NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ეს უკვე ნამდვილ კობის ჰგავს

AutoSharing Option
როგორც წინა დღის მიმოხილვაში გითხარით, "ლეიკერსი" "შარლოტთან" შეხვედრას სამმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა, რომელიც კობი ბრაიანტის მოედანზე დაბრუნების შემდეგ დაიწყო.

ამჯერად, კალიფორნიელთა ლიდერმა, როგორც იქნა, ჩვეული კლასი გვიჩვენა. სირენამდე წუთნახევრით ადრე, "ლეიკერსი" 82:85-ს აგებდა და ამ მომენტში, თამაში საკუთარ თავზე სწორედ კობიმ აიღო. მან ჯერ ფარქვეშ შესვლით მოიპოვა ორი ქულა, შემდეგ შეტევაში კი მეტოქეს თამაშის წესის დარღვევა აიძულა და ორი ზუსტი საჯაროთი სტუმრები წინ გაიყვანა.

"შარლოტმა" შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლო, რადგან ფარქვეშ შესანიშნავად თამაშობდა პაუ გასოლი, რომელმაც ბოლო 60 წამში ორი
დაფარება მიითვალა. ბრაიანტმა კი შეხვედრა 21 ქულით (მანამდე მისი საშუალო შედეგიანობა 11 ქულას შეადგენდა) და 8 შედეგიანი პასით დაასრულა.

* * *
"ფილადელფიასა" და "პორტლენდის" შეხვედრაში კინაღამ NBA-ის ახალი რეკორდი დამყარდა. ბრწყინვალედ მოთამაშე "ბლეიზერსი" კარგა ხანი ვერ ახერხებდა სოლიდური ანგარიშით დაწინაურებას, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ, მაინც გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა. სამქულიანების წვიმას, რომელიც "პორტლენდმა" მეტოქეს დაატეხა თავს, ვერც ერთი მეტოქე ვერ გაუმკლავდებოდა.

მესამე მეოთხედის ბოლოსთვის, სტუმრების ანგარიშზე 18 ზუსტი სამქულიანი იყო (ახალი საკლუბო რეკორდი), ბოლო მეოთხედში ამას კიდევ სამი დაემატა და "პორტლენდს" ორი ზუსტი შორეული ტყორცნა დააკლდა NBA-ის რეკორდამდე, რომელსაც "ჰიუსტონი" და "ორლანდო" იყოფენ.

* * *
"მაიამიმ" სტუმრად დაამარცხა "კლივლენდი" და როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი წვლილი ამაში ლებრონ ჯეიმსმა შეიტანა, რომელსაც თითო მოხსნა და შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. კარგად გამოიყურებოდნენ "დიდი ტრიოს" სხვა წევრებიც - დუეინ უეიდმა და კრის ბოშმა, შესაბამისად, 24 და 22 ქულით გამოიჩინეს თავი. მაგრამ, მატჩში ყველაზე ღირსშესანიშნავ მომენტს მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2.55 წუთით ადრე ჰქონდა ადგილი, როცა "ჰიტის" მცველმა რეი ალენმა სამქულიანი ჩააგდო. ამ შორეული ტყორცნით მან კარიერაში 24000-ქულიანი ზღვარი გადალახა, რაც აქამდე მხოლოდ 22 მოთამაშეს გაუკეთებია.

მოქმედ კალათბურთელებს შორის კი ასეთი მაჩვენებლით მხოლოდ ხუთი მოთამაშე დაიკვეხნის: კობი ბრაიანტი, დირკ ნოვიცკი, კევინ გარნეტი, პოლ პირსი და ტიმ დანკანი.

14 დეკემბერი
შარლოტი-ლეიკერსი 85:88
23:22, 20:22, 25:20, 17:24
შ: უოკერი (24+8 პასი), ჯეფერსონი (14+9 მოხსნა), ჰენდერსონი (13), გორდონი (10).
ლ: ბრაიანტი (21+8 პასი), გასოლი (15+4 დაფარება), ჰილი (15+9 მოხსნა), იანგი (13).

ვაშინგტონი-კლიპერსი 97:113
28:34, 18:25, 31:30, 20:24
ვ: უოლი (24+12 პასი), სერაფინი (16), ბუკერი (12), უებსტერი (12), არიზა (11).
კ: პოლი (38+12 პასი), კროუფორდი (17), გრიფინი (16+9 მოხსნა), დადლი (16), ჯორდანი (15+10 მოხსნა).

მაიამი-კლივლენდი 114:107
35:29, 33:23, 16:28, 30:27
მ: ჯეიმსი (25+9 მოხსნა+9 პასი+4 ჩაჭრა), უეიდი (24), ბოში (22+12 მოხსნა), ალენი (12), ჩელმერსი (11).
კ: ირვინგი (19+4 ჩაჭრა), ტომპსონი (16), უეიტერსი (16), ჯეკი (14), კლარკი (12), გი (10).

ნიუ იორკი-ატლანტა 111:106
26:22, 31:26, 24:29, 30:29
ნ-ი: ენტონი (35), ბარნიანი (23), ჰარდუეი (13), პრიჯიონი (11+4 ჩაჭრა), უდრიხი (10).
ა: უილიამსი (27), მილსეპი (18+4 ჩაჭრა), ჰორფორდი (17), კორვერი (13), მაკი (10).

ჩიკაგო-ტორონტო 77:99
21:24, 20:27, 25:22, 11:26
ჩ: დენგი (17), დანლივი (14), ბატლერი (11), ნოა (10+12 მოხსნა).
ტ: ლოური (16), ვალანჩუნასი (15+11 მოხსნა+4 დაფარება), დეროზანი (15), ჯონსონი (14), პატერსონი (12).

ფილადელფია-პორტლენდი 105:139
34:32, 30:39, 15:40, 26:28
ფ: როტენი (18+7 პასი), ტომპსონი (17), ჰოიესი (16), იანგი (15), ანდერსონი (14).
პ: ოლდრიჯი (20+16 მოხსნა), ბატუმი (17+9 პასი), ლილარდი (16), რაიტი (15), მეტიუზი (14), უილიამსი (14+7 პასი), ლოპესი (12+4 დაფარება), რობინსონი (10).

დალასი-მილუოკი 106:93
38:26, 21:15, 34:20, 13:32
დ: რაიტი (19), კალდერონი (18), კარტერი (15+9 პასი), მერიონი (13+12 მოხსნა), ბლეირი (11+9 მოხსნა).
მ: ჰენსონი (18+13 მოხსნა), ნაითი (16), ადეტოკუნბო (13+9 მოხსნა), რადულიცა (12), მიდლტონი (10).

იუტა-სან ანტონიო 84:100
17:23, 23:32, 26:25, 18:20
ი: ბერკი (20), ჰეივორდი (18), უილიამსი (10), ევანსი (4+11 მოხსნა).
ს-ა: დანკანი (22+12 მოხსნა), პარკერი (15+7 პასი), ლეონარდი (13), მილზი (11), ბელინელი (11).

ფიშერი წერტილს დასვამს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონი უკანასკნელი იქნება ვეტერანი მცველისთვის დერეკ ფიშერისთვის. ამის შესახებ გაზეთ Los Angeles Daily News-თან ინტერვიუში თავად "ოკლაჰომა-სიტის" კალათბურთელმა განაცხადა.

"არ მიყვარს მომავლის შესახებ წინასწარ ლაპარაკი, მაგრამ მიმაჩნია, რომ წერტილის დასმის დრო მოვიდა, - ამბობს ფიშერი. - რა თქმა უნდა, ძალიან მინდა კარიერის ბოლოს ჩემპიონის ტიტულის კიდევ ერთხელ მოგება და "ოკლაჰომას" ამის ყველანაირი შანსი გააჩნია.

39 წლის მცველისთვის ეს სეზონი მეთვრამეტეა პროფესიულ კარიერაში. ფიშერი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გამთამაშებელ სტივ ნეშთან ერთად, ყველაზე ასაკოვანი მოქმედი კალათბურთელია ასოციაციაში.

კარიერის განმავლობაში ფიშერს უთამაშია "ლეიკერსის", "გოლდენ სტეიტის", "იუტას", "დალასისა" და "ოკლაჰომას" შემადგენლობაში. "ლეიკერსთან" ერთად მას ხუთი საჩემპიონო ტიტული აქვს მოგებული.

რონდო უკვე სრულფასოვანია
გუშინ, "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ მორიგი სამედიცინო შემოწმება გაიარა. ექიმებმა შეისწავლეს ნაოპერაციები მუხლის მდგომარეობა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რონდოს შეუძლია სრულფასოვანი ვარჯიშების დაწყება.

ასე რომ, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი, 11-თვიანი პაუზის შემდეგ, კონტაქტკურ ვარჯიშებს იწყებს. თუ პროგნოზებს დავუჯერებთ, ის მოედანზე იანვარში დაბრუნდება, რაც სავსებით რეალურს ხდის "ბოსტონის" შანსებს პლეი ოფში მოხვედრაზე. მიუხედავად უარყოფილი ბალანსისა (23 მატჩში 10 მოგება), ეს გუნდი პირველ ადგილზეა ატლანტიკის დივიზიონში.

"ბულზმა" ტორონტოს დაწუნებული გაიფორმა
როგორც ამერიკული პრესა ვარაუდობდა, "ჩიკაგო ბულზმა" კონტრაქტი გააფორმა მცველ დი ჯეი ოგასტინთან.

ამ კალათბურთელთან რამდენიმე დღის წინ, ხელშეკრულება გააუქმა "ტორონტო რეპტორზმა", რათა ადგილი გაენთავისუფლებინა ადგილი იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც რუდი გეის "საკრამენტოში" გაშვების სანაცვლოდ მიიღო.
მიმდინარე რეგულარულში ოგასტინმა 10 მატჩი ჩაატარა კანადური კლუბის შემადგენლობაში და საშუალოდ 2.1 ქულა და 1.0 შედეგიანი გადაცემა დააგროვა 8.2 წუთ სათამაშო დროში.

შეგახსენებთ, რომ დერიკ როუზის სერიოზული ტრავმის გამო. "ბულზს" გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს გამთამაშებლის პოზიციაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სინქრონული მასპინძლები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული