3×3 კალათბურთში Urban Fest-ის თბილისის თასის გამარჯვებული გუნდი Scooby გახდა

AutoSharing Option
გუნდი Scooby-ს გამარჯვებით დასრულდა მასშტაბური ტურნირი 3×3 კალათბურთში, სახელწოდებით Urban Fest-ი, რომლის მთავარი ორგანიზატორი თბილისის მერია და მასთან ერთად საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გახლდათ. ტურნირი 2 ნაწილად ჩატარდა, რომლის შესარჩევი ეტაპი 2 ივლისს გაიმართა, ხოლო 9-ში გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარედ ფინალური ტურნირი ჩატარდა.

გამარჯვებულისა და ფინალისტისთვის სოლიდური პრიზები იყო დაწესებული. ფინალში წაგებულ გუნდ "ბავშვს" (საბა გეგუჩაძე, დავით აბულაძე, ბექა ქარცივაძე, ლევან გოგალაძე) 2000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, ხოლო გამარჯვებულს – 3000-იანი. Urban Fest-ის გამარჯვებული Scooby, რომლის ღირსებასაც მამუკა ბაზუაშვილი, ბილი ალიევი,
დავით დადუნაშვილი და ირაკლი გლუნჩაძე იცავდნენ, თბილისის ჩემპიონის ტიტულს დაეპატრონა.

9 ივლისს გამართულ ფინალური ტურნირის დასკვნით ნაწილს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე დაესწრნენ. ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრი ტურნირის არც ერთ მატჩს არ გამოჰკლებია. თბილისის მერიის დახმარებით დამზადდა ჩვენი ნაკრების წევრების – გოგა ბითაძის, სანდრო მამუკელაშვილის, გიორგი ცინცაძის, თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინის ორიგინალური სიმაღლის ბანერები, რომლებიც Urban Fest-ის მიმდინარეობისას მოედანთან განთავსდა.

ფინალურ ტურნირში მონაწილე 12 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდა. პლეი-ოფში თითოეულიდან საუკეთესო გავიდა და ნახევარფინალში ასეთი წყვილები მივიღეთ: "ბავშვი" – "იახვბა" 21:18, Scooby – მუხბე 19:7. ფინალური დაპირისპირება Scooby-ს დამაჯერებელი გამარჯვებით – 21:7 დასრულდა, რომლის კაპიტანმა დავით დადუნაშვილმა გამარჯვებულის თასი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ლაგვილავასგან ჩაიბარა.

მეორეადგილოსანი გუნდი "ბავშვი" და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებული გიორგი ჩხეიძე თბილისის მერიის წარმომადგენელმა დავით არეშიძემ დააჯილდოვა!

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული