სტარტი დერონ უილიამსის გარეშე

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ბრუკლინ ნეტსს" რეგულარული ჩემპიონატის დაწყება თავისი ერთ-ერთი ლიდერის, დერონ უილიამსის გარეშე მოუწევს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვარსკვლავი გამთამაშებელი ვერ მოასწრებს სეზონის ოფიციალური სტარტისთვის მწყობრში ჩადგომას, რადგან დერონის გამოჯანმრთელების პროცესი ისე არ მიდის, როგორც ამას "ბრუკლინის" ექიმები ისურვებდნენ.

შეგახსენებთ, რომ უილიამსმა სექტემბერში მიიღო კოჭის ტრავმა, რომელიც თითქოს უმნიშვნელო იყო, მაგრამ კალათბურთელი ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა.

გასულ სეზონში დერონმა რეგულარულ ჩემპიონატში 78 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 18.9 ქულა, 7.7 პასი და 3.0 მოხსნა დააგროვა.

ოდენის ჟამი დგება
"მაიამი ჰიტის" ახალწვეულმა ცენტრმა გრეგ ოდენმა ამ კვირას უნდა მიიღოს ექიმებისგან სრულფასოვანი ვარჯიშების დაწყების ნებართვა და არ არის გამორიცხული, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო კალათბურთელი რომელიმე საკონტროლო მატჩშიც ვიხილოთ მოედანზე. ეს კი დიდი მოვლენა იქნება წინასასეზონო პერიოდში, რადგან ბოლოს ოდენი საკალათბურთო მოედანზე 2009 წელს ვნახეთ, როცა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ რამდენიმე რთული ოპერაცია გადაიტანა.

ოდენი 2007 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია "პორტლენდმა", თუმცა იქიდან მოყოლებული, ცენტრმა NBA-ში მხოლოდ ერთი სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა, ხოლო მისი კარიერული მონაგარი 9.4 ქულას, 7.3 მოხსნასა და 1.4 დაფარებას შეადგენს. "მაიამიმ" ამ ზაფხულს გააფორმა ოდენთან ერთწლიანი კონტრაქტი.

ბრაიანტი: დღეს თამაშს შევძლებდი
ახალი ინფორმაცია გავრცელდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის, კობი ბრაიანტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ექიმები კვლავაც იტყობინებიან, რომ აქილევსის მყესზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ კობის აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამას თავად კალათბურთელიც ადასტურებს.

"დღეს რომ იწყებოდეს პლეი ოფი ან ფინალური სერია? სავარაუდოდ, შევძლებდი მოედანზე გასვლას, - ამბობს ბრაიანტი. - ბოლო დღეებში აქტიურად ვიმუშავე ანტიგრავიტაციულ სარბენ ბილიკზე, დღეიდან კი საკალათბურთო მოედანზე ვაპირებ სირბილს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის შევძლებ პარტნიორებთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს".

გაზეთ "ლოს ანჯელეს თაიმსთან" ინტერვიუში კობიმ კარიერის საბოლოო მიზანზეც ილაპარაკა.

"როცა კალათბურთის თამაშს ვიწყებდი, ჩემი მიზანი იყო შვიდი საჩემპიონო ბეჭდის მოგება. მეჩვენებოდა, რომ აუცილებლად უნდა მიმეღწია ამ მიზნისთვის და დღეს ამ საკითხს აქტუალობა არ დაუკარგავს", - განაცხადა NBA-ს ხუთგზის ჩემპიონმა.

როუზმა ფანები შეაშფოთა

გასულ უქმეებზე "ჩიკაგო ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა ისევ მისცა კლუბის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი. ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამთამაშებელი მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და ორ საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ კვირას, "ვაშინგტონთან" საგამოფენო მატჩში როუზი მოედანზე ვერ ვიხილეთ.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დერიკი კვლავაც გრძნობს ტკივილს მარცხენა მუხლში და უთამაშებლობის მიზეზიც ეს იყო.

"გვინდოდა გვენახა, რა ფორმაში იქნებოდა ის ამ შეხვედრაში, მაგრამ როუზი ბოლომდე თავს კარგად არ გრძნობდა. ის ჯერ ისევ განიცდის ტკივილს. ამიტომაც დასვენების საშუალება მივეცით. საწვრთნელი ბანაკი დიდი ხანი გრძელდება, ასე რომ, თუ როუზს ორი-სამი დღე დასვენება დასჭირდება, ეს პრობლემა არ უნდა იყოს", - განაცხადა "ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ.

თავად კალათბურთელის კომენტარი კი დამაიმედებელი იყო გულშემატკივრებისთვის: "მუხლს სერიოზული არაფერი სჭირს. დაზიანება სერიოზული არ არის და ვფიქრობ, უახლოეს მატჩში ისევ მიხილავთ მოედანზე".

ქალზე მოძალადე
ამასობაში "ოკლაჰომა-სიტის" ცენტრმა კენდრიკ პერკინსმა ასევე გაუჩინა თავის ტკივილი კლუბის ხელმძღვანელობას, ოღონდ ამ შემთხვევაში მიზეზი ტრავმა არ არის. პერკინსს ადანაშაულებენ სუსტი სქესის მიმართ ძალადობასა და ხულიგნურ მოქმედებებში.

საქმე ისაა, რომ პოლიციაში შევიდა საჩივარი: ერთ-ერთ ღამის კლუბში ორგანიზებული საღამოს შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც "ოკლაჰომას" ცენტრმა ქალს სახეში მუშტი უთავაზა. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა სემ პრესტიმ განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ აღადგინონ მომხდარის სურათი თვითმხილველთა დახმარებით.

ბოლო დროს პერკინსს მინიმალური სარგებლობა მოაქვს მოედანზე, ახლა კი კლუბის იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს, რაც, შესაძლოა, მისი "ოკლაჰომადან" დათხოვნის საბაბი გახდეს.

NBA. საკონტროლო მატჩები

ჰიუსტონი-ინდიანა 107:98
29:21, 26:19, 26:34, 26:24
ჰ: ჰარდენი (21), ლინი (17+3 ჩაჭრა), გარსია (15), კასპი (13+9 მოხსნა), პარსონსი (11+6 მოხსნა), ჰოვარდი (10+6 მოხსნა), მოტეიუნასი (10).
ი: ჯორჯი (19), ჰილი (17), გრეინჯერი (15+9 მოხსნა), უოტსონი (14), ჰიბერტი (11+4 დაფარება).

ნ. ორლეანი-ატლანტა 105:73
34:18, 23:27, 26:16, 22:12
ნ-ო: დევისი (23+9 მოხსნა), ანდერსონი (20), ამინუ (14), ჰოლიდეი (13+6 პასი), მოროუ (11), რივერსი (10+5 პასი+4 ჩაჭრა).
ა: ჰორფორდი (21+6 მოხსნა), მილსეპი (13).

სან ანტონიო-ფინიქსი 99:106
23:23, 34:35, 17:18, 25:30
ს-ა: დანკანი (12), პარკერი (11), მილსი (11), ჯინობილი (11+5 პასი), აირესი (10+5 პასი), მაგეტი (10).
ფ: გრინი (19), ტაკერი (14).

მემფისი-მაკაბი (ჰ) 116:70
28:14, 28:23, 31:22, 29:11
მემ: ალენი (19+6 მოხსნა), გასოლი (17+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბეილესი (12), რენდოლფი (11+7 მოხსნა+5 პასი), მილერი (10), კონლი (10), კუფოსი (10+12 მოხსნა).
მაკ: კუბილანი (17), რენდლი (14+5 მოხსნა), სმიტი (11+5 მოხსნა), ოფოეგბუ (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. საკონტროლო მატჩები: ფავორიტი "მაიამია", შემდეგ "ჩიკაგო" და "ოკლაჰომა"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული