NBA. პლეი ოფი: ლებრონის მრისხანება

AutoSharing Option
წარმატებული მესამე მეოთხედის წყალობით, "მაიამიმ" მეხუთე მატჩში დაამარცხა "ინდიანა" და ერთი ნაბიჯი აკლია NBA-ის ფინალამდე.

"ინდიანას" შეეძლო ამ მატჩი მოგება, მეორე ტაიმში დაცვასა და შეტევაში ისე რომ ეთამაშა, როგორც ეს პირველ ნახევარში გააკეთა. პირველი ტაიმი ფრენკ ფოგელის შეგირდებმა 4 ქულის სხვაობით მოიგეს, არადა, უფრო დიდი სხვაობის დაფიქსირება შეეძლოთ. ჩემპიონებმა კვლავ ვერაფერი მოუხერხეს მეტოქეს წინა ხაზს. მარტო როი ჰიბერტმა პირველ ორ მეოთხედში ცხრიდან ექვსი ტყორცნა გამოიყენა და 14 ქულა დააგროვა. ამას დაემატა დევიდ უესტის 10 ქულა მესამე 12-წუთეულში. დამაჯერებლად გამოიყურებოდა პოლ
ჯორჯი...

"მაიამის" შეტევაში თამაშიც არ მისდიოდა. მასპინძლები ტემპის გარეშე უტევდნენ და დიდწილად, ლებრონ ჯეიმსის ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყვნენ დამოკიდებულნი. პერიმეტრზე განლაგებული მცველები იშვიათად იღებდნენ ბურთს და თუ მათ მაინც ეძლეოდათ ტყორცნის საშუალება, დიდი სიზუსტით არ გამოირჩეოდნენ (პირველ ტაიმში "მაიამიმ" 9-დან 3 სამქულიანი გამოიყენა).

შესვენების შემდეგ, "ჰიტი" დიდი ხანი არ ყოფილა მდევრის როლში. დაახლოებით სამ წუთში ჯორჯ ჰილმა სამი პერსონალური მიიღო და მეოთხედის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე, გამთამაშებელი სათადარიგოთა სკამისკენ გაეშურა. საბოლოო ჯამში, პირველი ნომრის არყოფნამ "ინდიანაზე" ცუდად იმოქმედა.

ჰილის შეცვლის შემდეგ, სტუმრების შეტევა სერიოზულად მოიკოჭლებდა. "მაიამიმ", როგორც იქნა, მოწყვიტა მეტოქის წინა ხაზი უკანას. ჰიბერტი ორმაგი მეურვეობის გამო ვეღარ ყოჩაღობდა, უესტამდე ბურთი იშვიათად მიდიოდა, ჯორჯს ფარქვეშ არ უშვებდნენ და მას 4-5 მეტრიდან უწევდა სროლა, თან დიდი წინააღმდეგობით. სტივენსონმა და ოგასტინმა ჯამში 4 ქულა დააგროვეს და პარტნიორებს ვერ დაეხმარნენ. შედეგად, მესამე მეოთხედში სტუმრებმა 14-დან მხოლოდ 3 ზუსტი ტყორცნა შეასრულეს, ხუთჯერ დაკარგეს ბურთი და 13 ქულა დააგროვეს. აქამდე, "პეისერსს" თითო მეოთხედში 20 ქულაზე ნაკლები არ დაუგროვებია.

ეს იყო პრობლემები მეტოქის ნახევარზე, საკუთარზე კი "ინდიანას" დიდი სირთულეები შეუქმნა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც მთელი ძალით ათამაშდა. მესამე მეოთხედში, მისი ქულებითა და პასებით "ჰიტმა" გუნდური 30-ქულიდან 25 დააგროვა. ლებრონს ძალიან დაეხმარა უდონის ჰასლემი - ის კუთხეში ერთ ადგილას იდგა და MVP-სგან პასებს ელოდა. საბოლოოდ, ვეტერანმა ცხრიდან რვა ტყორცნა მოათავსა კალათში. სწორედ ამ დუეტის მონდომებით, "მაიამი" 19:3 გაიქცა და მეოთხე მეოთხედი 13-ქულიანი უპირატესობით დაიწყო.

სწორედ ამ დროს, ერიკ სპოელსტრამ დასვენების საშუალება მისცა ჯეიმსს. ფორვარდმა სათადარიგოთა სკამზე წუთნახევარზე ნაკლები გაატარა და ეს მონაკვეთი "ინდიანამ" მინი-სპურტით დაასრულა - 5:0. მაგრამ "ქამბექი" არ შედგა - რამდენიმე უხეშმა შეცდომამ "პეისერსს" წარმატების ბოლო შანსი მოუსპო.

მაიამი-ინდიანა 90:79
19:23, 21:21, 30:13, 20:22
მ: ჯეიმსი (30+8 მოხსნა+6 პასი), ჰასლემი (16), ჩელმერსი (12+6 პასი), უეიდი (10+6 მოხსნა+4 პასი).
ი: ჯორჯი (27+11 მოხსნა+5 პასი), ჰიბერტი (22+6 მოხსნა), უესტი (17+8 მოხსნა).
სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: "ინდიანამ" ინტრიგა აღადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული