ფრანკ რიბერი, მისი კომპანია და თამამი იარმოლენკო

AutoSharing Option
საკლუბო ფეხბურთმა პაუზა აიღო და გზა ნაკრებებს დაუთმო. წინ პლეი ოფები გვაქვს და ჩვენც ამ ცხელ კვალს მივყვებით. შვედეთი-პორტუგალიის დუელი რომ არა, უკრაინა-საფრანგეთი უდავოდ ყველაზე გამორჩეული წყვილი იქნებოდა.

ფრანკ რიბერი:
"არ უნდა გვეგონოს, რომ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვართ. ორი არცთუ ადვილი მატჩი გველოდება. უკრაინა ძლიერი ნაკრებია, როელიც ცოტას უშვებს და კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ".

ამასობაში, ბუკმეკერები "ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტად სწორედ რიბერის მიიჩნევენ და 30 წლის ფრანგს 1,9 კოეფიციენტი გამოუწერეს. მეორეზე ლიონელ მესია (2,5), ხოლო მესამეზე
რონალდო (7,0). საბუკმეკერო კანტორები იბრაჰიმოვიჩს მხოლოდ მეოთხე პოზიციაზე აყენებენ, ხოლო შემდეგ არიენ რობენისა და ნეიმარის "წყვილი" მოდის.

"ოქროს ბურთის" მოგების კარგი შანსი მაქვს. 2013 წელი განსაკუთრებული იყო, ერთ-ერთი საუკეთესო კარიერაში. ჩემმა კლუბმა ყველა ტურნირი მოიგო. თუმცა ვნახოთ, რა მოხდება. იგივე კრიშტიანო რონალდო დიდებული ფეხბურთელია"
- დასძინა რიბერიმ.

თემას გამოეხმაურა საფრანგეთის ნაკრებისა და "მარსელის" პლეიმეიკერი მატიო ვალბუენაც: "რიბერიმ დაიმსახურა "ოქროს ბურთი" და ამას ობიექტურად ვამბობ. მას ბევრი გოლი გაჰქონდა, საგოლე გადაცემებს აკეთებდა... "ბაიერნს" ტრიუმფალური სეზონი ჰქონდა და ეს ფრანკის დიდი დამსახურებაა. თუ იგი ამ ჯილდოს ახლა ვერ მიიღებს, მაშინ ვერც ვეღარასდროს მოიპოვებს მას, რადგან მესისთან და რონალდოსთან ჭიდილი ძალიან ძნელია".

ახლა კი ნაკრებებს დავუბრუნდეთ და სანამ უკრაინელთა ბანაკში გადავბარგდებით, მოვისმინოთ, თუ რისი თქმა უნდა ჩვენთვის "მამლების" თავდამსხმელს, ოლივიე ჟირუს. "არსენალის" ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია და შეეცდება, ეს სანაკრებო დონეზეც დაამტკიცოს.

"ჩვენ ახალი, ახალგაზრდული ნაკრების შენება დავიწყეთ და ამ გზაზე ეს, ალბათ, პირველი სერიოზული ბარიერია. საფრანგეთს ძალიან კარგი თაობა ჰყავს და შეგვწევს იმის ძალა, რომ პლეი ოფი წარმატებით გავიაროთ, მაგრამ უკრაინის დაუფასებლობა დაუშვებელია. მეტოქე სერიოზულია და მოკლედ, პირადად მე დიდი მოლოდინი მაქვს. გვსურს, ის სასიამოვნო დაძაბულობა ვიგრძნოთ, რომელიც დიდ მატჩებს თან ახლავს" - აღნიშნა ჟირუმ.

ფომენკოს დისციპლინა აფიქრებს
საბრძოლო განწყობაა უკრაინელთა რიგებშიც. მთავარ მწვრთნელს, მიხაილ ფომენკოს თავისი შეგირდების სჯერა. ყველაზე მეტად მას ის აღელვებს, რომ ნაკრების 10 ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აქვს და ისინი საპასუხო მატჩის გამოტოვების საფრთხის წინაშე დგანან.

"არის თუ არა ყველა ფეხბურთელი კარგ გუნებაზე? იშვიათი გამონაკლისების გარდა, კი. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ერთი ნაბიჯის გადადგმა დაგვრჩა. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვცადოთ, ძლიერი მხარეები გამოვაჩინოთ. იმედია, ასეც იქნება. დისციპლინარულ მხარეზე ბიჭებს მუდმივად ვესაუბრები და ეს ახლა მით უფრო აქტუალურია, რადგან ბევრი ყვითელი ბარათი გვაქვს და ამას საბოლოო შედეგზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. მოთამაშეები მშვიდად უნდა იყვნენ.

ჰყავს თუ არა საფრანგეთს პროვოკატორი ფეხბურთელები? ასეთებს ყველა გუნდში იპოვით"
- თქვა ფომენკომ.

თამამ განცხადებას აკეთებს უკრაინელთა ერთ-ერთი ლიდერი ანდრეი იარმოლენკო: "არც ჩვენ ვართ ცუდი ფეხბურთელები, დაე, მათ ეშინოდეთ ჩვენი. მარტივი სტრატეგია გვაქვს - ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ. მეტოქის მხრიდან პირველ რიგში რიბერია გამოსარჩევი, რომელიც, ჩემი აზრით, ამჟამად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია".

"თითოეული მოთამაშე იაზრებს ამ მატჩების მნიშვნელობას ჩვენი ნაკრებისა და მთლიანად, ქვეყნისთვის. არა მგონია, რომ ფრანგების მხრიდან ჩვენს სათანადოდ დაუფასებლობას ჰქონდეს ადგილი. ჯერ ერთი, ამ დაპირისპირების სასწორზე მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური დევს და ამ შემთხვევაში, მსგავსი რამ გამორიცხულია. მეორეც - ერთმანეთს არც ისე დიდი ხნის წინ შევხვდით და მათ იციან ჩვენი შესაძლებლობები, კარგად გვიცნობენ" - ეს კი ანატოლი ტიმოშჩუკის სიტყვებია, მან ევროპის ჩემპიონატზე გამართული მატჩი გაიხსენა, რომელიც უკრაინელებმა ფრანგებთან 0:2 დათმეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფიფამ უკრაინა ყვითლად დატოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული