მუნდიალი 2014. სამხრეთი ამერიკა: არგენტინა და კოლუმბია ზღვარზე

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში მუნდიალის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სულ სამი ტურია დარჩენილი და 10 სექტემბერს, შესაძლოა, ფინალური ეტაპის მონაწილე ორი ნაკრების ვინაობა შევიტყოთ...

დიეგოების გარეშე
მთავარი მატჩი მონტევიდეოში, "სენტენარიოზე" გაიმართება. კოლუმბიას ფინალურ ეტაპზე გასასვლელად (1998 წლის შემდეგ პირველად) ფრეც ჰყოფნის, ურუგვაის კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება თუ დააკმაყოფილებს.

ხოსე პეკერმანის შეგირდები მუნდიალის საგზურს წაგების შემთხვევაშიც მოიპოვებენ, ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ ბოლივიამ ეკვადორი დაამარცხოს, რაც წარმოუდგენელი სულაც არ იქნება.

ურუგვაის დღევანდელ მეტოქესთან "სენტენარიოზე" მხოლოდ ერთხელ, 1973 წელს აქვს წაგებული, ზოგადად ურუგვაიში კი კოლუმბიას
ქულა 2001 წლის შემდეგ არ მოუპოვებია. მასპინძლები ძლიერ მეტოქეს სერიოზული პრობლემებით ხვდებიან - ორივე წამყვანი ცენტრალური მცველი, დიეგო გოდინი და დიეგო ლუგანო დისკვალიფიცირებულია, მესამე დიეგოს თამაში კი საეჭვოა - ფორლანს მცირე ტრავმა აწუხებს.

არგენტინას მესი უბრუნდება
არგენტინა პარაგვაის ესტუმრება და ფინალურ ეტაპზე მოგების შემთხვევაში გავა, თუმცა ვინაიდან "ალბისელესტე" თავის შეხვედრას ყველაზე გვიან ატარებს, შესაძლოა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს მუნდიალის საგზური მატჩის დაწყებამდეც განაღდებული ჰქონდეს.

ამისთვის კი საჭიროა, რომ ურუგვაიმ ან ეკვადორმა თავიანთი მატჩი წააგონ.

ალეხანდრო საბელიას გუნდს პარაგვაიში ბოლო ორი საკვალიფიკაციო მატჩი წაგებული აქვს, თუმცა ამ შეხვედრაში არგენტინას ლიონელ მესი უბრუნდება, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

ეკვადორი ლა პასში
ეკვადორს ქულები იმ ჰაერივით სჭირდება, რომელიც ლა პასში "ძვირად იშოვება", თუმცა გაიშვიათებული ჰაერი ეკვადორელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თვითონაც მაღალმთიან რეგიონში თამაშობენ.

ამის დამადასტურებელია ბოლივიელებთან მათი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა: ბოლო 8 შეხვედრა - 8 მოგება, მათ შორის სამი ბოლივიაში.

გამარჯვების შემთხვევაში, რეინალდო რუედას გუნდი ჩილეს გაასწრებს და მესამე ადგილზე გადავა, ხოლო თუ დამარცხდა, შეიძლება მეხუთე პოზიციაზეც კი აღმოჩნდეს.

როგორც უნდა მოხდეს, ყველაფერი მაინც ბოლო ტურებში უნდა გაირკვეს, რადგან ეკვადორი მომდევნო შეხვედრას ურუგვაისთან (შინ) ჩაატარებს, ბოლო ტურში კი ჩილეს ეწვევა.

ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ვენესუელაში გაიმართება, სადაც სათამაშოდ პერუ ჩავა. ვენესუელა სამხრეთ ამერიკის 10 ნაკრებიდან ერთადერთია, რომელსაც მუნდიალზე არასდროს უთამაშია. მარცხის შემთხვევაში, ხუან არანგო და კომპანია ყველანაირ შანსს კარგავენ. ანალოგიურ სიტუაციაშია პერუც, რომელსაც ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შანსს მხოლოდ გამარჯვება შეუნარჩუნებს.

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. სამხრეთ ამერიკა
XVI ტური
ბოლივია-ეკვადორი 00:00
ურუგვაი-კოლუმბია 02:00
ვენესუელა-პერუ 04:00
პარაგვაი-არგენტინა 05:40

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 13 7 5 1 25-9 26
2. კოლუმბია 13 8 2 3 22-7 26
3. ჩილე 14 8 0 6 24-21 24
4. ეკვადორი 13 6 3 4 17-13 21
5. ურუგვაი 13 5 4 4 20-22 19
6. ვენესუელა 14 4 4 6 10-17 16
7. პერუ 13 4 2 7 13-19 14
8. პარაგვაი 13 3 2 8 13-23 11
9. ბოლივია 14 2 4 8 15-28 10

ბომბარდირები: 10 - სუარესი (ურუგვაი); 9 - იგუაინი (არგენტინა); 8 - მესი (არგენტინა); 7 - ფალკაო (კოლუმბია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩილე და კოლუმბია ბრაზილიას მიუახლოვდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული