NBA: ფინალების წინ

AutoSharing Option
- "პორტლენდის" ლიდერმა ლამარკუს ოლდრიჯმა წარმატებით გადაიტანა ოპერაცია მარცხენა ხელის თითზე. როგორც ექიმები ვარაუდობენ, კალათბურთელი ვარჯიშს ორი თვის შემდეგ განაახლებს.

- "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა, რომელსაც პრობლემები აქვს მარცხენა მუხლთან და მარჯვენა ტერფთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს თავის გუნდს "ატლანტას" წინააღმდეგ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩში. "მზად ვარ სათამაშოდ", - განაცხადა პლეიმეიკერმა ამერიკულ პრესასთან კომენტარში.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ხელმძღვანელობა აპირებს, ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს ცენტრ დეანდრე ჯორდანს. კალათბურთელი ამ დროის განმავლობაში 108.7 მილიონ დოლარს გ
ამოიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის შემდეგ ჯორდანი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

კალიფორნიელთა ბიგმენს უფლება აქვს, უარყოს "კლიპერსის" წინადადება და ნებისმიერ სხვა კლუბთან გააფორმოს 80.7 მილიონ დოლარად ღირებული ოთხწლიანი კონტრაქტი. ასევე, განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ჯორდანი ერთწლიან კონტრაქტს (18.9 მილიონი) გააფორმებს, სეზონის დასრულების შემდეგ კი, როცა სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარი აიწევა, შეძლებს პრეტენზიის გამოცხადებას ხუთწლიან და 143-მილიონიან კონტრაქტზე.

- "დენვერის" ხელმძღვანელობა აგრძელებს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას. ამ მომენტისთვის კლუბი ორ კანდიდატს შორის ირჩევს: ელვინ ჯენტრი და მაიკ დ'ენტონი. შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს გუნდს თავკაცობდა მელვინ ჰანტი, რომელიც დროებით ცვლიდა გათავისუფლებულ ბრაიან შოუს.

- "მემფისის" ფორვარდი ჯეფ გრინი აპირებს მის კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენებას და მომავალი სეზონისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას. კალათბურთელის ხელფასი 9.2 მილიონი დოლარი იქნება. როგორც იცით, გრინი წლევანდელი სეზონის მსვლელობისას გადავიდა "მემფისში" "ბოსტონიდან".

- "კლიპერსის" ბოსები დაინტერესებულნი არიან "ლეიკერსის" 27 წლის ფორვარდის, უესლი ჯონსონის გაფორმებით. კალათბურთელი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი გაატარა "ლეიკერსის" რიგებში, ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული