენც გამოგვაცოცხლა. მომწონს ასეთ რთულ სიტუაციებში ჩემი გუნდის რეაქცია. გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ" - განაცხადა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ბენტომ.

სათქმელი ბევრი არაფერი ჰქონიათ შვედებს. მათმა დამრიგებელმა ალბათ ყველაზე მთავარი დეტალი აღნიშნა - მეტოქის კონტრშეტევების დროს მისი გუნდის უუნარობა. სკანდინავიელებს იმის აღიარება არ გასჭირვებიათ, რომ პორტუგალია უკეთესი იყო. შვედეთი ზედიზედ მეორედ ვერ გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე...

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "რატომ წავაგეთ? სიმართლე თუ გინდათ, მეტოქე გვჯობდა. უნდა ვიამაყოთ, რადგან რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ცხადია, იყო შეცდომები, რომლების თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მოხდა და ჩვენ დავისაჯეთ. 2:1-ზე შემართება მოგვემატა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან მალე გაგვითანაბრეს".

"ოთხი კარგი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ რაღაც მაინც დაგვაკლდა. პირველ რიგში პორტუგალიელთა კონტრიერიშებს ვერ ვუმკლავდებოდით, როდესაც შეტევაში მივდიოდით. ჩემი და გუნდის ამბიცია და სურვილი ყოველთვის ბრაზილიში მოხვედრა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა" - თქვა შვედთა თავკაცმა ერიკ ჰამრენმა.

ექვსივე გოლი კრიშტიანოზე და ზლატანზე მოდის - 4:2 - ალბათ ზუსტად ამდენით ჯობია ამჟამად პორტუგალია შვედეთს. რონალდოს კი ნაკრებში უკვე 47 ბურთი მოუგროვდა, რითაც პედრო პაულეტას გაუთანაბრდა და ცხადია, მალე გადაასწრებს.

"რა საკვირველია, მიზნად მქონდა პაულეტას რეკორდის გამეორება და შემდეგ გაუმჯობესება. ვიცოდი, პორტუგალიას ვჭირდებოდი და რაც შემეძლო გავაკეთე. მიზანი მიღწეულია, ახლა შეგვიძლია ცოტა დავისვენოთ და მუნდიალამდე საკუთარ კლუბებს დავეხმაროთ" - აღნიშნა რონალდომ.

პლეი ოფში, ასეთ პრინციპულ მატჩში, 4 გოლის გატანა სახუმარო საქმე სულაც არ არის. ბევრს უჩნდება კითხვა, რონალდოს რომ 2013 წლის "ოქროს ბურთის" მოპოვება უნდა, რა მოიგოო? თუ მოგებაზეა, კრიშტიანომ პირადად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. იგივე ბევრმა გააკეთა კონკურენტთაგან?

სხვათა შორის, ფიფამ ხმის მიცემა 29 ნოემბრამდე გადაწია...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შვედეთი-პორტუგალია 2:3 - აქ მხოლოდ მე ვარ! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული