დელ ბოსკე ბიჭებს აფრთხილებს...

AutoSharing Option
7 ივლისი. დურბანი. მოზეს მაბჰიდა. 22:30
გერმანია-ესპანეთი
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ბოატენგი - ხედირა, შვაინშტაიგერი - ტროხოვსკი (ან მარინი), იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.
ესპანეთი (4-3-2-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ბუსკეტსი, ჩაბი ალონსი, ჩავი - ინიესტა, ვილია - ფერნანდო ტორესი.
არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

ბევრი ამ მატჩს მუნდიალის ნაადრევ ფინალადაც რაცხავს, რადგან ესპანეთი ისედაც ტურნირის ტოპ-ფავორიტი იყო, ხოლო გერმანიამ კი, ეს სტატუსი ინგლისისა და არგენტინის ნაკრები გუნდების განადგურების შემდეგ მიიღო. მოკლედ, ევროპის
2008 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, გერმანია და ესპანეთი ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში უპირისპირდებიან და ბუნდესგუნდს ორი წლის წინ განცდილი მარცხისთვის შურისძიება უნდა. ამ ორი წლის განმავლობაში ორივე გუნდმა, საპატიო მიზეზების გამო, სხვადასხვანაირი გზა გაიარა.

გერმანია ორი წლის შემდეგ

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს დღეს გუნდში ევროპის ვიცე-ჩემპიონებიდან მხოლოდ ცხრა ფეხბურთელი ჰყავს. ბუნდესნაკრებში სხვადასხვა მიზეზების გამო აღარ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ორი წლის წინ ცენტრალური ფიგურები იყვნენ: იენს ლემანი, კრისტოფ მეტცელდერი, ტორსტენ ფრინგსი და მიხაელ ბალაკი. ძირითად შემადგენლობაში კი მხოლოდ ევროპის ექვსი ვიცე-ჩემპიონი თამაშობს, რომელთაგანაც, ფილიპ ლამს, არნე ფრიდრიხს, ბასტიან შვაინშტაიგერსა და ლუკას პოდოლსკის პოზიციები შეცვლილი აქვთ. ამ განაცხადიდან, 14 ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე მათგანი გაფართოებულ სიაში მაშინაც მოიაზრებოდა.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბუნდესგუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია და 76 წელია, რაც გერმანიას მუნდიალზე ასეთი ახალგაზრდული ნაკრები არ ჰყოლია. ახლებიდან თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს მანუელ ნოიერმა, მესუთ იოზილმა, თომას მიულერმა, რომელიც დღეს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს და სამი ხედირამ. ჟერომ ბოატენგმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოგვიანებით მოიპოვა და აღარც დათმო.
ბუნდესგუნდში სრული ჰარმონიაა. თვით ყველაზე მოურჯულებელი მოთამაშე ლუკას პოდოლსკიც კი ძალიან კარგად იქცევა და იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ ბევრი ექსპერტის მიერ საბოლოოდ ჩამოწერილ პოლდის ძალიან სერიოზული მთხოვნელები გამოუჩნდნენ.

ესპანეთი ორი წლის შემდეგ

ვისენტე დელ ბოსკეს განაცხადში ევროპის 15 ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთის ნაკრების მთავარი ფიგურები დღესაც ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონები გახდნენ და მათ უფრო მეტი, კერძოდ, მსოფლიოს ჩემპიონობა უნდათ. მეკარე იკერ კასილიასმა უკვე ასმატჩიან მონაგარს გადააჭარბა, მაგრამ თუ მუნდიალის წინ ჩატარებულ მატჩებს გავიხსენებთ, გაგვახსენდება, რომ მადრიდის "რეალის" მეკარე ტესტ-მატჩებში შეცდომებს უშვებდა, რის გამოც ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი მუნდიალზე ესპანეთის ნაკრების კარში ვიქტორ ვალდესის ან პეპე რეინას ხილვას ითხოვდა.

რვა ახალი ფეხბურთელიდან, ოთხი "ბარსელონას" მოთამაშეა: მესამე მეკარე ვალდესი, ცენტრალური მცველი პიკე, დელ ბოსკეს "ჯოკერი" პედრო და საყრდენი ნახევარმცველი ბუსკეტსი. დელ ბოსკემ ეს უკანასკნელი, ბევრისთვის მოულოდნელად, მარკოს სენას ამჯობინა, რომელმაც ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და მერე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრების უმრავლესობაშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა.

მაგრამ სენას "ვილიარეალში" არცისე კარგი სეზონი ჰქონდა და დელ ბოსკემ მასზე უარი თქვა. ბუსკეტსმა კი "ბარსელონაში" ძირითადი შემადგენლობიდან იაია ტურე ამოაგდო და ახლა დელ ბოსკეს გუნდის სასტარტოში ადგილი ფაქტობრივად გარანტირებული აქვს. დელ ბოსკემ სამხრეთ აფრიკაში არც სანტი გასორლა წაიყვანა - ფეხბურთელი, რომელიც შესარჩევში თითქმის ყოველთვის თამაშობდა. სერხიო რამოსი, ჩავი, ინიესტა და ვილია ევროპის ჩემპიონატის გმირები და გუნდში შეუცვლელი ფიგურები არიან. დაცვის ხაზში დელ ბოსკემ მუნდიალამდე ბევრი ფეხბურთელი გამოსცადა (არბელოა, ალბიოლი, ნავარო, ხუანიტო, ირაოლა), მაგრამ არჩევანი საბოლოოდ რამოსი-პიკე-პუიოლი-კაპდევილას კვარტეტზე შეაჩერა.

ამასთან, დელ ბოსკეს გუნდში ხესუს ნავასის სახით უაღრესად დინამიკური ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც მწვრთნელის ტაქტიკურ სქემაში არ ჯდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სასწაულების ჩადენა შეუძლია - ნავასი დრიბლიორია და არა კომბინაციური ფეხბურთის მოყვარული. ფერნანდო ლორენტეს კი ესპანეთის დღევანდელ ნაკრებში ისეთივე როლი აქვს, რაც ევროპის ჩემპიონატზე დავიდ გუისას ჰქონდა. ამასთან, დელ ბოსკემ სამხრეთ აფრიკაში ხავი მარტინესისა და მანუელ მატას სახით უნიჭიერესი ფეხბურთელები წაიყვანა.
გერმანიის ნაკრებისგან განსხვავებით, ესპანეთის ეროვნულ გუნდში იერარქია არ შეცვლილა. კასილიასი კაპიტანია, ბუსკეტსმა და პიკემ კი გუნდში "ბარსას" "კლანი" გააძლიერეს. ადრე, "ბარსელონას" და "რეალის" ფეხბურთელები მოედანს მიღმა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ ხოლმე, ახლა კი, ყველა მოთამაშე ამბობს, რომ მოსისხლე მტერი კლუბების ფეხბურთელებს ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობა აქვთ.

ტაქტიკური ჯახი

დღეს გერმანიის ნაკრების ტაქტიკური სქემა ძალიან დისციპლინირებული 4-2-3-1-ია. ორი წლის წინ კი, ბუნდესგუნდი კლასიკურ 4-4-2-ს თამაშობდა და მაშინ ბასტიან შვაინშტაიგერი მარჯვენა ნახევარმცველი გახლდათ. ბუნდესგუნდის დღევანდელ სქემაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა შვაინშტაიგერია. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება გამთამაშებელ იოზილსაც. შვაინშტაიგერის ცენტრში გადაწევამ ასი პროცენტით გაამართლა. პოზიცია შეეცვალათ პოდოლსკის (იყო თავდამსხმელი, გახდა მარცხენა გარემარბი), ლამს (იყო მარცხენა მცველი, გახდა მარჯვენა მცველი) და არნე ფრიდრიხს (მარჯვენა მცველია და ლიოვი ცენტრში ათამაშებს).

ბუნდესგუნდის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ამ მუნდიალზე არის ის, რომ მისი სამწვრთნელო შტაბი მეტოქე გუნდების თამაშებს ძალიან დეტალურად განიხილავს. არგენტინას და ინგლისს ლიოვმა და მისმა თანაშტაბელებმა იდეალური სტრატეგია დაუპირისპირეს და ახლა იგივეს ესპანეთთანაც გეგმავენ. ერთი ეგაა, რომ დისკვალიფიცირებული მიულერი, რომელსაც ოთხი გოლი აქვს გატანილი და შესაბამისად, ბუნდესგუნდში ერთ-ერთი უმთავრესი როლის შემსრულებელია, ვიღაცამ უნდა შეცვალოს. ეს მისია სავარაუდოდ პიოტრ ტროხოვსკის დაეკისრება. მართალია, მარკო მარინი და ტონი კროოსი უნიჭიერესი მოთამაშეები არიან, მაგრამ ლიოვი ალბათ მაინც გამოცდილ ტროხოვსკის ამჯობინებს. ყოველ შემთხვევაში, წინა მატჩებში იოგი მიულერს სწორედ ჰამბურგის გარემარბით ცვლიდა ხოლმე. გერმანიის ნაკრები ვარირებადი, მოქნილი და კრეატიულია, რითაც ესპანეთის იმ ნაკრებს გვაგონებს, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.

თუმცა ლიოვი ნამდვილად არ აქცევს ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებელს იმხელა ყურადღებას, როგორც ეს ესპანეთის ნაკრებში ლუის არაგონესის დროს ხდებოდა და დღესაც ხდება. ესეც კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღევანდელი მატჩი ძალიან საინტერესოა.
დელ ბოსკეს კი ტაქტიკური თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. მან თქვა, რაც გაფუჭებული არ არის, გაკეთება არც სჭირდებაო და სტილი და სტრატეგია არ შეუცვლია. ესპანეთმა შესარჩევში ათი თამაშიდან ათივე მოიგო. ამრიგად, არაგონესის დროიდან მოყოლებული, ესპანეთის ნაკრების მთავარი ამოცანა ბურთის ფლობა და თამაშის კონტროლია. ნახევარმცველები ხშირად ცვლიან პოზიციებს და მათი კოზირი უბურთოდ თამაშიცაა. შუამარბები დიდხანს ათამაშებენ ბურთს, მანამდე, სანამ ჩავი მეტოქის დაცვაში ხვრელს არ იპოვნის და მისთვის დამახასიათებელ გენიალურ პასს არ გააკეთებს.

ძალიან საინტერესოა, როგორ მოახერხებენ ჩავი, ინიესტა და კომპანია ამ ყველაფერს გერმანიის ნაკრებთან, რომელსაც მოედნის ცენტრში შვაინშტაიგერი და ხედირა ჰყავს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დელ ბოსკეს ხელში ესპანეთის ნაკრები დაცვით სამუშაოებს უკეთესად ასრულებს.

ლორენტე ტორესის ნაცვლად?

დიდი შანსია, რომ ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, ფერნანდო ტორესის ნაცვლად, რომელმაც აქამდე თავი ვერაფრით გამოიჩინა, ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდი ფერნანდო ლორენტე ვიხილოთ. მართალია, დელ ბოსკე დღენიადაგ გაიძახის, რომ ტორესი მისი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე მან "ლივერპულის" თავდამსხმელს დღევანდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია ვერ მისცა.

"ტორესი დიდი ფეხბურთელია და მას ასი პროცენტით ვენდობი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გერმანიასთან აუცილებლად ითამაშებს," - განაცხადა დელ ბოსკემ. თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ "ფურია როხას" თავკაცმა ტორესის ნაცვლად არა ლორენტე, არამედ პედრო ათამაშოს და ასეთ შემთხვევაში, ცენტრფორვარდი დავიდ ვილია იქნება. არადა, ფერნანდო ტორესი სწორედ ის ფეხბურთელია, ვინც ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მაგრამ აპრილში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ტორესმა ფორმა ვერა და ვერ აღიდგინა. გამოცემა "ასის" გამოკითხვის შედეგად, გულშემატკივრების 67 პროცენტი ტორესის სათადარიგოთა სკამზე დასმას ითხოვს.

პირველი ალტერნატივა კი მაინც ლორენტეა, რომელიც მიუხედავად დიდი სიმაღლისა (1.93 მეტრი), საკმაოდ მოქნილი და ტექნიკური თავდამსხმელია. ამ უკანასკნელმა, პორტუგალიასთან მატჩის მეორე ტაიმში ესპანეთის ნაკრების წინა ხაზს უდავოდ სიცოცხლე შემატა.
შესაძლოა, დელ ბოსკემ ტორესის სკამზე დასმის ხარჯზე ნახევარდაცვა გააძლიეროს და სასტარტოში სესკ ფაბრეგასი ვიხილოთ, მაგრამ არსენალელის თამაში საეჭვოა, რადგან მას მხარი სტკივა. თუმცა, ექიმების თქმით, სესკს ტკივილგამაყუჩებლით თამაში შეუძლია. ფაბრეგასი ამბობს, ტკივილები მაწუხებს, მაგრამ თუ ნემსს გამიკეთებენ და მწვრთნელს ვჭირდები, სიამოვნებით ვითამაშებო.

დელ ბოსკე თავის შეგირდებს გერმანიასთან მატჩში ყველაზე მეტად ყურადღებით ყოფნას სთხოვს. "გერმანიის ნაკრებში წესრიგია დამყარებული. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რა დროს სად უნდა იყოს. წინა მატჩებში გერმანელები თავსაც შესანიშნავად იცავდნენ და ბრწყინვალედ უტევდნენ. დიდი ხანია, არ მინახავს, რომ რომელიმე გუნდს ასეთი ეფექტური ფეხბურთი ეთამაშოს," - ამბობს ესპანელთა დამრიგებელი და მიუხედავად ამისა, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ ზუსტად ისე, როგორც ორი წლის წინ, გამარჯვებული დღესაც ესპანეთი იქნება.

რა დროს ეს იყო, ფილიპ?

გერმანიის ნაკრებში გუშინ მცირე აურზაური იყო - თუ შეიძლება, რომ ამას აურზაური ეწოდოს. საქმე იმაშია, რომ ფილიპ ლამმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, კაპიტნის სამკლავურის დათმობა აღარ მინდა და ნურავინ იფიქრებს, რომ მიხაელ ბალაკს კაპიტნობას იოლად დავუბრუნებო. ბუნდესკაპიტნის ამ განცხადებას გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლამის განცხადება ლეგიტიმურია, მაგრამ ეს უდროო დროს თქვა. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ლამს დღეს გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ასეთი რამ არ უნდა ეთქვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული