მუნდიალის ათი იმედგაცრუება

AutoSharing Option

ერთ-ერთი წინა ნომერში იმ პერსონებზე ვისაუბრეთ, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო კუთხით წარმოჩინდნენ და ყველა გააოცეს შესანიშნავი თამაშითა თუ პროფესიონალიზმით. დღეს კი მათზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, ვისგანაც ძალიან ბევრს მოველოდით, მაგრამ იმედები გაგვიცრუვდა. ათეულში ფეხბურთელებთან ერთად, გუნდებიც მოხვდნენ, პირველი პოზიცია კი მწვრთნელს უკავია. მივყვეთ თანმიმდევრობით…

10. რობერტო როზეტი (იტალიელი არბიტრი)
უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რობერტო როზეტი და მისი სამსაჯო ბრიგადა. იტალიელი არბიტრი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გახლდათ და წინასწარი პროგნოზით, მსიფლიოს ჩემპიონატის ფინალი უნდა ემსაჯა. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ

იტალიის ნაკრები ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩამდე ვერ მიაღწევდა. “აძურა” ჯგუფში ჩარჩა და როზეტის თითქოს გზა გაეხსნა, თუმცა… რობერტომ და მისმა თანამსაჯებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს და მთლიანობაში, ძალიან ცუდად წარმოჩინდნენ. ყველაზე დიდი და ხმაურიანი შეცდომა არგენტინა-მექსიკის მერვედფინალურ მატჩში დაუშვეს, როდესაც სამხრეთამერიკელებს თამაშის წესების დარღვევით გატანილი გოლი ჩაუთვალეს. მართალია, იქ უფრო ლაინსმენი შეცდა, მაგრამ პასუხისმგებლობა მთავარ მსაჯზეც ნაწილდება. ცნობისთვის, როზეტიმ სულ რამდენიმე დღის წინ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

9. ფერნანდო ტორესი (ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი)
გასაკვირია, მაგრამ ამ სიაში მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელი მოხვდა, კერძოდ კი ფერნანდო ტორესი. ორი წლის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტორესმა დავიდ ვილიასთან ერთად თავდასხმის ბრწყინვალე ტანდემი შექმნა და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. გულშემარკივრები იგივეს ელოდნენ მუნდიალზეც, თუმცა როგორც განვითარებულმა მოვლენებმა გვუჩვენა, ამაოდ. ტორესმა პირველივე შეხვედრაში შეირცხვინა თავი და შედეგად, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. მისგან აშკარად მეტს მოველოდით… 

8. კაკა (ბრაზილიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი)
მიუხედავად იმისა, რომ მთელი სეზონი ტრავმებმა გატანჯეს და თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მასზე მაინც დიდ იმედებს ამყარებდნენ. კაკა თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, ბევრისთვის კი სულაც საუკეთესოა. თუმცა, გაცემული ავანსები ვერც ამჯერად გაამართლა და ბრაზილიის ნაკრების წარუმატებლობაში მასაც მიუძღვის ბრალი. მართალია, რიგ ეპიზოდებში გამოავლინა უმაღლესი კლასი, მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთი გახლდათ. საუკეთესო კაკა ჩვენ “მილანიდან” გვახსოვს - ვნახოთ, როგორ ათამაშდება ჟოზე მოურინიოს ხელში. 

7. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი)
ბევრის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც კაკასგან განსხვავებით, გასული სეზონი მადრიდის “რეალში” საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. მართალია, სამეფო კლუბი ტიტულის გარეშე დარჩა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რონალდოს ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის. მისგან ძალიან ბევრს მოელოდნენ პორტუგალიის ნაკრების გულშემარკივრები, მაგრამ რეალოვბა სხვაგვარი აღმოჩნდა. სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე ერთადერთი გოლი გაიტანა და ისიც რიგით მეშვიდე ჩრდილოეთ კორეის ნაკრების წინააღმდეგ. თანაც, გოლი ისე შეაგდო, თვითონაც არ იცოდა, რომ ბურთი კისრით კარისკენ მიჰქონდა. ამასთან, მთელი მსოფლიო ალააპარაკა იმის შესახებ, რომ მუნდიალის მსველობისას, ფეხბურთზე უფრო მეტ დროს, შეყვარებულთან ფლირტაობას უთმობდა. მოკლედ, თავი მოიჭრა და ნაკრების კაპიტნის სამკლაურიც ჩამოართვეს.   

6. საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტად ნამდვილად არ მიიჩნეოდა, მაგრამ ასეთ სამარცხვინო გამოსვლასაც არავინ ელოდა. თანაც, არა მარტო მოედანზე, ფრანგებმა მის მიღმაც მოეჭრეს თავი. ჯერ ნიკოლა ანელკა აუხირდა მთავარ მწვრთნელს, შემდეგ კი მთელი გუნდი გადაუდგა საწყალ რაიმონ დომენეკს და დადგა ძალიან ლოგიკური შედეგი: სრული ფიასკო. ფრანგებმა იმდენად შეირცხვინეს თავი, რომ საქმეში თვით ქვეყნის პირველი პირი, ნიკოლა სარკოზი ჩაერია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ცუდი შთაბეჭდილება ფრანგებს 2002 წლის ჩემპიონატზეც კი არ დაუტოვებიათ – მაშინაც ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ გაწევ-გამიწევას, გინებას და ბოიკოტს მაინც არ ჰქონია ადგილი.

5. იტალიის ნაკრები
საფრაგეთის ნაკრების არ იყოს, უდავო ფავორიტებად არც იტალიელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ ჯგუფში ჩარჩენა და თანაც, ბოლო ადგილზე გასვლა, ნამეტანი გახლდათ. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ “სკუადრა აძურა” ერთ-ერთ უსუსტეს ჯგუფში მოხვდა და წესით, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უნდა მოეგვარებინა ჯგუფიდან გასვლის საკითხი. ფრე პარაგვაისთან და ახალ ზელანდიასთან, ხოლო მარცხი სლოვაკეთთან, ყველაფერზე ნათლად მეტყველებს – იტალიის ნაკრები განვლილ მუნდიალზე არაფრად არ ვარგოდა. ამასთან, “აძურამ” იმ კომპონენტებშიც ვერ ივარგა, რომელშიც ტრადიციულად ძლიერია. გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი დაცვის ხაზი იყო, რასაც ნამდვილად ცოტა თუ წამოიდგენდა.

4. ინგლისის ნაკრები
ალბათ არასდროს არ გაცემულა იმდენი ავანსი ინგლისის ნაკრებზე, რამდენიც სამხრეთაფრიკული მუნდიალის დაწყებამდე. ბრიტანელებმა მთავარ მწვრთნელად ფაბიო კაპელო მიიწვიეს და მანაც, აშკარად დაალაგა გუნდი., შესარჩევი ეტაპი ფურორით გაიარა და რაც მთავარია, გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა. ინგლისის ნაკრები ჩემპიონატის მთავარი ფავორიტად მიიჩნეოდა და სრულიად ლოგიკურადაც, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ფეხბურთში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა. ალბიონელებმა ვერაფერი ფეხბურთი გვიჩვენეს და მერვედფინალურ პაექრობაში სულაც საშვილიშვილოდ მოიჭრეს თავი. ასე გამოვარდნას ალბათ ისევ ჯგუფში ბოლო ადგილზე გასვლა ჯობდა, გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდე ისტორიულ და პრინციპულ მეტოქესთან, ერთობ მძიმე ამბავია.Aამ სირცხვილს კაპელო და მისი შეგირდები ალბათ ვერასდროს ჩამოირეცხავენ.

3. უეინ რუნი (ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი)
ის, რომ ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა სრული ფიასკო განიცადა, უეინ რუნის დიდი წვლილი მიუძღვის. მთელი სეზონის განმავლობაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ბრწყინვალედ ასპარეზობდა და ინგლისელები მასზე კოლოსალურ იმედებს ამყარებდნენ. ის უნდა ყოფილიყო გუნდის ლიდერი და მთავარი მეგოლე, თუმცა რა ბომბარდირობაზეა საუბარი, როდესაც ერთი კინკილა გოლი რაა, ისიც არ გაუტანია. ვერ გეტყვით რისი ბრალია, გადაიღალა, გუნდმა არ შეუწყო ხელი თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ გულშემატკივრები რუნისგან გაცილებით მეტს მოელოდნენ. 

2. ლიონელ მესი (არგენტინეს ნაკრების თავდამსხმელი)
ვფიქრობთ, რომ უკეთ წარმოჩინდა, ვიდრე იგივე რუნი. იქ ფინტიც გამოუვიდა, კარგი პასიც გააკეთა და საერთოდაც, მეტად აქტიური იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ლიონელ მესიზე ვსაუბრობთ, ფეხბურთელზე, რომელიც საუკეთესო გახლავთ მსოფლიოში ყველა გამოკითხვით და ყველა პარამეტრით. მისგან დაახლოებით იმავეს მოელოდნენ, რაც დიეგო მარადონამ გააკეთა 1986 წლის მუნდიალზე, თუმცა იმედები არ გამართლდა. მესი მთელი ჩემპიონატი გვპირდებოდა გოლებს: დღეს, ხვალ, დღეს ხვალ და ამ მარჩიელობაში არგენტინა მუნდიალს გამოემშვიდობა. დაახლოებით ანალოგიური რამ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდინიოს დაემართა და მას შემდეგ, გაუჩო ვეღარც დადგა ფეხზე. დავიტოვოთ იმედი, რომ ლიონელი საკლუბო დონეზე ძველებურად ბრწყინვალედ გააგრძელებს ასპარეზობას.    

1. მარჩელო ლიპი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
2006 წლის შემდეგ, იტალიაში მას მაესტროთი მოიხსენიებდნენ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ოთხი წლის განმავლობაში, ის ყველაზე დაფასებული ადამიანი გახლდათ. სამხრეთაფრიკული მუნდიალის შემდეგ მწვავე კრიტიკისგან ჟურნალისტებმა თავი შეიკავეს, რადგან თითქოს ამას აზრიც აღარ ჰქონდა, მაგრამ ეპითეტი მაესტრო მათი ლექსიკონიდან აშკარად გაქრა. აი ასე გახდა მაესტრო ისევ მარჩელო და ეს პირველ რიგში თავის თავს უნდა დააბრალოს. ვერავინ წარმოიდგენდა თუ ლიპის ხელში იტალიის ნაკრები ასეთ უსუსურ ფეხბურთს ითამაშებდა. “სკუადრა აძურას” მთავარ სიძლიერედ ექსპერტები სწორედ მთავარ მწვრთნელს მიიჩნევდნენ, თუნცა სრულიად საპირისპირო სურათი მივიღეთ – ლიპი იტალიური ფიასკოს მთავარი “შემოქმედია”.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული