NBA: მეორე კოშმარი კალიფორნიაში

AutoSharing Option
"ჰიუსტონი" ზედიზედ მეორედ განადგურდა კალიფორნიაში. მაკჰეილის გუნდს ვერ შველის შემადგენლობაში ჯანმრთელი ჰოვარდის ყოფნა და ვერც დეანდრე ჯორდანის წინააღმდეგ ჯარიმების ტაქტიკა.

გუშინ "კლიპერსის" ცენტრმა პლეი ოფის ახალი რეკორდი დაამყარა, როცა დიდ შესვენებამდე 28 (!) საჯარიმო შეასრულა. "ჰიუსტონის" დაცვამ, რომელიც შესანიშნავად მუშაობდა რეგულარულ ჩემპიონატში, მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გაუშვა 30 ქულაზე ნაკლები. პირველი ტაიმის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ გრიფინმა და პოლმა მეორე მეოთხედის ბოლოს 11:0 გაქცევა მოაწყვეს და მესამე 12-წუთეულის სტარტისთვის მეტ-ნაკლებად კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

მესამე მეოთხედში კი "კლიპერსი"
სასტიკად გაუსწორდა "რაკეტებს". მასპინძლებმა ექვსქულიანი უპირატესობა 28 ქულამდე აიყვანეს, როცა მეოთხედში 43 ქულა დააგროვეს. ყველაზე შედეგიანები დროის ამ მონაკვეთში რედიკი (ოთხიდან ოთხი სამქულიანი) და ჯორდანი (ხუთიდან ხუთი თამაშიდან და 8 მოხსნა) იყვნენ.

"ჰიუსტონის" რიგებში ჰარდენმა 11 ქულა დააგროვა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში კი ჰოვარდმა მეორე ტექნიკური ჯარიმა მიიღო და გასახდელში წავიდა, რათა თავისიანების წვალებისთვის არ ეყურებინა.

მასპინძლების უპირატესობა 37 ქულამდე გაიზარდა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მეორე ტაიმში "როკეტსმა" მხოლოდ 12 ტყორცნა ჩააგდო თამაშიდან. პოლმა და გრიფინმა მოედანი რვაწუთნახევრით ადრე დატოვეს, სასტარტოს წევრებს კი სირენამდე 5.21 წუთით ადრე მიეცათ დასვენების საშუალება. სერია ჰიუსტონში ბრუნდება, სადაც "რაკეტებს" რეაბილიტაცია მართებთ კალიფორნიაში ორი საშინელი მატჩის გამო.

კლიპერსი-ჰიუსტონი 128:95
30:33, 30:21, 43:25, 25:16
კ: ჯორდანი (26+17 მოხსნა), გრიფინი (21+8 მოხსნა), რედიკი (18), პოლი (15+12 პასი), კროუფორდი (13), რივერსი (12+5 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (21+8 მოხსნა+6 პასი), არიზა (18+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტერი (16), ჯონსი (10+6 მოხსნა), ჯონსონი (10).
სერია: 3-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული