მილუტონივიჩი ჩემპიონობას ჰოლანდიას უწინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
თუ რომელიმე მწვრთნელზე შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ჩემპიონატზებზე ჭიპი აქვს მოჭრილიო, ეს უპირველესად, ბორა მილუტინოვიჩია. ცნობილ სერბ სპეციალისტს ხომ ხუთ მუნდიალზე ხუთი სხვადასხვა ნაკრები გაუწვრთნია (მექსიკა 1986 წელს, კოსტა რიკა 1990 წელს, აშშ 1994 წელს, ნიგერია 1998 წელს და ჩინეთი 2002 წელს). დღეისთვის იგი ერაყის ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობს.
ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა მილუტინოვიჩს საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.

 

- ბრაზილიის, არგენტინის, იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებების მიერ განცდილი კრახი თქვენთვის მოსალოდნელი იყო?
- ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. ჩემი აზრით, იტალიასა და საფრანგეთს წარმატების მიღწევაში თაობათა ცვლის

პროცესი. ოთხი წლის წინ ლიპიმ ბრწყინვალე ნაკრები ჩამოაყალიბა, ახლა კი ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო ეს ვეღარ შეძლო. დარწმუნებული ვარ, იტალიელები ამ წარუმატებლობისგან საჭირო დასკვნებს გამოიტანენ. ბრაზილიასა და არგენტინას კი მეტოქეებმა მეოთხედფინალში უბრალოდ აჯობეს.
- ნიგერიის ნაკრებში გიმუშავიათ და აფრიკულ ფეხბურთს კარგად იცნობთ. როგორი პერსპექტივა აქვთ შავი კონტინენტის წარმომადგენლებს?


- ნიგერიულ ფეხბურთს დიდი პერსპექტივა აქვს, რაც 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამ ქვეყნის ნაკრების მიერ მოპოვებულმა ვერცხლის მედლებმაც დაამტკიცა. თუმცა ვერც ნიგერიამ და ვერც სხვა აფრიკულმა ნაკრებებმა სტაბილურობას ვერ მიაღწიეს. ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება ხომ რთული და ხანგრძლივი პროცესია. სასიამოვნო გამონაკლისი აღმოჩნდა განის ნაკრები. მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ და ამ გუნდის სერბმა მწვრთნელმა მილოვან რაევაცმა უდიდესი საქმე გააკეთა. მან თამამი ნაბიჯები გადადგა და ეროვნულ ნაკრებში ის ახალგაზრდები დააწინაურა, რომლემბაც შარშან მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს. განელებმა დაამტკიცეს, რომ აფრიკულ ფეხბურთს მომავალი აქვს.


- რატომ ვერ ახერხებს მექსიკა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მიღწევას?
- ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია. მექსიკას ყოველთვის ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ სამწუხაროდ, მუნდიალის მერვედფინალური ეტაპი ჯერ არასდროს გადაულახავს. ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება. მექსიკელი ახალგაზრდები, დოს სანტოსი, ერნანდესი, ველა და სხვები თავის სათქმელს უთუოდ იტყვიან.

- სამხრეთაფრიკული მუნდიალიდან რომელი ფეხბურთელები მოგეწონათ?
- ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დიეგო ფორლანმა მოახდინა. მის გარდა, არიენ რობენს, ვესლი სნეიდერს, მარკ ვან ბომელს, მესუთ იოზილსა და თომას მიულერს გამოვარჩევდი.


- ლიონელ მესიზე რას იტყოდით?
- როცა ნიგერიასთან სასტარტო მატჩში მისი თამაში ვნახე, მეგონა, რომ ეს მესის ჩემპიონატი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მთლიანობაში, მას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ ისე ვერ იკაშკაშა, როგორც ველიდი.


- დაბოლოს, ვის დარჩება ტიტული 11 ივლისს?
- ვფიქრობ, ჰოლანდიას. რაღა თქმა უნდა, ესპანეთსაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჰოლანდიის ნაკრებმა ბრაზილიასა და ურუგვაისთან საჩემპიონო ფეხბურთი ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული