დიდებული ნიკოლა იოკიჩი - ბავშვობაში სიმსუქნის გამო ეხუმრებოდნენ, დრაფტის დროს ეძინა... დღეს საუკეთესო კალათბურთელია

AutoSharing Option
დღესდღეობით უამრავი ბავშვი ოცნებობს კალათბურთელობაზე. უმეტესი მათგანისთვის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრა წარმოუდგენელიც კია. ალბათ, თავის დროზე ასე ფიქრობდა ჩვენი დღევანდელი ბლოგის გმირი ნიკოლა იოკიჩი. სერბ სპორტსმენს ლატარიის ღამეს მშვიდად და უდარდელად ეძინა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ იმ დროს კარმელო ენტონის, ალექს ენგლიშისა და სხვა ვარსკვლავების ფრენჩაიზი "დენვერ ნაგეტსი" ოფიციალურად აირჩევდა და შესაძლებლობას მისცემდა, ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა. მაშინ, როდესაც ნიკოლა ტკბილ სიზმრებს ხედავდა, მთელი სერბეთი უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში ახალი მოთამაშის გადაბარგებას ზეიმობდა.

ისტორია

ნიკოლა სერბეთში, სომბორის პროვინციაში დაიბადა. როგორც ხშირად აღვნიშნავ,
ოჯახი სპორტსმენის კარიერაში უდიდეს როლს ასრულებს. არც ბოლო 2 წლის NBA-ს საუკეთესო კალათბურთელის შემთხვევაა განსხვავებული. იოკიჩების ოჯახი პატარა სახლში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ საშუალება, უმცროსი შვილისათვის საუკეთესო განათლება მიეცათ, თუმცა ნიკოლას ოჯახმა გამოუმუშავა ის უნარ-ჩვევები, რომლებითაც დღესაც ხშირად ექცევა კამერების ყურადღების ცენტრში. მისი უშუალო იუმორი და კეთილი ღიმილი უმალვე მოგგვრით დადებით ემოციებს. კალათბურთის სიყვარული მას უფროსმა ძმებმა ჩაუნერგეს. ბავშვობიდანვე პრობლემები ჰქონდა წონასთან დაკავშირებით, გარეგნობას კი მისი იუმორის გრძნობაც ემატებოდა. ამიტომ თინეიჯერულ წრეში სასაცილო ბიჭის იარლიყი მოირგო.

"ყველა მასწავლებელს ვუყვარდი, რადგან მათთან ხშირად ვხუმრობდი და ირგვლივ კარგ განწყობას ვქმნიდი. კლასში ყველაზე მაღალი ვიყავი, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე მსუქანიც".

დასაწყისი

უბანში ძმებთან და მეზობლებთან ხშირად კალათბურთის თამაშმა ნიკოლას სხეული ოდნავ შეცვალა და მისი სიმაღლის გამო გაჩნდა შანსი, პროფესიონალურ სპორტში ეცადა ბედი. 16 წლის ასაკში სახლი დატოვა და სერბულ გუნდს, "მეგა ლექსს" შეუერთდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი საკალათბურთო უნარების დახვეწა. ამ პერიოდში კარგად გააანალიზა, რომ ყველაფერი მის ხელში იყო და თუ ბევრს იშრომებდა, მთავარი მინუსი, რის გამოც მწვრთნელები მის აყვანას ვერ ბედავდნენ, შესაძლოა, მთავარი პლუსი გამხდარიყო. ასეც მოხდა. დღეს "ჯოკერის" ერთ-ერთი მთავარი ღირსება, გამორჩეულ ინტელექტთან და უნარებთან ერთად, მისი გაბარიტებიცაა. მას შემდეგ, რაც ადრიატიკის ლიგაში გამორჩეული სეზონები ჩაატარა და რაც ყველაზე გამოსარჩევია, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სასროლო სელექცია, უკვე მზად იყო, უმაღლესი მწვერვალისაკენ აეღო გეზი.

უკანასკნელ სეზონში მისი სტატისტიკა არც ისე გამორჩეული იყო, 11.4 ქულა, 6.4 მოხსნა, 2.5 ასისტი. დღესდღეობით და წარსულშიც არაერთხელ გვინახავს, როგორ დაენგრათ კარიერა ევროლიგის ვარსკვლავებს, რადგან საუკეთესოთა ლიგაში თამაში გარისკეს, იქ, სადაც ევროპელ მოთამაშეებს დასცინიან და მენტალურ ტრავმას აყენებენ, თუმცა მისი ურყევი ხასიათი სწორედ ის იყო, რაც NBA-ს სჭირდებოდა.

ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ღამე

მოვიდა ლატარიის საღამო... 2014 წელს ნიკოლას მომავლის გადაწყვეტას უამრავი სერბი ელოდა. NBA-ს სკაუტების მიერ ახალგაზრდა კალათბურთელის მონაცემების შეფასების შემდგომ რთულად დასაჯერებლად მოჩანდა, რომ რომელიმე გუნდი მის აყვანას გარისკავდა.

"იგი წარმოუდგენლად არაათლეტურია, ამ ბიჭს კუნთის მასა საერთოდ არ გააჩნია, უბრალოდ ნახტომის გაკეთებაც კი არ შეუძლია."

ალბათ, ეს ადამიანი ვერ წარმოიდგენდა, თუ რაოდენ მიზანდასახულ ადამიანთან ჰქონდა საქმე. თავად იმ მომენტში ნაკლებად დარდობდა, რადგან არ ელოდა, რომ ოდესმე ევროპას დატოვებდა, თუმცა მაინც გასაოცარია, როგორ შეიძლება დრაფტის ღამეს არც კი დაინტერესდე, რომელი ორგანიზაცია გააკეთებს გათვლას შენს ნიჭზე. საბოლოო ჯამში, 41-ე ნომრად "დენვერ ნაგეტსმა" ნიკოლა იოკიჩი აირჩია. საინტერესოა, როგორ გაიგო ეს ამბავი თავად და თუ შეძლეს მისი გამოფხიზლება. მის უფროს ძმას არ ეძინა და ხმაურიან ნიუ-იორკში მოუთმენლად ელოდა, თუ როგორ გაგრძელდებოდა მისი უმცროსი ძმის კარიერა. სიმბოლურია, ნიკოლას ტკბილად სძინავს, მისი უფროსი ძმა კი მის მომავალზე ზრუნავს, ისევე, როგორც ბავშვობაში და როგორც ახლა...

"სიმართლე რომ ვთქვა, მეძინა. ჩემმა ძმამ დამირეკა, წვეულებისა და გახსნილი შამპანურების ხმა მესმოდა. ვცდილობდი მეთქვა, რომ უბრალოდ ძილი მჭირდებოდა. იმ ღამით ვერ გავიაზრე, თუ რა მოხდა".

Sportall.Ge

დაუსრულებელი საქმე ადრიატიკის ლიგაში

"დენვერმა" გადაწყვიტა, რომ ნიკოლას გაუმჯობესება სჭირდებოდა. ამიტომ იგი სამშობლოში დაბრუნდა, "მეგა ბასკეტის" რიგებში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, გააუმჯობესა სტატისტიკაც, მისი სათამაშო კლასი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნიკოლა ადრიატიკის ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სწორედ ამ პერიოდში შეიგრძნო პირველად, თუ რას ნიშნავს ინდივიდუალური დაფასება. მნიშვნელოვანი სეზონის წინ საჭირო ხასიათი და თავდაჯერება გამოიმუშავა. მტკიცედ თქვა უარი კიდევ ერთი სეზონის სერბეთის ლიგაში გატარებაზე და "დენვერ ნაგეტსში" დაბრუნდა.

მას იქ არავინ ელოდებოდა

იოკიჩის პირველი 5 თამაში საზაფხულო ლიგაში არც ისე შთამბეჭდავი ყოფილა. საშუალოდ, 8 ქულისა და 6 მოხსნის დაგროვება შეძლო. შესაბამისად, ორგანიზაციისა და გულშემატკივრებისგან დიდი მოლოდინები მის მიმართ არ ყოფილა.

"ვიცი, რომ ძირითადის მოთამაშედ არ მომიაზრებენ, თუმცა მზად ვარ თავდაუზოგავად ვივარჯიშო".

ასეთი მენტალიტეტითა და მიდგომით ნიკოლამ საკალათბურთო საზოგადოებას აცნობა, რომ არსად არ აპირებდა წასვლას. პირველსავე სეზონში "სან ანტონიოს" წინააღმდეგ ორმაგი დუბლი, 23 ქულა და 12 მოხსნა დააფიქსირა. რამდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდეგ ცხადი გახდა, რომ NBA-ში სერბული მანქანა ამუშავებას იწყებდა. პირველ სეზონში ნიკოლას დებიუტი პლეი-ოფში არ შედგა, გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილი დაიკავა. იმ პერიოდში ორგანიზაციის მთავარი ვარსკვლავი კენეტ ფარიდი იყო, თუმცა მისი ტრავმები ეჭვქვეშ აყენებდა გუნდის მიზნებსა და ამბიციებს. უფროსობა ხვდებოდა, რომ საჭირო იყო რეორგანიზაცია. მათ სჭირდებოდათ ლიდერი, რომელიც პლეი-ოფისკენ მიმავალ გზაზე გუნდს გაუძღვებოდა.

Sportall.Ge

გაუმჯობესებული მოთამაშე

პირველი სეზონის შემდეგ იოკიჩმა არნახული პროგრესი განიცადა. ყველა გააოცა მისმა პასის კულტურამ. 2016-17 წლების სეზონში რამდენიმე სამმაგი დუბლი შეასრულა. გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ, რომ ამდენი იმედგაცრუებისა და წარუმატებლობის შემდეგ გუნდში მრავალმხრივი მოთამაშე გამოჩნდა, რომელსაც შეეძლო იმავე წარმატებით ყოფილიყო ცენტრი, როგორც გამთამაშებელი; აგროვებდა ქულებს, მოხსნებსა და ასისტებს. მისი შემტევი უნარები ამერიკული ელიტის გაოცებას იწვევდა. განსაკუთრებით კომიკური სანახავი იყო მისი სირბილის მანერა, თუმცა თვითონ კალათბურთელს ეს ნაკლებად ანაღვლებდა, რადგან მეტოქეებს პარკეტზე მოდუნებისა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. აღსანიშნავია მატჩი "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ, რომელშიც 40 ქულის დაგროვება მოახერხა. "დენვერმა" 1 საფეხურით წინ დაასრულა, ვიდრე შარშან. ნიკოლამ წლის გაუმჯობესებული მოთამაშის პრიზიორთა სიაში მე-2 ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი სი-ჯეი მაკალუმი გახდა. გუნდს შემდეგ სეზონში უკეთესის მოლოდინი ჰქონდა, რადგან ახალგაზრდა სერბი პარკეტზე ყველაფერს განაგებდა, თუმცა კითხვის ნიშნები მაინც ისმებოდა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მხოლოდ გამონათება ეს სეზონი და გააგრძელებდა თუ არა სერბი ცენტრი იმავე პერფორმანსების შემოთავაზებას.

გუნდის სახე

ნიკოლა აგრძელებდა წარმოუდგენელი მატჩების ჩატარებას, თითქოს მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო მისი მეტოქე. ასრულებდა სამმაგ დუბლებს, რომლებსაც გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოჰქონდა. იოკიჩი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ბრილიანტად იქცა, რადგან ევროპელი მოთამაშის აღიარება ამერიკელთა ლიგაში მხოლოდ შრომითა და კარგად ჩატარებული მატჩებით არ მოიპოვება. საჭიროა სწორი ხასიათი და ვარსკვლავის თვისებები, რომლებიც სერბს უხვი რაოდენობით ჰქონდა. თუმცა სეზონის მთავარ ინტრიგას "ნაგეტსის" პლეი-ოფში გასვლა-არგასვლის საკითხი წარმოადგენდა. 46 მოგება 36-ის წინააღმდეგ, თუმცა დადებითი ბალანსი დასავლეთ კონფერენციაში საკმარისი არ აღმოჩნდა. "დენვერი" კვლავ პლეი-ოფს მიღმა დარჩა. ნიკოლამ დიდი გამოცდილება და აღიარება მიიღო. იყო მოსაზრება, რომ იგი სტატისტიკის მოთამაშედ დარჩებოდა, თუ პლეი-ოფის გემოს არ შეიგრძნობდა.

Sportall.Ge

გარდამტეხი სეზონი

ჩატარებული ბრწყინვალე სეზონების შემდეგ სტენ კრონკეს მფლობელობაში მყოფმა "დენვერ ნაგეტსმა" გადაწყვიტა გუნდი მთლიანად იოკიჩზე აწყობილიყო. ბევრი არ უყოყმანია და ნიკოლას მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა. 148 მილიონი დოლარი 5 წლის მანძილზე. სერბმა ენერგიულად დაიწყო, წარმოუდგენელი სტატისტიკა დააფიქსირა "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ - სამმაგი დუბლი 30 ქულაზე მეტით შეასრულა, 35 ქულა, 12 მოხსნა, 11 ასისტი. ასეთი რამ იქამდე მხოლოდ უილტ ჩემბერლენს ჰქონდა შესრულებული. ექსპერტები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, იოკიჩის გაჩერებას ვერავინ ახერხებდა, თუმცა მას გუნდში გამორჩეული მოთამაშეები, რომლებიც მხარს აუბამდნენ, არ ჰყოლია. რეგულარულისა და პლეი-ოფის ერთ ტემპში თამაში კი რთულია. ამ სეზონში იოკიჩი "ყველა ვარსკვლავის" მატჩზეც მიიწვიეს. გუნდი პლეი-ოფის გზას ღირსეულად დაუბრუნდა და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაიკავა, ბუნებრივია, ამ წარმატებაში ლომის წილი სწორედ ნიკოლას მიუძღვოდა. პირველ რაუნდში "დენვერი" "სან ანტონიოს" დაუპირისპირდა. სერბმა პირველივე პლეი-ოფის მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა. იგი ლებრონის შემდეგ პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა. სერია 7-მატჩიანი გამოდგა. ახალგაზრდულმა, გამოუცდელმა გუნდმა ნიკოლას ლიდერობით მაინც მოახერხა გრეგ პოპოვიჩის "სპურსის" დამარცხება. გუნდისთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მათ ხომ ჰყავდათ თავიანთი გმირი, რომელიც ერთ დროს ასეთ გადამწყვეტ მატჩებს პირადად იგებდა, კარმელო ენტონის დრამების დადგმა მართლაც უყვარდა. 2009 წლის შემდეგ "დენვერ ნაგეტსმა" პირველად მოახერხა პირველი რაუნდის გავლა. სვლა გრძელდება. ფავორიტის სტატუსით ნიკოლა და კომპანია "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უპირისპირდება. დემიენ ლილარდი მარტივად არასოდეს არაფერს თმობს. არც ეს სერია გამოდგა გამონაკლისი. პირველ მატჩში ლილარდი 39-ს, ხოლო ნიკოლა 37 ქულას აგროვებს. ჯახი სერბის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა დემიენი მხოლოდ ხურდებოდა... შემდეგი 2 მატჩი უკვე "პორტლენდის" სასიკეთოდ მორჩა. დაპირისპირება ეპიკური გამოდგა, რადგან "ბლეიზერსის" უკანა ხაზი, ლილარდისა და მაკალუმის მეთაურობით, ქვას-ქვაზე არ ტოვებდა, მონაცვლეობით ატარებდნენ 40-ქულიან მატჩებს. უნდა ითქვას, რომ არც ნიკოლა იყო მარტო, მას მხარს ჯამალ მარი უბამდა. მესამე მატჩში კანადელმა კალათბურთელმა 33 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო იყო ენერგია, რომელიც "ნაგეტსს" მუხტს შემატებდა. იოკიჩისა და მარის ბრწყინვალე მატჩებით "ნაგეტსმა" სერია შემოატრიალა. ჯამალის 34 ქულა, ნიკოლას სამმაგი დუბლი და დენვერული პუბლიკა აღფრთოვანებაშია. სერიაში ანგარიში 3-2 "დენვერის" სასარგებლოდ. დარჩენილია მხოლოდ 1 გამარჯვება და გუნდი დასავლეთ კონფერენციის ფინალშია. თითო გუნდიდან მხოლოდ 2 მოთამაშე იყო გამორჩეული, თითქოს სხვები არც არსებობდნენ. შედგა სერიის მე-6 მატჩი, სადაც პორტლენდურმა დუეტმა 30-ქულიან ნიშნულს გადააჭარბა. ყველაფერი მე-7 მატჩში გაირკვევა, თუმცა ნიკოლა და მისი გუნდი ძალიან გამოფიტულნი იყვნენ, ზედიზედ მეორე სერიაში მე-7 თამაში სჭირდებოდათ, რათა შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ. დისაიდერში დემიენ ლილარდმა მხოლოდ 13 ქულის დაგროვება შეძლო, ნიკოლამ კი კვლავ გასაოცარი მაჩვენებელი, 29 ქულა და 13 მოხსნა დააფიქსირა. დაღლა დიდად არ ეტყობოდა, მაგრამ მის გარდა, გამორჩეული შეხვედრა არავის ჰქონია, მხოლოდ ჯამალ მარიმ შეძლო 17 ქულის დაფიქსირება. რაც შეეხება "პორტლენდს", სიჯეი მაკალუმმა ყველას აჩვენა, თუ რატომ არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მსროლელი ლიგაში. გადამწყვეტ მატჩში 39 ქულა და "ბლეიზერსი" შემდეგ ეტაპზეა. ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეული იყო გუნდისთვის, თუმცა მიიღეს უდიდესი გამოცდილება, რომელიც შედეგს ძალიან მალე მოიტანდა, ნიკოლას მეტი უნდა მიეღო...

Sportall.Ge

სტაბილური ფრენჩაიზი

უდავოა, რომ 2019-20 წლების სეზონიდან მოყოლებული, "დენვერი" სტაბილურ ფრენჩაიზად იქცა. მათი პლეი-ოფში გასვლის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. საჭირო იყო სისტემა, რომლის მეშვეობითაც გუნდი კიდევ უფრო შორს გასვლას შეძლებდა. ჯამალ მარის გამორჩეული სეზონის წყალობით ორგანიზაცია უფრო მრისხანე გახდა. ნიკოლას გვერდით ჰყავდა თანაგუნდელი, რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებდა. ეს წელი საკალათბურთო ასოციაციაში "ბაბლ სეზონის" სახელითაა ცნობილი. "დენვერმა" მე-3 პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფს კარგ ფორმაში შეხვდა. უფრო გამოცდილი და დასვენებული იოკიჩი მზად იყო ახალი გამოწვევისთვის.

სერია გუნდმა "იუტა ჯაზთან" გახსნა. დონოვან მიტჩელმა პირველივე მატჩში საოცარი მაჩვენებელი დააფიქსირა, 57 ქულა, თუმცა პერსონალური გაბრწყინების მიუხედავად, ეს შედეგი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და პირველი შეხვედრა "დენვერმა" მოიგო. სიტყვა პერსონალური შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ეს სერია ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გამოხატულებაა, თუ რას ნიშნავს პირადი დაპირისპირება. საუბარი მაქვს დონოვან მიტჩელისა და ჯამალ მარის განმაცვიფრებელ პაექრობაზე. ორლანდოში გამართული პლეი-ოფის მეორე და მესამე მატჩი "იუტას" სრული დომინირებით გაგრძელდა. ჯამალს სროლები ჯერ არ მისდიოდა, თუმცა ამ ლიგაში წინასწარ დასკვნების გაკეთება არასოდესაა სასარგებლო. მესამე მატჩში არარელევანტური ანგარიშიც დაფიქსირდა, 87:124. თითქოს "იუტას" გასვლას ხელს ვეღარავინ და ვეღარაფერი შეუშლიდა, მხოლოდ 1 მოგებაღა იყო დარჩენილი. იოკიჩის გვარი ამ სერიაში აღარც კი დომინირებდა. საჭირო იყო რაღაც ახალი, მოთამაშე, რომელიც არასტანდარტულად ითამაშებდა და უბრალოდ აფეთქდებოდა. მარი მარათონს იწყებს...

Sportall.Ge

მე-5 თამაშში 42 ქულა, მე-6 მატჩში 50 ქულა. არ გეგონოთ, რომ რაიმე არარეალურს ვწერ, ეს ნამდვილად ჯამალ მარის პირადი სტატისტიკაა. სერია გადარჩა და კვლავ მე-7 მატჩის მომსწრენი გავხდით. იოკიჩს ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვია და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ინტრიგა აღარ არსებობს, სუპერვარსკვლავმა გადამწყვეტ მომენტში მშვიდად ულიდერა გუნდს და სამმაგი დუბლი შეასრულა. "დენვერი" შემდეგ ეტაპზე "ლოს-ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა. კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის დუეტი მრისხანედ გამოიყურებოდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალში მათი და მეორე ლოსანჯელესური გუნდის, "ლეიკერსის" დაპირისპირებას ვიხილავდით. ყველაფერი ამ მიმართულებით წავიდა. კავაი ლეონარდის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, გუნდმა პირველი მატჩი დამაჯერებლად, 120:97 მოიგო, თუმცა "დენვერისთვის" ეს რიგითი წაგება არ ყოფილა, რადგან იოკიჩიც და მარიც მოედნიდან უბრალოდ გააქრეს. მეორე თამაშში ორივემ გამოიღვიძა. არც ჯორჯს და არც ლეონარდს სროლები არ წაუვიდათ, სერბის გუნდმა 110:101 მოიგო და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ზედიზედ ორ შეხვედრაში "კლიპერსმა" გაიმარჯვა, თუმცა ისინი, ფაქტობრივად, მინიმალური სხვაობით ახერხებდნენ სერიაში წინ გასვლას (ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგია, მაგრამ მაინც...). "დენვერს" რაღაც აკლდა, იქნებ გამოცდილება? თუმცა გამოცდილება ხომ მიიღეს, თან საკმაოდ დიდი, კლასი? მათ ხომ ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარი ჰყავთ, ახალგაზრდა და აწ უკვე შემდგარი მოთამაშეების სინთეზიც... იქვე ვახსენოთ მაიკლ პორტერ ჯუნიორიც... მოდი, გავიაროთ ეს სერია ბოლომდე და შემდეგ შევაჯამოთ. "დენვერი" 111:105-ს იგებს და სერიაში ანგარიში 3-2 ხდება. საჭიროა ნიკოლას კარგი თამაში, რათა გუნდმა შეძლოს და სერია შემოატრიალოს. სერბი იწყებს... 34 ქულა, 14 მოხსნასთან ერთად, კავაი უძლურია, 3:3. მე-7 მატჩი ყველაფერს გადაწყვეტს. "ნაგეტსისთვის" ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა აქამდე პლეი-ოფის ისტორიაში არცერთ გუნდს სერია 1:3-დან ზედიზედ ორი სერია არ ჰქონდა მოგებული. გვინახავს ბევრი კარგი ფრენჩაიზი, რომელიც თითქოს იდეალურადაა აწყობილი, თუმცა სტატისტიკებისა და მრისხანე მეტოქეების წინააღმდეგ ვერაფერს აწყობენ. მაგალითად, 2016 წლის "ატლანტა ჰოუქსი", რომელშიც ირიცხებოდნენ ჯეფ ტიგი, კაილ კორვერი, დემარ ქეროლი, პოლ მილსეპი და ალ ჰორფორდი... იოკიჩი მსუყე სტატისტიკის მოგროვებასთან ერთად გუნდის წარმატების მთავარი ფორმულაც იყო...

სერიის უკანასკნელი შეხვედრა შედგა. ასეთ დროს დიდებს გვერდით ყოველთვის ჰყავთ მოთამაშე, რომელიც ომში ბოლომდე მიდის და თავს წირავს. ჯამალ მარი ამ დაპირისპირების ნამდვილი მეომარი იყო. 40 ქულა და "კლიპერსი" სახლისკენ გაეშურა. "დენვერ ნაგეტსი" დასავლეთ კონფერენციის ნანატრ ფინალშია. დუეტს გამოცდილებასთან და კლასთან ერთად თავდაჯერებაც შეემატა.

Sportall.Ge

შერკინება ტიტანთან

დასავლეთის ფინალში მათი მეტოქე "ლოს-ანჯელეს ლეიკერსი" იყო. ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დეივისის გარშემო აწყობილი გუნდი საოცარ სეზონს ატარებდა. ფრენკ ვოგელის დაცვითი სისტემა, განსაკუთრებით, სამწამიანში, სადაც ენტონი დეივისი, ჯაველ მაკგი და დუაით ჰოვარდი დომინირებდნენ, ნიკოლასთვის რთული წინააღმდეგობა უნდა ყოფილიყო. დამატებული ლებრონ ჯეიმსის ფაქტორიც და თამამად უნდა ვთქვათ, "დენვერი" განწირულია.

კალიფორნიელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. მესამე შეხვედრა "ნაგეტსმა" მოიგო. აქ უნდა გადაწყვეტილიყო. თუ მეოთხე მატჩს "დენვერის" ბიჭები თავიანთ სასიკეთოდ დაასრულებდნენ, მაშინ დამატებით 2 შეხვედრას მიიღებდნენ და ყველაფერი მოსალოდნელი იყო, თუმცა "ლეიკერსის" კალათბურთელებმა მე-4 მატჩი თავიანთ სასიკეთოდ "წამოიღეს", ანგარიში 1:3 გახდა. ნუთუ ისევ იმავე სცენარით მიდიოდა საქმე, რომ ნიკოლასა და ჯამალის ლიდერობით, "ნაგეტსს" სერია კიდევ ერთხელ უნდა შემოეტრიალებინა?! თუმცა ლოსანჯელესელები ასე არ ფიქრობდნენ. "ყვითლებს" ტრაგიკულად გარდაცვლილი კობი ბრაიანტის პატივსაცემად "ბაბლში" ჩემპიონობა უნდა მოეპოვებინა. ასეც მოხდა. "დენვერი" მეხუთე შეხვედრას აგებს, "ლეიკერსი" სუპერფინალშია...

Sportall.Ge

დადგა შემდეგი სეზონის დროც. ამჯერად "ნაგეტსი" არათუ ჩემპიონობისთვის, არამედ პლეი-ოფისთვის ბრძოლაში მაქსიმალურად მაღალი ადგილის დასაკავებლად იბრძოდა. მიზეზი მარტივია, სერბ დიდოსტატს გუნდის მეორე და მესამე ოფცია, ჯამალ მარისა და მაიკლ პორტერ ჯუნიორის სახით არ ჰყავდა, ვარსკვლავებად მონათლული კალათბურთელები მოედნიდან ლაზარეთში გადავიდნენ, რის გამოც იოკიჩს გუნდის წარმატებისთვის პარკეტზე გულისა და სულის დადება უწევდა. ასეც ხდებოდა, მოქმედი საუკეთესო კალათბურთელი (სეზონის ბოლოს მეორედ გახდა MVP) თავს განმაცვიფრებელ სტატისტიკას უყრიდა. ერთ დროს პუტკუნა ცენტრი ვარჯიშისგან გახდა, მოედანზე კი ყველაფრის ბატონ-პატრონი იყო. მისმა "დენვერმა" რეგულარული სეზონი 48 მოგებითა და 34 მარცხით დაასრულა, მე-6 ადგილზე და პლეი-ოფში ჩემპიონობის მაძიებელ "გოლდენ სტეიტ უორიორსზე" გავიდა. რა თქმა უნდა, ნიკოლა და დენვერელი წარმომადგენლობა აქ განწირული იყო, თანაც "ოქროსშტატელების" ლიდერს, სტეფ კარის, თამაში მშვენივრად მისდიოდა, "ნაგეტსის" მხრიდან კი გუნდის მეორე ოფციად საშუალოდ 15-ქულიანი აარონ გორდონი მოგვევლინა, ისიც რეგულარულში...

Sportall.Ge

საბოლოოდ, სერია სანფრანცისკოელების გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. "დენვერი" სახლში წავიდა, "უორიორსი" კი გზას გაუყვა, მოიგო კონფერენცია და სუპერფინალში "ბოსტონს" 3:2-ს უგებს... არავინ იცის, რა მოხდება იქ, ორივე გუნდი ზღაპრულ ფორმაშია... ნუთუ იოკიჩს იმდენად არ გაუმართლა, რომ მომავალ ჩემპიონებთან მოუწია დაპირისპირება? თუმცა გამართლება მეორე მხრიდანაცაა, სერბმა დიდოსტატმა ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო კალათბურთელის წოდება დაიმსახურა, აჯობა ფილადელფიელ ჯოელ ემბიდს. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ რომელსაც უნდა მოეგო, დამსახურებული იქნებოდა...

საბოლოოდ? დასასრულისთვის გეტყვით იმას, რომ ნიკოლა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ არაერთ რეკორდსა და განმაცვიფრებელ სტატისტიკას შემოგვთავაზებს, კარიერის ბოლომდე და იმის იქით იქნება ბავშვების მოტივაციის მთავარი წყარო. პუტკუნა ბავშვი, დიდი ლოყებით, დღეს ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოთამაშეა. მოტივაცია? მთავარი შრომაა. ვარჯიში, როგორც წესი, ყოველთვის ფასდება, შანსის მიღებისთანავე კი შენ ვალდებული ხარ, რომ ჩაეჭიდო და ბოლომდე გამოიყენო, ზუსტად ისე, როგორც იოკიჩმა.

და დღეს, ნიკოლა და მისი "დენვერი" ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში არიან. "ნაგეთსი" "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება. იოკიჩს სანუკვარი მიზნის ასრულებამდე სულ ცოტა დარჩა, თუმცა მეორე მხარეს იმავეს გაკეთებას ჯიმი ბატლერი შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნოვიცკი სტაბილურად ძლიერი იყო,საბონისიც, მარა იოკიჩი ყველა დროის საუკეთესო ევროპელია
rable
13:18 01-06-2023
4
დღეში ერთხელ მსგავსი შინაარსის სტატია რო დადოთ არაფერი მოგივათ. ვანდა ნარას და სისულეებს რომ აქვეყნებთ. მადლობა რათქმაუნდა. უდიდესი სამოტივაციო ნაშრომია
ბათუმი
14:15 22-07-2022
1

სიახლეები პოპულარული